„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
ნომერი
#2-2686/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-02-21

📜 ტექსტი

სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 21 თებერვლის პლენარული სხდომა სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავმჯდომარე. პირველი საკითხი: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მე წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს. ი.კობახიძე. კოლეგებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გამოაკლდა 1 წევრი, რომელიც იყო არჩეული უმრავლესობის კვოტით. შესაბამისად საჭიროა აღნიშნული ვაკანსიის შევსება. ამ მიზნით არის შექმნილი, შემოთავაზებული პარლამენტის დადგენილების პროექტი შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად და არის შემოთავაზებული შემდეგი შემადგენლობა: სოსო გალუმაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი პიარსააგენტო „ჯებრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; გოდერძი შარაშია, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი; ეთერ-ბაია გადაბაძე მედიამენეჯერი, ნინო ახვლედიანი , ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარხელმძღვანელი; სალომე უგულავა, ჟურნალისტი ონლაინ გამოცემა „ტაბულის“ მთავარი რედაქტორი; ერმილე მესხია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; დავით ცხადაძე, კინოოპერატორი, ხელოვნებადმცოდნე; ნატია კუპრაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე. აღნიშნული წევრები, წევრობის კანდიდატები არიან დასახელებული შესაბამისი კვოტებით, კერძოდ, 3 წევრობის კანდიდატი არის დასახელებული 3 საპარლამენტო პარტიის, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის მიერ, ერთი სუბიექტი არის დასახელებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, ერთი კანდიდატი არის წარმოდგენილი სახალხო დამცველის მიერ დანარჩენები არიან წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, გათვალისწინებულია დადგენილების ამოქმედება მიღებისთანავე. გმადლობთ. თუ არის შეკითხვები. სხდომის თავმჯდომარეობას აგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი რევაზ არველაძე. ბატონო ირაკლი, საპარლამეტო კომისია არის და პარლამენტის წევრი არავინ არ უნდა იყოს შიგ? ი.კობახიძე. რეგლამენტის თანახმად კომისიაში არ არიან წარმოდგენილი პარლამენტის წევრები, საპარლამენტო სუბიექტები ასახელებენ დამოუკიდებელ კანდიდატებს კომისიის წევრებად რეგლამენტის შესაბამისად და სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატები არიან წარმოდგენილი კომისიაში. თავმჯდომარე. მადლობა. კიდევ არის კითხვები. ბატონი ზაზა პაპუაშვილი, შემდგომ ბატონი რომან გოცირიძე. ზ.პაპუაშვილი. მოგესალმებით. ორი კითხვა მაქვს, აქ წარმოდგენილ სიასთან დაკავშირებით სათითაოდ გვექნება საშუალება რომ განვიხილოთ და კენჭი ვუყაროთ თუ ერთად, მთლიანად, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, ვინ და რა პრინციპით შეირჩა მხოლოდ ეს ადამიანები ამ სიაში. გმადლობთ. თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი რომან გოცირიძე. რ.გოცირიძე. ჩემი შეკითხვა არის ასეთი, ბატონო ირაკლი, რატომ გახდა აუცილებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრის, ახალი წევრის არჩევა როდესაც ამ 6-7 თვის წინ აქ იყო უზარმაზარი ბატალიები და კბილებით იცავდა „ქართული ოცნება“, თუ არ ვცდები, შათირიშვილი აპირებსო გასვლასო და ეს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ უფუნქციო სამეთვალყურეო საბჭო ძალიან მიმზიდველი გახდა ვიღაცეებისთვის და მიმზიდველი იქნება აბა რა, 5 ათასი ლარი ჰქონია ხელფასი და ეს კაცი მიდის. სად მიდის, რატომ მიდის ან რატომ მოდიოდა, ან რატომ მოგყავდათ და აგვიხსენით ან თითონ თქვას, რატომ გვაწვალა ერთი წელიწადი და აქ მთლი ამბები იყო მასთან დაკავშირებით. გმადლობთ. თავმჯდომარე. სხვა კითხვები არ არის ბატონო ირაკლი შეგიძლიათ უპასუხოთ. ი.კობახიძე. გმადლობთ. პირველ რიგში, ერთიანად ეყრება დადგენილებას კენჭი ანუ სიას ეყრება კენჭი და არა ცალკეულ კანდიდატებს. რაც შეეხება შერჩევას, როგორც მოგახსენეთ სხვადასხვა სუბიექტი წარმოადგენდა აქ კანდიდატებს, შესაბამისად ამ პრინციპით ჩამოყალიბდა ის სია, რომელიც არის შემოთავაზებული თქვენს წინაშე. რატომ წარმოიშვა ვაკანსია, ეს არ არის, ბუნებრივია, ჩვენი პრეროგატივა შევქმნათ ვაკანსია. ბატონი ზაზა შათირიშვილი იყო არჩეული ბორდში და მან თითონ მიიღო გადაწყვეტილება ბორდის დატოვების თაობაზე. მიზეზები ჩვენ არ ვიცით, მან დაწერა განცხადება, შესაბამისად წამოიშვა ეს ვაკანსია. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ. დამაზუსტებელი კითხვები თუ არის, კოლეგებო. ანთია იგივე გვარები ვინც კითხვა დასვა, მაგრამ როგორც ვხვდები ეს არ არის დაზუსტების მოთხოვნა. მადლობა. თანამომხსენებელს ხომ არ სურს გამოსვლა? არ გვყავს თანამომხსენებელი. კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა. განხილულია. მადლობა, ბატონო ირაკლი. ი.კობახიძე. გმადლობთ.
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 21 თებერვლის პლენარული სხდომა შესვენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობას აგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავმჯდომარე. პირველი საკითხი, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. გთხოვთ, ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. მომხრე - 82 წინააღმდეგი - 1 დადგენილება მიღებულია.