„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/10/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017 წლის 1 ივლისამდე.“. 2. 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“. 3. 50-ე მუხლის: ა) მე-3- მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. 5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. 6. მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.“. ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.“. მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების ამოქმედების გადავადების აუცილებლობით. გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსით გათვალისწინებულია გარკვეული ნორმების ამოქმედება, რომელთა აღსრულებისთვის, ამ ეტაპზე, არ არის შექმნილი შესაბამისი ელექტრონული სისტემა და მის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული წინაპირობები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების ამოქმედების გონივრული ვადებით გადავადება. ზოგიერთი ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კოდექსის 48-ე მუხლის (ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები) მე-4 ნაწილში შედის ცვლილება. აღნიშნული ნაწილის მოქმედი რედაქციით, ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს 2016 წლის 31 დეკემბრამდე. ვინაიდან ამ ეტაპზე კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ზემოაღნიშნული გეგმები წარმოდგენილი, ხოლო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად კი, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს კომპანიების დაჯარიმებას 500 ლარით, მიზანშეწონილია, კომპანიებს მიეცეთ დამატებითი ვადა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმების წარმოსადგენად და გაგრძელდეს მათი ინფორმირება და კონსულტირება გეგმების შემუშავება/წარმოდგენის მიზნით. შესაბამისად, ცვლილებით, აღნიშნული გეგმების სამინისტროში წარმოდგენის ვადად, ნაცვლად 2016 წლის 31 დეკემბრისა, განისაზღვრება 2017 წლის 1 ივლისი. კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილში. ცვლილების მიხედვით გადავადდება კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედების ვადა და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მთავრობაში წარდგენის ვადა, ვინაიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით და ძალაში შესვლამდე საჭიროა მთელი რიგი მასშტაბური წინასწარი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: წინასწარი შეფასებების ჩატარება და ანალიზი ნარჩენების თითოეული ნაკადისთვის, ინდივიდუალური და კოლექტიური შეგროვების სისტემების ნებაყოფლობითი პილოტირება, მსხვილი მწარმოებლების მიერ შეთანხმებების დადება და გაერთიანებების ჩამოყალიბება, სპეციფიკური ნარჩენების შესახებ კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მთავრობის დადგენილებების პროექტების შემუშავება და მიღება, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირება და სხვ. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ხანგრძლივი ვადისა, ასევე მოითხოვს ფინანსურ, ტექნიკურ და ექსპერტულ მხარდაჭერას დონორების მხრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ღონიძიებების სრულყოფილად განსახორციელებლად, მიზანშეწონილია, გადავადდეს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მთავრობაში წარდგენის ვადა და აქედან გამომდინარე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედების ვადაც. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი დადგენილებების წარდგენის ვადის გადაწევას 2018 წლის 31 დეკემბრამდე (ნაცვლად 2018 წლის პირველი ივლისისა), ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებას - 2019 წლის პირველი დეკემბრიდან (ნაცვლად 2019 წლის პირველი თებერვლისა). კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე კოდექსის 50-ე მუხლშიც (კოდექსის ამოქმედება). აღნიშნული მუხლი ადგენს კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედების ვადებს. კერძოდ: - 50-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კოდექსის 26-ე (ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია) 29-ე (ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება) და 30-ე (ნარჩენების მონაცემთა ბაზა) მუხლების ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, კანონმდებლობით, ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგება და საქმიანობების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ვინაიდან მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამის შემუშავების პროცესი (მათ შორის თანხების მოძიება) და შესაბამისად, ელექტრონული სისტემის 2017 წლის პირველ იანვარს ამოქმედება ვერ ესწრება, საჭიროა კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების ვადის გადაწევა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ელექტრონული პროგრამის საბოლოოდ მომზადება და ამოქმედება. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლების ამოქმედების გადავადებას ერთი წლით. აღნიშნული მუხლები ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან. კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის (სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის ქონის ვალდებულება), მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის შექმნის ვალდებულება), 38-ე (ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დაღვევა) და 45-ე (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები) მუხლების ამოქმედება 2017 წლის პირველი თებერვლიდან. ამასთან, ,,სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილების მიხედვით, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე აუცილებელია სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის ელექტრონულ სისტემაში შევსება და სამინისტროში გაგზავნა. ვინაიდან აღნიშნული ვადის დადგომამდე საჭიროა დამატებითი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად და შესაბამისად, საჭიროა მათთვის დამატებითი ვადის მიცემა, მიზანშეწონილია მითითებული ნორმების ამოქმედების ვადის გადაწევა. აქედან გამომდინარე, ცვლილებით ზემოაღნიშნული ნორმების ამოქმედების ვადა ასევე გადაიწევს 1 წლით და ამოქმედდება 2018 წლის პირველ თებერვალს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისად გათვალისწინებულია კოდექსის იმ მუხლების (მე-40 მუხლის პირველი-მე-5 ნაწილები, 44-ე მუხლი) ამოქმედების ვადის გადაწევაც (ამოქმედდება 2018 წლის 1 აპრილიდან), რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას ზემოთმითითებული, „გადავადებული“ ვალდებულებების დარღვევისთვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით ხდება გარკვეული ვალდებულებების და შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამოქმედების გადავადება (რისთვისაც პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია ჯარიმები), შესაბამისად, ბიუჯეტში არ მოხდება ზემოაღნიშნული ვალდებულებების სავარაუდო დარღვევებისთვის დაკისრებული თანხების (ჯარიმები) ასახვა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, ვისზედაც გავრცელდება ეს კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ნარჩენების მართვის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე. 2. სამინისტრომ ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია შეიმუშაოს 2019 წლის 31 დეკემბრამდე. 3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2016 წლის 31 დეკემბრამდე. 5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. 6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე. მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს: ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად. 21. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად. 4. 2018 წლის 1 ივლისამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. 6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. 7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. 9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. მუხლი 50. კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40 მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან. 2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან. 3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. 5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. 6. ამ კოდექსის მე-9 მუხლი და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.