„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგა გულორდავა
ნომერი
#07-3/152/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საქართველოს ტყის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;“; 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა 1. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება. 2. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ტერიტორიის საკუთრებისა (მათ შორის მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე), შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ, ტერიტორიის მესაკუთრესთან შეთანხმებით. 3. სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. 4. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ საქართველოს უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, არამედ მოსახლეობისთვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანთა კეთილდღეობას. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას თხოვნით, მხარი დაეჭირა ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვის განხორციელებაში (ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია), ტყის მართვის დონის აღრიცხვისა და დაგეგმვის პროცედურების გაუმჯობესებასა და ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს თხოვნა დაკმაყოფილდა 2017 წელს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ვერბალური ნოტა #58/2017, 15.02.2017) და დიზაინზე ინტენსიური მუშაობისა და სატესტო პერიოდის შემდეგ, საქართველოში ეროვნული ინვენტარიზაციის განხორციელება დაიწყება 2018 წელს, გერმანიის ფედერაციუილ რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით, პროგრამის - "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, ტყის მმართველობის ორგანოსა და ტყის დაცვის სტატუსის მიუხედავად. ინფორმაცია შეგროვდება დაახლოებით 6600 სანიმუშო ფართობიდან (2200 კლასტერი), რომლებიც განლაგდება 3.6 x 3.6 კმ ბადეზე. წარმოდგენილი სანიმუშო ფართობები იქნება მუდმივად მონიშნული და მათზე განხორციელდება ტყის ფართობების რეგულარული შეფასება ყოველ 10 წელში. რეგულარული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი მომავალში და კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებების ეფექტის და წარმატების შეფასება. ამასთან, ორთოფოტოები და სატელიტური მონაცემები გამოყენებული იქნება საველე სამუშაოების მომზადებისა და შეგროვებული მონაცემების შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის ტყეების მდგომარეობის შეფასებას იმ ფართობებზეც, რომლებიც მიუწვდომელია პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ მიზეზებიდან გამომდინარე. ტყის ეროვნული აღრიცხვა დაგეგმილია, როგორც მრავალმიზნობრივი ინვენტარიზაცია. ის უზრუნველყოფს მონაცემებს ტყის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების, ტყის განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, მისი ბიომრავალფეროვნების შესახებ, ასევე, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებისა და ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შესახებ. მიღებული ინფორმაცია აგრეთვე იძლევა ტყის დაცვითი და სოციალური ფუნქციების შეფასების შესაძლებლობას. ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის დაგეგმვის ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც გაწერილია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის „ტყის ნებაყოფლობითი მონიტორინგის სახელმძღვანელოში” აღწერილი (FAO, 2017). ტყის ეროვნული აღრიცხვა არის მძლავრი საინფორმაციო წყარო და ინსტრუმენტი სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცესებისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის, მათ შორის არსებული პოლიტიკის შეფასების და ასევე, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ანგარიშგებისათვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს, შექმნას ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა. დაგეგმილი ტყის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ცენტრალურ ელემენტს. ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანს არ წარმოადგენს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა რეგიონულ და სატყეო უბნის დონეზე. აქედან გამომდინარე, კვლავაც მნიშვნელოვანია და საჭიროა პარალელურად განხორციელდეს ტყის დეტალური შეფასება სატყეო უბნების დონეზე, ტყის მართვის გეგმების შემუშავების მიზნით. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია, კანონში გაჩნდეს ასეთი სამართლებრივი მექანიზმი - ტყის ეროვნული აღრიცხვა, რაც დღემდე არ არსებობს და შესაბამისად, ასეთი აღრიცხვა არც ჩატარებულა საქართველოში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, შექმნას სათანადო სამართლებრივი საფუძველი სატყეო სექტორის კანონმდებლობაში ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის. დღეს არსებული რეგულაციით, ტყის აღრიცხვა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, რაც არ მოიცავს ტყით დაფარულ სხვა ფართობებს. ამასთან, უფლებამოსილება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აღრიცხვის ჩატარებისთვის შემოფარგლულია მხოლოდ მართვის ორგანოების სამოქმედო არეალით, რაც ნიშნავს იმას, რომ მართვის ორგანოებს არ აქვს უფლება, განახორციელონ აღრიცხვა სხვა ფართობებზე. გარდა ამისა, ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანი განსხვავდება ტყის მართვის დონის აღრიცხვის მიზნისგან და გულისხმობს მონაცემთა უფრო ფართო და ზოგად ბაზას, რაც გამოიყენება მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და არა უშუალოდ ტყის მართვის დროს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს საქართველოს ტყის აღრიცხვის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ტყის ეროვნული აღრიცხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ტყის კოდექსი“ ითვალისწინებს სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას, რომელიც მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტყეებს. რამდენადაც ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია ქვეყნის მთელი ტერიტორიის ტყეების აღრიცხვა, საჭიროა გაჩნდეს ნორმა - „საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა“, რომელიც მოქმედი კოდექსის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობას. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციაში განისაზღვროს საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა, ხოლო ტყის ეროვნული აღრიცხვის უფლებამოსილება შესაძლოა მიენიჭოს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ამ სექტორში ქვეყანაში ძირითად პასუხისმგებელ ორგანოს. ამასთან, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის შემთხვევაში, დასაშვებია სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. ასევე დგინდება, რომ საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის დეტალური წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას მხოლოდ ორი დამატებითი საშტატო ერთეულის თანმდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული დაფინანსება საჭირო იქნება 2019 წლიდან და საშუალოდ შეადგენს ერთ საშტატო ერთეულზე საშუალოდ თვიურად დაახლოებით 1,600 ლარს, ხოლო წლიურად ჯამში ორ ერთეულზე - 38,400 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ პირველი ტყის ეროვნული აღრიცხვა იგეგმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში. რაც შეეხება ყველანაირი ხელსაწყოსა და სხვა საჭირო აღჭურვილობის შეძენას, მიმდინარე პროექტის ფარგლებში GIZ-ის მიერ შეძენილი სრული მატერიალური რესურსი გადმოეცემა სამინისტროს პროექტის დასრულების შემდგომ. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მობილიზება ამ მიმართულებით, ამ ეტაპზე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის საჭირო. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პროექტის დასრულების შემდგომ მონიტორინგსა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიშების მომზადებას, ისევე, როგორც საინფორმაციო სისტემის მართვასა და მონაცემთა ანალიზს, რაც იქნება ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფლებამოსილება და აღნიშნულს განახორციელებს ზემოხსენებული დამატებითი ორი კადრი არსებულ ადამიანურ რესურსთან ერთად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის 231 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. სამინისტროს შეუძლია ეროვნული აღრიცხვა ჩაატაროს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების სახსრებით (მაგალითად გრანტი). სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და ამ გზით შეარჩევს კომპანიას, რომელიც უშუალოდ ჩაატარებს აღრიცხვას, თუმცა დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგა გულორდავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ტყის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: აღმასრულებელი ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინირება; გ) საქართველოს ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის ორგანიზება და რეგულირება, სახელმწიფო კონტროლი და მის განსახორციელებლად სპეციალური უფლებამოსილების მინიჭება, ტყის რესურსებით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტების გაცემის წესის დადგენა; დ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის, აგრეთვე ტყის რესურსების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესების დადგენა; ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება; ვ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა; ზ) საქართველოს წითელი ნუსხის წარმოება; თ) სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა; ი) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება; კ) ტყეების დასაცავად ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების კონტროლი; ლ) ტყითსარგებლობის წესების დადგენა; მ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; ნ) ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესების დადგენა. მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა 1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოიცავს: ა) ტყეების მდგომარეობის, მათი სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენას, რესურსების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას; ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენას; გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ბიოლოგიურ, პათოლოგიურ და სხვა გამოკვლევებს. 2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები. მათთან შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით.