„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა, შოთა ხაბარელი
ნომერი
#07-3/302/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3442 მუხლი: „მუხლი 3442. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება 1. პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას წინ უსწრებდა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შექმნა, რომელიც შენგენის/ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი. შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას ოთხ შემთხვევაში:  თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი;  თუ საგრძნობლად გაიზრდება უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა;  ქვეყანა არ ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (მიგრანტთა დაბრუნებაზე);  ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას; ბოლო პერიოდში, საქართველოდან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან, რაც შეიძლება გახდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს, ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში, თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 000 განაცხადი დაფიქსირდა, ამათგან, განაცხადების ¾ დაფიქსირდა მხოლოდ 5 ქვეყანაში. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები რიგ ქვეყნებში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ ან/და კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს, როგორიც არის სირია, ერაყი, ავღანეთი, ირანი, პაკისტანი და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3% იქნა დაკმაყოფილებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში. ამასთან, სახეზე გვაქვს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიერ ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკის ბოროტად გამოყენების ხელშეწყობის/ორგანიზების ფაქტები სარგებლის მიღების მიზნით, რის გამოც აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც მინიმუმადე დაიყვანს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკებს. კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობის/ორგანიზატორის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღებას და აღნიშნულით უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ქმედითი მექანიზმების შემუშავება და მკაცრი პოლიტიკის გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც სარგებლის მიღების მიზნით ორგანიზებას უწევენ/შესაბამის პირობებს უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისათვის, ასევე, ხელს უწყობენ/ორგანიზებას უწევენ თავშესაფრის მიღებისას საქართველოს მოქალაქის მოწყვლადობის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენას, რათა, ერთი მხრივ, შემცირდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებელი, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხის დაყენება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება ევროკავშირში იმ თავშესაფრის მაძიებელთა/უკანონო მიგრანტთა რაოდენობის შემცირება, რომლებსაც შესაბამისი პირები სარგებლის მიღების მიზნით უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენაში უწყობენ ხელს, ასევე ეხმარებიან, თავშესაფრის მისაღებად მოწყვლადობის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც კანონი აწესებს ახალი ქმედების დასჯადობას, კანონის ამოქმედების თარიღად შერჩეული იქნა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ბოლო პერიოდში, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. კერძოდ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთის რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო, რაც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა. ზემოაღნიშნული ქვეყნები სახელმწიფო ხელისულებისგან მოითხოვენ ამ არასახარბიელო ტენდენციასთან გასამკლავებლად კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ეს საკითხი ასევე განხილული იყო 2019 წლის 5 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროკომისიამ გამოთქვა რეკომენდაცია შესაბამისი ზომები სწრაფად იქნეს მიღებული. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი ახალი შესაძლებლობაა, რომლის გაფრთხილება და შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. დაუშვებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ შეღავათით სარგებლობა და ქვეყნის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგეს ზოგიერთი ადამიანის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო. ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიქმნას სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და მინიმუმადე დაიყვანოს უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. პროექტის დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ 3442 მუხლი იურიდიული პირის მიერ ქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, მსჯავრდებულისთვის ჯარიმის დაკისრება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ჯარიმის მინიმალური ოდენობა 100 000 ლარი. ამასთან, ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, იგი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი, აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი 3442 მუხლი იურიდიული პირისათვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, მისი მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ იურიდიულ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის 100 000 ლარი. ამასთან, ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, კანონის პროექტი იურიდიული პირის მიმართ სასჯელის სახედ ითვალისწინებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული პირისთვის გარკვეული ფინანსური შედეგი, რისი წინასწარ გაანგარიშებაც შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი იურიდიული პირისთვის ითვალისწინებს სასჯელის სახედ ჯარიმას. რამდენადაც მუხლის პირველივე ნაწილი მძიმე დანაშაულია, ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 100 000 ლარი. ამასთან, ჯარიმის ზუსტი ოდენობა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 28 ნოემბრის 2002/90/EC დირექტივას „ქვეყანაში უკანონო შესვლის, ტრანზიტისა და ბინადრობის ხელშეწყობის განსაზღვრის შესახებ“, რომელიც ადგენს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისთვის სისხლისსამართლებრივ სანქციებს. დირექტივის მიხედვით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სანქციები: - ნებისმიერ პირთან დაკავშირებით, რომელიც განზრახ ეხმარება პირს, რომელიც არ არის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაში ან ტრანზიტით გავლაში, რითაც არღვევს კონკრეტული სახელმწიფოს კანონებს უცხოელთა შესვლასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებით; - ნებისმიერ პირთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსური მოგების მიზნით განზრახ ეხმარება პირს, რომელიც არ არის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, იცხოვროს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რითაც არღვევს კონკრეტული სახელმწიფოს კანონებს უცხოელთა ბინადრობის შესახებ; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა სერბეთის პრაქტიკა. სერბეთში სისხლის სამართლის წესით ისჯება პროექტით წარმოდგენილის მსგავსი ქმედების ჩადენა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც მიზნად ისახავს მიიღოს ნებისმიერი უპირატესობა თავისთვის ან სხვისთვის, განახორციელებს ან ორგანიზებას გაუწევს გადაყვანას, მიღებას, საცხოვრებლით/თავშესაფრით უზრუნველყოფას ან სხვა საშუალებით შესაძლებლობას მისცემს სერბეთის მოქალაქეს წარადგინოს ყალბი/მცდარი ინფორმაცია მისი მოწყვლადობის შესახებ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მოძიების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 3 წლამდე ვადით. თუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფის მიერ ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, დანაშაულის ჩამდენი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 თვიდან 5 წლამდე ვადით, ხოლო ორგანიზატორი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლიდან 8 წლამდე ვადით. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.