„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2017
ავტორი
სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/140/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.“. 2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომში - ინსპექტირების ცენტრი). 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად. 3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთან შესაბამისობაზეც ტარდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურებს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებაზე და მის მართლზომიერებაზე მთლიანად პასუხიმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინსპექტირების ცენტრი. 8. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრსა და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოთხოვნილი ფორმით. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრში მონიტორინგი, ადგილზე ვიზიტის ჩათვლით ნებისმიერ დროს.“. 3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა).“. 4. 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნას. 5. 63-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი: „მუხლი 631. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტები საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტების მიღება; ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“. მუხლი 2. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაუტარდათ 2018 წლის 1 იანვრამდე, არ საჭიროებენ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების დარჩენილი პერიოდის ამოწურვამდე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება აღნიშნული პროცედურის გავლა. აღნიშნული კი თავის მხრივ საჭიროებს დღეისათვის არსებული ტერმინოლოგიის დახვეწას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი წესების განსაზღვრისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ტესტირების ცენტრების მიმართ შესაბამისი მოთხოვნების დაწესებას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადასტურებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტერმინების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ აიღო ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC დირექტივის დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ასოცირების შეთანხმების XXIV დანართით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC დირექტივის დებულებების ამოქმედების ვადად ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბერი (აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია), ხოლო სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2018 წლის 1 სექტემბერი. აქვე აღსანიშნავია, რომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (Economic Commission for Europe Resolution) 2017 წლის R.E.6 24 რეზოლუციით, საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირების ჰარმონიზაციის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დაწესდა ტერმინი „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რეზოლუცია არის უფრო ახალი და ითვალისწინებს განახლებულ ტერმინს „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“ (Periodical Technical Inspections), მიზანშეწონილია, მისი დამკვიდრება საქართველოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში. ამიტომაც, წარმოდგენილი ცვლილებით კანონში გამოყენებული ტერმინი „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ იცვლება ტერმინით „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, თუმცა შინაარსობრივი თვალსაზრისით პროცედურა ანალოგიური შინაარსისაა. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთან შესაბამისობაზეც ტარდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურებს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. მთავრობის ნორმატიული აქტით, ასევე, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნების დაწესება და მისი პერიოდულობის განსაზღვრაც. ცალკეული ჯგუფების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ზღვრულ თარიღებს დააწესებს მთავრობა. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საქართველოს მთვარობამ შესაბამისი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს 2017 წლის 1 დეკემბრამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ უქმდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში, შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, კანონი აღარ გაითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის მათ გადაცემას. ამასთან, ვინაიდან ცვლილებების შედეგად კანონი ტერმინს „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ აღარ გაითვალისწინებს, წარმოდგენილი პროექტით ხდება კანონის 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ამოღება. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით, უმჯობესდება აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრის მუშაობის ხარისხის მონიტორინგის მექანიზმი. წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს დათქმას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაუტარდათ 2018 წლის 1 იანვრამდე. ამგვარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ საჭიროებენ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების დარჩენილი პერიოდის ამოწურვამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. კანონში გამოყენებული ტერმინები 1. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება. 2. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და: ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები; ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკსა და ველობილიკს; გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“. 3. ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია. 4. ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. 6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომ – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა. 7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება. 8. ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით გადაადგილება. 9. გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. 10. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება. 11. გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო. 12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას). 13. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა. 14. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე. 15. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა). 16. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება. 17. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. 18. დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით. 19. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით. 20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. 21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე. 22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს. 23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი. 25. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა პრაქტიკული მართვის მასწავლებელი, ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 26. იძულებითი გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო. 27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად. 28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. 29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე. 30. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“ გათვალისწინებული განმარტება. 31. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება). 32. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა. 33. მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი. 34. მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას. 35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა. 36. მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანი, პირუტყვის გამრეკი ან გამცილებელი. 37. მთავარი გზა − 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის მოქმედების ზონის მთელ მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა − გზაჯვარედინზე, გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, მკვრივსაფრიანი გზა (ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსი მასალის ან ქვაფენილის საფრის მქონე გზა) − ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან შედარებით, ღორღიანი გზა − გრუნტოვან გზასთან შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გზის მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას მკვრივსაფრიან გზასთან. 38. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა). 39. მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელსახსნელს. 40. მიწისზედა ელექტროტრანსპორტი − ტროლეიბუსი და ტრამვაი. 41. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება. 42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუ-ალე-ბა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპე-დი და მსუბუქი კვადროციკლი. 43. მოტორიზებული ტრიციკლი − ტრიციკლი, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. 44. მოტოციკლი − ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს. 45. მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე. 46. მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება. 47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს. 48. მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს. 49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც. 50. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება − საჯარო ან კერძო დაწესებულება, ან მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად მძღოლთა თეორიულ ან/და პრაქტიკულ მომზადებას, სწავლებას (შემდგომ − სწავლების კურსი). 51. ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი. 52. ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება. 53. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშნულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან. 54. ნიშნის დუბლირება − გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო ნიშნის ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა. 55. ნიშნის განმეორებით დადგმა − ძირითადი ნიშნის განმეორებით დადგმა გზის იმავე მხარეს გარკვეულ მანძილზე. 56. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს. 57. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ჩართული ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალის მქონე მეწინავე მექანიკური სატრანსპორ-ტო საშუალების თანხლებით, ერთსა და იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან სამზე მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი. 58. რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა. 59. საგზაო მონიშვნა (მონიშვნა) − ამ კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ. 60. საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები. 61. საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი. 62. საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას. 63. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა. 64. საგზაო ნიშანი (ნიშანი) − ამ კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ. 65. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება. 66. საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი: ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 67. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. 68. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე. 69. სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება. 70. სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება − სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე ჩასაბმელი და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნიკური საშუალება (მოწყობილობა), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად. 71. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს. 72. სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი. 73. სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება. 74. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანობა. 75. საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. 76. საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის. საშუალება, რომელიც განკუთვნილია 77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით. 78. საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება. 79. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება. 80. სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით. 81. ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე მეტი ღერძით. 82. ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს. 83. ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის. 84. უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით. 85. ქვეითთა ბილიკი − ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი საგზაო ნიშნით. 86. ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით. 87. ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება. 88. ღერძზე დატვირთვა − სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი. 89. შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას. 90. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით. 91. შუქნიშანი − ამ კანონის დანართი №3-ით განსაზღვრული ელექტრომოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის. 92. ძირითადი ნიშანი − საგზაო ნიშანი, რომლის დადგმის აუცილებლობა განპირობებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით. 93. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა), აგრეთვე სხვა ადგილი, რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. 94. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ყველა სახის ფერდობი ან/და გზა (ტრასა), თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკი, აგრეთვე მიმდებარე სასრიალო რელიეფი (კიდეები და ნაპირების მახასიათებლები), რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. 95. სასრიალო ტრასით მოსარგებლე – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) იყენებს ფეხით სასიარულოდ და სასრიალოდ, მათ შორის, თხილამურებით, თოვლის დაფით (სნოუბორდით), ციგით, თოვლის ველოსიპედით, ტობოგანით ან თოვლზე/ყინულზე სასრიალო ნებისმიერი სხვა საშუალებით გადაადგილებისათვის. 96. თოვლმავალი – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოტორიანი, მუხლუხა ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით ან „ჯოისტიკის“ მქონე მოწყობილობით იმართება, მათ შორის, მოტოციგა, ნებისმიერი თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალება, თოვლის სატკეპნი ტრაქტორი ან სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეცტექნიკა). 97. მოტოციგა – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ღია ტიპის მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით იმართება. 98. მოტოციგის ბილიკი – მოტოციგით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან კონსტრუქციულად არის გამოყოფილი. მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომ – ტესტირების ცენტრი). 2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად. 3. ტესტირების ცენტრისთვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს აღნიშნული ფირნიშების რაოდენობა. მოთხოვნას უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. 7. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. 8. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი 1. საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი; ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, არ დაუშვას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია; გ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე არ დაუშვას გზაზე მისი კუთვნილი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება; დ) ექსპლუატაციაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად დაამაგროს საცნობი ნიშნები; ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს ეკრძალება: ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა); ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაუშვას ის პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია ან/და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგო-რიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე მოძრაობისათვის გაუშვას მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. 3. გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგე-ბობის მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობა შეინახოს მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში; ბ) მიიღოს ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას. 4. გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო სინათლეებით; ბ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე; გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა. მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი 1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 იანვრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით. 5. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი, დაექვემდებაროს 2017 წლის 31 დეკემბრიდან. 6. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიძლება ნებაყოფლობით ჩაუტარდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება 2017 წლის 31 დეკემბრიდან. 7. საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე. 8. 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში მართვის მოწმობას ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა. 9. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას შეუჩერდა იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო წესით.