„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/292/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, #41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილი იქნას შემდეგი სახის ცვლილება: 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს გ3 პუნქტი, შემდეგი რედაქციით: „გ3) არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენლი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი - სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი 2019 წ. სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 41, 8.10.1997, გვ.16) ცვლილებების შეტანის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის („სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება“) პირველი პუნქტი არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე. 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებული „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის („ტერმინთა განმარტება“) „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე. მიზანშეწონილია, რომ წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადება გავრცელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზე. საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. საქართველოს, ასევე უცხოეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სარგებლობენ რა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით, ეს დამატებით მოტივაციას უქმნის აბიტურიენტებს, ნაცვლად პროფესიული განათლებისა, მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოიპოვონ აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დაწესებულებებში. სტუდენტის შედეგად, სტატუსი უცხო ვღებულობთ ქვეყნის იმას, რომ უმაღლეს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობას, რაც თავის მხრივ, იწვევს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამუშაო ძალის დეფიციტს. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული აბიტურიენტების დიდი რაოდენობა ზრდის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში გაწეული საგანმანათლებლო მომსახურეობის შესყიდვაზე, რაც იწვევს ქვეყნიდან ფინანსური რესურსების გადინებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ სახის სერვისებით უმეტესწილად სარგებლობენ პირები, რომლებმაც ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, შესაბამისად, რეალურად საუბარი არაა უცხოეთში მაღალი ხარისხის სრულფასოვანი აკადემიური განათლების მიღებაზე. ის წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტრუდენტის სტატუსი. ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევს არარენტაბელური ჯგუფების ფორმირებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თუ კერძო დაფინანსების მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის საკითხს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შეუძლებლობა, ხელს შეუშლის პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვას, ასევე პროფესიული განათლების ინტენაციონალიზაციის საკითხს, კონკრეტულად კი უცხოურ დაწესებულებებთან ერთად ერთობლივი ან გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, რაც პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონითაა გათვალისწინებული, რადგანაც პროფესიული საგანმანათლებლო პროფრამების განხორციელებაში ჩართული ადგილობრივი ბიზნესისთვის ან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნაკლებად მომხიბვლელია სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევით გამოწვეული მნიშვნელოვანი წყვეტა საგანმანათლებლო პროცესში. ვინაიდან, პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, ეს ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მისცემს რა პროფესიულ სტუდენტს უფლებას, ერთი პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლების მინიჭებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ან უცხოეთის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შემდეგ დადებით შედეგებს:  შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების შესახებ კანონით გათვალისიწნებული ახალი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება;  გაიზრდება პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი დაფინანსების ეფექტურობა;  შემცირდება დისბალანსი აკადემიური და პროფესიული სტუდენტების რაოდენობებს შორის;  გაიზრდება პროფესიული განათლების პოპულარობა;  გაიზრდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მიწოდება;  წვევამდელი, რომელიც უკვე ფლობს ამა თუ იმ პროფესიას, მეტად ვალიდური გახდება სამხედრო სამსახურის გასაწევად;  შემცირდება მოთხოვნა უცხო ქვეყნის საეჭვო ხარისხისა და რეპუტაციის საგანმანათლებლო სერვისებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენლი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი - სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: არ არსებობს კანონპროექტის ძალაში შესვლის კონკრეტული თარიღის განსაზღვრის აუცილებლობა, გარდა დაუყოვნებლივ ამოქმედებისა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფის აუცილებლობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროქტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, რომლის მოსაზრებებიც გათვალისწინებული იქნა პროექტის ავტორთა მიერ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გია ჟორჟოლიანი გამოყენებული