„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ბესელია, გ. ფოფხაძე , ო. ჩრდილელი
ნომერი
#07-3/67/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილი იქნეს ცვლილება და: 1) 3321 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 310-ემუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.“. ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. თუ სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა ან საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა დაუშვას აღნიშნული შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოსპრეზიდენტი გიორგიმარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილებით 190 მსჯავრდებული მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილის სატატუსი მიენიჭა 25 პირს. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლდა პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. იმავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდა ამ ამნისტიის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, რაც ასევე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რომლითაც „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებს მიეცათ შესაძლებლობა მიემართათ სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა. აღნიშნულ პირებს სასამართლოსთვის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის უფლება 2017 წლის 1 ივლისამდე მიეცათ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებს გაუხანგრძლივდეთ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა შუამდგომლობთ მიმართონ სასამართლოს და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვონ, ზეპირი განხილვის წესით, მხარეთა მონაწილეობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე. ასევე განისაზღვრება, რომ მითითებული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1 ივლისამდე. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ან თუ საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს მიუთითა - დაუშვას შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლო ამ შუამდგომლობას განიხილავს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. საქმის განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი - ეკა ბესელია პარლამენტის წევრი - გედევან ფოფხაძე პარლამენტის წევრი - ოთარ ჩრდილელი ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი - ეკა ბესელია პარლამენტის წევრი - გედევან ფოფხაძე პარლამენტის წევრი - ოთარ ჩრდილელი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3321. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები 1. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.