„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#07-3/99/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. 2. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს ახალმა კანონმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ განსაზღვრა ახალი ცნება მიწისზედა ელექტროტრანსპორტი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტროლეიბუსსა და ტრამვაის, რის გამოც მიზანშეწონილია შესაბამისი ტერმინოლოგიური ცვლილების შეტანა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში. ამასთან პროექტის მიხედვით იზრდება პასუხისმგებლობა და ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან იზრდება 20 ლარამდე, თუმცა ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე. მიუხედავად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #4 დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“, რომლის მიხედვით მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს ავალდებულებს პრაქტიკულად მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, ეს საკითხი რეალურად დაურეგულირებელია, რისი აღმოფხვრაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი პროექტით შემოთავაზებული შენიშვნის პირველი პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში. კანონპროექტის მიღების მიზეზია მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის ახალი სისტემის ეტაპობრივი დანერგვა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია: დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას (ამჟამად მოქმედი მგზავრობის ბილეთის აღების პრინციპის პარალელურად) მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - ელექტრონული გადახდის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა, რაც თავის მხრივ თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ არსებული გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრება და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გაწეულ/გასაწევ ხარჯს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დახვეწა. კანონპროექტის თანახმად მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს დედაქალაქში შედგენილ იქნა: 2014 წელს - 64949 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 46583 საჯარიმო ქვითარზე.); 2015 წელს - 48702 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 37161 საჯარიმო ქვითარზე); 2016 წელს - 53836 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 41674 საჯარიმო ქვითარზე). ჯარიმის გადახდის ვადა კანონით დადგენილი წესით არის 30 დღე, შესაბამისად დეკემბერში შედგენილ საჯარიმო ქვითრებზე გადახდა ძირითადად ხორციელდება მომდევნო წლის იანვარში და ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დარიცხვაც მომდევნო წელს ხდება. ჯარიმის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავი დაერიცხა: 2014 წელს - 16018 საჯარიმო ქვითარს (აქედან ჯარიმა და საურავი ვადაში გადახდილ იქნა 9159 საჯარიმო ქვითარზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად გადაიგზავნა 6859 საჯარიმო ქვითარი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 19 თებერვალს მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (N3089-IIს) შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა). 2015 წელს - 11458 საჯარიმო ქვითარს (აქედან ჯარიმა და საურავი ვადაში გადახდილ იქნა 4804 საჯარიმო ქვითარზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად გადაიგზავნა 6654 საჯარიმო ქვითარი); 2016 წელს - 12047 საჯარიმო ქვითარს (აქედან ჯარიმა და საურავი ვადაში გადახდილ იქნა 3705 საჯარიმო ქვითარზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად გადაიგზავნა 8342 საჯარიმო ქვითარი). ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) უბილეთო მგზავრობის გამო“ (რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება) მაგალითად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა: 2014 წელს - 754 535 ლარი; 2015 წელს - 396 810 ლარი; 2016 წელს - 490 692 ლარი. კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, მთლიანობაში ჯარიმის ოდენობის 15 ლარით გაზრდით და საურავის ოდენობის 10 ლარით შემცირებით, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღონ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებზე, რომლებსაც კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში მოუწევთ არსებულთან შედარებით 15 ლარით მეტის გადახდა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს ჯარიმის თანხის კოდექსით დადგენილი ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოუწევთ საურავის არსებულთან შედარებით 10 ლარით ნაკლების გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღებით ხდება კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის და საურავის ახალი ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შეთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი