„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.01.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/436/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მათი განთავსების წესები.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუდიტორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტორი ან/და აუდიტორული ფირმა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის იმ ემიტენტთან ან/და საწარმოსთან დაკავშირებული პირი, რომელსაც იგი უწევს აუდიტორულ მომსახურებას.“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საბოლოო პროსპექტი – დამტკიცებული პროსპექტისა და დამტკიცებული შეთავაზების პირობების დოკუმენტის ერთობლიობა.“; გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 151 პუნქტი: „151. შეთავაზების პირობების დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საბოლოო პროსპექტის განუყოფელ ნაწილს და აზუსტებს შეთავაზების საბოლოო პირობებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.“; დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ემიტენტი – პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს.“; ე) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. კონტროლი (მნიშვნელოვანი წილი) – ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს ან სხვაგვარად შეუძლია გააკონტროლოს საწარმო.“; ვ) 67-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 68-ე პუნქტი: „68. ბენჩმარკი - საჯაროდ ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული ნებისმიერი განაკვეთი, ინდექსი ან რიცხვი, რომელიც პერიოდულად ან რეგულარულად განისაზღვრება ფორმულის გამოყენებით, ერთი ან რამდენიმე აქტივის ღირებულების, ფასის (მათ შორის, საპროგნოზო ფასის), საპროცენტო განაკვეთის ან სხვა ღირებულებების (მათ შორის, საპროგნოზო განაკვეთის), ან კვლევების საფუძველზე და რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ფინანსურ ინსტრუმენტში გადასახდელი თანხა ან ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს, ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის წარდგენის შესახებ, აგრეთვე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“ დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შეთავაზების განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს წინასწარი პროსპექტის დამტკიცებიდან 10 დღის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზების პირობების დოკუმენტის 3 ეგზემპლარი, რომელიც განიხილება შეთავაზების განაცხადის განხილვისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეთავაზების პირობების დოკუმენტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.“. 4. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი. 5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება 1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომელიც დაფუძნებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტისა). 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული ტიპის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მეორე პუნქტების, მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, მათ შორის, თუკი ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების განსხვავებული ან/და დამატებითი მოთხოვნები. 5. ამ კანონის მე-11 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, საჯარო ფასიანი ქაღალდის სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, ემიტენტად ჩაითვლება იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც წარმოდგენილია დეპოზიტარული ხელწერილებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდები.“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ემიტენტი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების საჯაროდ შეთავაზებამდე შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა გადასცეს მას ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.“. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში. 2. საჯარო სასესხო ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარწლიური ანგარიში; 3. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 4. საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება და აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისათვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წლიური ანგარიშის გამოქვეყნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია გამოაქვეყნოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიური ანგარიში წარუდგინოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადის დაცვით წარადგენს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი განსხვავდება სამეურნეო წლისგან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა. 6. ნახევარწლიური ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები, არის სრული, სწორი და სამართლიანი. 7. ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშის მომზადების, წარდგენისა და გამოქვეყნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკი. 8. ნახევარწლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადის დაცვით. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის ფინანსური წელი განსხვავდება სამეურნეო წლისგან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ნახევარწლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა. 9. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშების თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასახვის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებულ ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 11. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ანგარიშებს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.“. 8. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების შემოსავლების შესახებ 1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ. 2. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მესამე პირისთვის (პირებისთვის) გამჟღავნება. 3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს აქციონერს, თუ ეს ინფორმაცია მოცემულია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ან ნახევარწლიურ ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია.“. 9. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლი. 10. ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლი. 11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა 1. იმ ემიტენტის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდები, ვალდებულია შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ემიტენტს, თუკი მის მფლობელობაში არსებული შესაბამისი ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: 5 %, 10 %, 15 %, 20 %, 25 %, 30 %, 50 %, 75 %. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება ეკისრებათ ამ პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების როგორც არსებულ, ისე ყოფილ მფლობელებს (ზღვრული ოდენობის ჩამოცდენისას). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ უფლება შეიძინონ, განკარგონ ან განახორციელონ ხმის უფლება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება აგრეთვე ეკისრება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელ პირს, რომელსაც აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი შეთანხმების საფუძველზე აძლევს უფლებას შეიძინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის მიერ უკვე გამოშვებული ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდი ან ანიჭებს მსგავს უფლებას. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის თაობაზე ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. ემიტენტი ვალდებულია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში გაასაჯაროოს შეტყობინების სახით მიღებული ინფორმაცია. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს: ა) თავისი სახელითა და საკუთარი ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიანი ქაღალდებს; ბ) თავისი სახელით, თუმცა სხვა პირის ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიანი ქაღალდებს; გ) დეპოზიტარულ ხელწერილს, რა შემთხვევაშიც ხელწერილის მფლობელი ჩაითვლება შესაბამისი წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად, რომელსაც წარმოადგენს ეს დეპოზიტარული ხელწერილი. 6. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი აღმოაჩენს, რომ პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ან ემიტენტს არ შეატყობინა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოვლენის შესახებ, დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს პარტნიორთა კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ წილობრივ ფასიან ქაღალდებზე ხმის გამოყენების უფლება. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოცემული ზღვრის გაანგარიშების მიზნით, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იქნეს აგრეგირებული. 8. ამ მუხლის შესაბამისად ხმის უფლების გაანგარიშების, აგრეთვე წარსადგენი შეტყობინების ფორმასა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. 9. ამ მუხლის მოთხოვნები პირებთან მიმართებაში ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნებზე.“. 12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა იმ მფლობელთან მიმართებით, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან. 2. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს განახორციელონ თავიანთი უფლებები. 3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობებისა ან/და მათთან დაკავშირებულ უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“. 13. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდები, უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ან/და ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%იან აქციონერს შორის.“. 14. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც.“. 15. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია მუხლი 44. ფასიანი ქაღალდები და გარიგების მონაწილეები, რომლებზეც ვრცელდება გაყალბებისა და მანიპულაციის აკრძალვის მოთხოვნები 1. ამ თავით განსაზღვრული წესები ვრცელდება შემდეგ ფასიან ქაღალდებზე: ა) საჯარო ფასიანი ქაღალდები; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტის/განცხადების საფუძველზე; გ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით გამოშვებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდები; დ) სხვა ფასიანი ქაღალდები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებზე ან ახდენს ზეგავლენას ამავე ქვეპუნქტებით მითითებული ფასიანი ქაღალდების ფასზე/ღირებულებაზე. 2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ან/და საფონდო ბირჟისთვის წარდგენილი ემისიის პროსპექტის/განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად ჩაითვლება იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებსაც წარმოადგენს დეპოზიტარული ხელწერილები. 3. ეს თავი ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე, დავალებასა და ურთიერთობაზე, იმის მიუხედავად, ხორციელდება თუ არა იგი საფონდო ბირჟაზე. 4. ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 5. ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 451 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება ბენჩმარკებთან დაკავშირებულ ქმედებებზე. 6. ამ თავით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება იმ უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი სახელით მოქმედი პირების ქმედებებზე, რაც უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონეტარული ან სავალუტო პოლიტიკის გატარებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო ვალის მართვას, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებზე. მუხლი 45. ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია; ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება 1. აკრძალულია პირის მიერ შემდეგი ქმედების/ქმედებების განხორციელება: ა) ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა ან ვაჭრობის მცდელობა; ბ) მესამე პირისათვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან ინსაიდერულ ვაჭრობაზე მისი დაყოლიება; გ) ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება; დ) ბაზრის მანიპულაცია ან მანიპულაციის მცდელობა; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები. მუხლი 451. ბაზრის მანიპულაცია 1. ბაზრის მანიპულაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: ა) გარიგების დადება, დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს: ა.ა) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან, მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით; ან ა.ბ) ფასიანი ქაღალდების ფასის მიყვანა ან შენარჩუნება არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე/მაჩვენებელზე; ბ) გარიგების დადება, სავაჭრო დავალების განთავსება ან სხვა ქმედება, რომელიც ახდენს გავლენას ან შეიძლება მოახდინოს გავლენა ფასიანი ქაღალდების ფასზე, თუკი მას თან ახლავს შეცდომაში შემყვანი ან ყალბი საშუალების/სქემის გამოყენება ან სხვაგვარად მოტყუება; გ) ინფორმაციის გავრცელება მედიის, მათ შორის ინტერნეტის, ან სხვა საშუალებით, რაც იწვევს ან რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის წარმოქმნა ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან, მათ მიწოდებასთან ან ფასიანი ქაღალდების ფასთან დაკავშირებით, ან რაც იწვევს ან რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფასიანი ქაღალდების ფასის არანორმალურ ან ხელოვნურ მაჩვენებლამდე/მაჩვენებელზე მიყვანა ან შენარჩუნება, თუკი ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ცნობები იყო მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; დ) მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან/და მონაცემების მიწოდება ბენჩმარკთან დაკავშირებით, თუკი პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია/მონაცემები იყო მცდარი ან შეცდომაში შემყვანი, აგრეთვე სხვა ქმედება, რომლის მიზანიცაა ბენჩმარკის გაანგარიშების მანიპულირება. 2. იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს მუხლი ასევე ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებში. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს საბაზრო მანიპულაციად ქმედების კვალიფიცირების ამ მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ასევე, დაადგინოს გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც არ ჩაითვლება ბაზრის მანიპულაციად. მუხლი 452. ინსაიდერული ინფორმაცია 1. ინსაიდერულ ინფორმაციას წარმოადგენს: ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც არ გამჟღავნებულა საჯაროდ და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მათ ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც, მისი საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებისათვის ან პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეასრულონ კლიენტის დავალებები, ინფორმაცია, რომელსაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან აღნიშნულ პირს აწვდის კლიენტი და რომელიც უკავშირდება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კლიენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას, თუკი აღნიშნული ინფორმაცია არის ზუსტი ხასიათის, არ გამჟღავნებულა საჯაროდ და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მისი საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე. 2. ინფორმაცია ჩაითვლება ზუსტი ხასიათის მქონედ, თუკი იგი შეიცავს გარემოებებს, რომლებიც არსებობს ან რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მომავალში, ან შეიცავს ცნობას რაიმე მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ან შესაძლოა მოხდეს მომავალში, და ამავდროულად აღნიშნული ინფორმაცია არის საკმარისად განსაზღვრული, რათა გამოტანილი იქნეს დასკვნა ფასიანი ქაღალდების ან მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ამ გარემოებათა ან მოვლენის შესაძლო ეფექტის შესახებ. ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, რომლის მიზანი არის, რომ დადგეს ან რომლის შედეგადაც დადგება კონკრეტული გარემოებები ან კონკრეტული მოვლენა, ეს სამომავლო გარემოებები ან სამომავლო მოვლენა, და, ასევე, ამ პროცესის განმავლობაში ამ სამომავლო გარემოებების ან სამომავლო მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით განხორციელებული შუალედური ნაბიჯები შეიძლება ჩაითვალოს ზუსტი ხასიათის მქონე ინფორმაციად. 4. ინფორმაციად, რომელმაც, მისი საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდის ან მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე, ჩაითვლება იმგვარი ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებდა საღად მოაზროვნე ინვესტორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 453. ინსაიდერული ვაჭრობა 1. ინსაიდერული ვაჭრობა ნიშნავს ინსაიდერული ინფორმაციის მქონე პირის მიერ ამგვარი ინფორმაციის გამოყენებით, თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, იმ ფასიანი ქაღალდების შეძენას ან განკარგვას, რომლებსაც ეხება ინსაიდერული ინფორმაცია. ინსაიდერულ ვაჭრობად ასევე ჩაითვლება ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუკი ინსაიდერული ინფორმაცია უკავშირდება აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს და სავაჭრო დავალება გაიცა პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ფლობამდე. 2. მესამე პირისათვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან ინსაიდერულ ვაჭრობაზე მის დაყოლიებად ჩაითვლება ქმედება, თუკი პირი, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას: ა) აძლევს რეკომენდაციას, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მესამე პირს, ან ახდენს მის დაყოლიებას, რათა მან შეიძინოს ან განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც შეეხება ინსაიდერული ინფორმაცია; ან ბ) აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აძლევს რეკომენდაციას მესამე პირს ან ახდენს მის დაყოლიებას, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის მიზნით გაცემული სავაჭრო დავალება, თუკი ინსაიდერული ინფორმაცია შეეხება აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს. 3. მესამე პირის მიერ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დაყოლიების საფუძველზე მოქმედება ჩაითვლება ინსაიდერულ ვაჭრობად იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ეფუძნებოდა ინსაიდერულ ინფორმაციას. 4. ეს მუხლი ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე შემთხვევაში: ა) პირი წარმოადგენს ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრს; ბ) პირი ფლობს აქციებს ან წილს ემიტენტის კაპიტალში; გ) პირს აქვს წვდომა ინსაიდერულ ინფორმაციაზე საკუთარი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების შედეგად; ან დ) პირმა მოიპოვა ინსაიდერული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზით. 5. ეს მუხლი ასევე ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას სხვა მიზეზით, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულისა, როდესაც აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას. 6. იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს მუხლი ასევე ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის მიზნით გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებში. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეულ ქმედებათა ჩამონათვალი, რომლებიც არ ჩაითვლება ინსაიდერულ ვაჭრობად. მუხლი 454. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება 1. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად ჩაითვლება ამ კანონის 453 მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ სხვა პირისათვის ამ ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი გამჟღავნება მოხდა ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში. 2. ამ კანონის 453 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციასთან ან დაყოლიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნება ასევე ჩაითვლება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად, თუკი გამამჟღავნებელმა პირმა ინფორმაციის გამჟღავნებისას იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია/დაყოლიება ეფუძნებოდა ინსაიდერულ ინფორმაციას. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე განმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები და დააწესოს გამონაკლისები, აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირებს დაუდგინოს დამატებითი ვალდებულებები. მუხლი 455. ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს საჯაროდ მასთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების ფორმები, საშუალებები და ვადები საკუთარი წესის შესაბამისად. 2. ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით, დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუკი სრულდება სამივე პირობა: დაუყოვნებელმა გასაჯაროებამ შეიძლება დააზიანოს ემიტენტის ლეგიტიმური ინტერესები, დაყოვნება არ იქნება საზოგადოებისათვის შეცდომაში შემყვანი და ემიტენტი უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება დაადგინოს დამატებითი შემთხვევები, როდესაც ემიტენტს უფლება აქვს დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროება, აგრეთვე პირობები, რომლებიც უნდა დაიცვას ემიტენტმა საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნებისას. 3. ემიტენტი ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისათვის მოქმედი პირი, რომელიც ამ კანონის 454 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების პროცესში გაუმჟღავნებს მესამე პირს ინსაიდერულ ინფორმაციას, ვალდებულია სრულად გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია. ინფორმაციის განზრახ გამჟღავნებისას გასაჯაროება უნდა მოხდეს თანადროულად, არაგანზრახი გამჟღავნების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ინსაიდერული ინფორმაციის იმ პირისათვის გამჟღავნებაზე, რომელსაც კანონმდებლობის, წესდების ან ხელშეკრულების საფუძველზე აკისრია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. 4. ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მათთან არიან დაკავშირებული, ვალდებული არიან შეატყობინონ ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების წესს, აგრეთვე შესაბამის გამონაკლის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. ამ თავის მიზნებისთვის, მმართველობითი ფუნქციის მქონე პირი წარმოადგენს ემიტენტის: ა) მმართველი ორგანოს წევრს; ან ბ) მმართველობითი უფლებამოსილების მქონე სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანოს წევრი, რომელსაც აქვს რეგულარული წვდომა ამ ემიტენტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ინსაიდერულ ინფორმაციაზე და, ასევე, აქვს ისეთი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ემიტენტის სამომავლო განვითარებასა და ბიზნეს პერსპექტივებზე. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ემიტენტს ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისათვის მოქმედ პირებს განუსაზღვროს ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირთა შესახებ ჩანაწერის წარმოების წესი. მუხლი 456 საინვესტიციო გავრცელების წესი რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის 1. პირი, რომელიც ამზადებს ან ავრცელებს ფასიან ქაღალდებთან ან მათ ემიტენტებთან დაკავშირებულ კვლევას, საზოგადოებისათვის მისი მიწოდების მიზნით, აგრეთვე პირი, რომელიც ამავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით, ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ობიექტური და გაამჟღავნოს საკუთარი ინტერესები ან მიუთითოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის თაობაზე იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ინფორმაცია. 2. უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ავრცელებენ სტატისტიკურ ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ფინანსურ ბაზრებზე, ვალდებული არიან ინფორმაციის გავრცელებისას იმოქმედონ ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად. 3. ამ მუხლით, ამ კანონის 454 მუხლითა და 451 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნების ან საინვესტიციო რეკომენდაციის შექმნის/გავრცელების მიზანია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან მედიის საშუალებით გამოხატვის უფლების სხვაგვარად რეალიზება, გათვალისწინებული უნდა იქნეს პრესის თავისუფლებისა და მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე ჟურნალისტური პროფესიის მარეგულირებელი წესები. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ მოქმედებს თუკი შესაბამისი პირები ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად მათთან დაკავშირებული პირები ინფორმაციის გამჟღავნებით/გავრცელებით იღებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს ან თუკი ინფორმაციის გამჟღავნება/გავრცელება მიზნად ისახავს ბაზრის შეცდომაში შეყვანას ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნასთან, მიწოდებასთან ან მათ ფასთან დაკავშირებით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ (გარდა ჟურნალისტებისა, რომლებიც ექვემდებარებიან პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმს) ინფორმაციის ობიექტურად წარმოდგენისა და პირადი დაინტერესების ან ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების წესი.“. 16. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის, ან ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობის, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით: ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირსა და მის თანამონაწილეებს, მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ზომები; ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი; გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა; დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 17. დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი: „თავი IX1 ცალკეული კატეგორიის ემიტენტებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნა მუხლი 552. პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები 1. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსებული ან/და შეთავაზებული იქნა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე, არ ჩაითვლება საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო მათი ემიტენტი (პრივატიზებული საწარმო) - ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუკი, სამი თვის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც აღნიშნული ფასიანი ქაღალდები მოიხსნა საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან, ემიტენტი არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი მოითხოვს ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ანგარიშვალდებულ საწარმოზე, თუკი: ა) მას დამტკიცებული აქვს ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად; ან ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები მოიხსნა საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან, აკმაყოფილებს პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსათვის დადგენილ კრიტერიუმებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა ამ კანონის გამოქვეყნებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სამეთვალყურეო საბჭოს/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების წარდგენის სამთვიანი ვადა აითვალოს ამ კანონის გამოქვეყნების მომენტიდან. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოები, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა ამ კანონის გამოქვეყნებამდე, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნებიან 2018 წლის საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების შესაბამისად. მუხლი 3. საქართველოს ეროვნულმა ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობასთან, ემისიის პროსპექტის მომზადებასთან და დამტკიცებასთან, ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-16 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-16 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღეში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი კაპიტალის ეფექტური გადანაწილების აუცილებელ წინაპირობასწარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ერთერთი ფაქტორია. თავის მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბაზრის გამჭვირვალობასა და მის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას. ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, აუცილებელია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების შესახებ ზუსტი, სრულყოფილი და დროული ინფორმაციის არსებობა, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ შეაფასონ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა და მათთან დაკავშირებული რისკები. მეორე მხრივ, ინვესტორთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არსებობდეს მოწესრიგებული სამართლებრივი ჩარჩო ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის პრევენციის, აღმოჩენისა და დარღვევის პროპორციული სანქციების დაწესების მიზნით. დღესდღეობით კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნები საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების პერიოდული ანგარიშგებების კუთხით საჭიროებს სრულყოფასა და დაზუსტებას იმისთვის, რომ ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო განახლებული ინფორმაცია გააჩნდეთ. გარდა ამისა, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არსებული მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან მიმართებით სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს, რომ როგორც ემიტენტი, ისე საზოგადოება, მუდმივად იყვნენ ინფორმირებული იმ პირთა შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ კომპანიის ხმის უფლებებს. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინოა ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის თვალსაზრისით. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი მხოლოდ ზედაპირულად ეხება აღნიშნულ საკითხებს: აწესებს აკრძალვებს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებისა და ბაზრის მანიპულაციის მიმართ, თუმცა საკმარისად არ განმარტავს მათ მნიშვნელობასა და ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებებს ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნების ან ბაზრის მანიპულაციის პრევენციის თვალსაზრისით. ბაზარზე გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად, ზემოთ ნახსენებ ცვლილებებთან ერთად, აუცილებელია გადაიჭრას იმ პრივატიზებული საწარმოების პრობლემა, რომლებიც 90-იან წლებში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად გახდნენ ანგარიშვალდებული საწარმოები. არსებული მდგომარეობით, ამ კომპანიების უმრავლესობა მათი ზომიდან, მმართველობის სტრუქტურიდან და შემოსავლიანობიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ყოველივე ეს კი გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის ბაზრის გამჭვირვალობასა და სტაბილურობას და, შესაბამისად, მისი განვითარების პერსპექტივებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მუდმივი სრულყოფა, რათა სამართლებრივი ჩარჩო შეესაბამებოდეს ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას, ევროკავშირში მოქმედ შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით, მომზადდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტი მიზნად ისახავს ემიტენტთა გამჭვირვალობისა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორებას, აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი გააჩნდეს მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ დააკმაყოფილონ კანონმდებლობით გათვალისწინებული გამჭვირვალობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოთავაზებული ცვლილებები და მისი დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს განვითარებულ ქვეყნებს შორის კაპიტალის მოძრაობისთვის ბარიერების შემცირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და სათანადოდ ვერ არეგულირებს ბაზრის მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს, აღნიშნული მოთხოვნების დასაზუსტებლად და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება. ამასთან, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (შემდგომში - ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველომ აიღო საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანის ვალდებულება, რომელიც სხვა დირექტივებთან ერთად მოიცავს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ემიტენტთა გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან დირექტივასაც (რეგულაციას). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ არსებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს, დაარეგულირებს ბაზრის მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და შესაბამისობაში მოიყვანს მას აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან. კანონი შექმნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭირო მექანიზმებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე გამჭვირვალობის დონის ზრდას, უზრუნველყოფს ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და მათ დაცულობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს, ქმედებების ინსაიდერულ ვაჭრობად და ბაზრის მანიპულაციად კვალიფიცირების კრიტერიუმებსა და შესაბამის აკრძალვებს, აგრეთვე საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების ნაწილს, რომლებიც მასობრივი პრივატიზაციის შედეგად გახდნენ ანგარიშვალდებული საწარმოები და რომელთა ზომა და შემოსავლიანობა არ შეესაბამება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კანონპროექტით ზუსტდება კანონის გამოყენების სფერო სამთავრობო ფასიანი ქაღალდებთან მიმართებით. კონკრეტულად, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, არსებული რედაქციისგან განსხვავებით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში მოექცევა სამთავრობო ფასიანი ქაღალდებით კომერციული ბანკების მიერ მეორად ბაზარზე სამთავრობო ფასიანი ქაღალდებით დადებული არასაბირჟო გარიგებები. ამასთან, იცვლება და დამატებით განისაზღვრება კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, კერძოდ კი: ზუსტდება აუდიტორის მნიშვნელობა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზუსტდება საბოლოო პროსპექტის მნიშვნელობა და ემატება შეთავაზების პირობების დოკუმენტის დეფინიცია კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ემისიის პროსპექტის დამტკიცების პროცესის გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად; ზუსტდება ემიტენტის მნიშვნელობა, რათა მოიცვას იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი; მნიშვნელოვანი შენაძენის ცნება დაიფარება კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად და იგი განსხვავებული იქნება მნიშვნელოვანი წილის დეფინიციისაგან; აგრეთვე, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ემატება ბენჩმარკის დეფინიცია კანონპროექტით წარმოდგენილი 451 მუხლით გათვალისწინებული ბაზრის მანიპულაციის ქმედებების განსამარტად. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ადრეული განვითარების ეტაპზეა და მის განვითარებასთან ერთად იქმნება ახალი კაპიტალის ბაზრის პროდუქტები/ბაზარზე მონაწილეობენ განსხვავებული ტიპის ემიტენტები, კანონით დაზუსტდება ემისიის პროსპექტის მომზადებისა და საჯარო შეთავაზების განხორციელების ამჟამად არსებული მოთხოვნები. კერძოდ, ზუსტდება, რომ ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ბოლო 2 სამეურნეო წლის აუდიტირებული ფინანსურ ანგარიშგებების წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, სებ-ს ეძლევა უფლებამოსილება არა მხოლოდ დამატებითი, არამედ ემიტენტებს გამარტივებული მოთხოვნებიც დაუდგინოს კონკრეტული ტიპის საჯარო შეთავაზების განხორციელებისას ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. ასევე, ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდის ემისიას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელებენ სებ-ის მიერ დადგენილი წესით. ემისიის პროსპექტის დამტკიცების მხრივ, პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, საბოლოო პროსპექტის დამტკიცების ნაცვლად, ემიტენტი ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგინოს შეთავაზების პირობების დოკუმენტი, რომელიც დამტკიცების შემდეგ, უკვე დამტკიცებულ წინასწარ პროსპექტთან ერთად შეადგენს საბოლოო პროსპექტს. კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იცვლება კანონის III თავის მოთხოვნები როგორც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან, ისე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი წილის მფლობელებთან მიმართებით. ამ თავში შემოთავაზებული ცვლილებებით, უპირველეს ყოვლისა, ზუსტდება ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება, რათა უკეთ იქნეს გამოკვეთილი მისი მიმართება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ცნებასთან (მუხლი 9). კერძოდ, ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომელიც დაფუძნებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შესაბამისად, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი წარმოადგენს ზოგად (საერთო) ცნებას მოიცავს როგორც ანგარიშვალდებულ საწარმოებს, ისე სხვა ემიტენტებს, რომლებიც არ არის დაფუძნებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუმცა გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები. კანონის III თავით განსაზღვრული მოთხოვნები რიგ შემთხვევებში მიემართება მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოს, ხოლო რიგ შემთხვევებში საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტებს ზოგადად და ასეთი ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს. განახლებული მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება შემთხვევები, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოხდება შესაბამისი პირების გათავისუფლება კანონის ცალკეული მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, ან მათთვის დამატებითი ან/და განსხვავებული მოთხოვნების განსაზღვრა. გარდა ამისა, ზუსტდება ემიტენტის ცნება საჯარო ფასიანი ქაღალდის სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში. დაბოლოს, საჯარო ფასიანი ქაღალდის ყველა ემიტენტს, და არა მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოს, დაეკისრება ვალდებულება, რომ მათი ფასიანი ქაღალდების რეესტრი აწარმოოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა. (მუხლი 10). პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები კანონპროექტის მიხედვით გავრცელებულია ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტზე, ნაცვლად მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოსი (მუხლი 11). შესაბამისად, აღარ იქნება საჭიროება, ცალკე დარეგულირდეს იმ ემიტენტების მიერ პერიოდული ანგარიშების მომზადება და გამჟღავნება, რომლებიც საწარმოები არ არიან (კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად). შემოთავაზებული კანონპროექტით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტზე გავრცელდება პერიოდული ანგარიშების წარმოებისა და გამოქვეყნების მოთხოვნები (ამასთან, როგორც აღინიშნა, ეროვნულ ბანკს გააჩნია ულებამოსილება, გამონაკლისის სახით, ცალკეული კატეგორიის ემიტენტები გაათავისუფლოს კანონით დადგენილი ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის ვალდებულებისაგან). აღნიშნულ ემიტენტებს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მომზადებასთან ერთად დამატებით დაეკისრებათ აუდიტორის მიერ დამოწმებული მმართველობითი ანგარიშგების მომზადება და გასაჯაროება. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშვალდებულ საწარმოებს, რომელთა ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აუდიტორის მიერ დამოწმებული წლიური მმართველობითი ანგარიშგების მომზადება უკვე მოეთხოვებათ საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. დამატებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების წლიური ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასეთ ემიტენტებს მოეთხოვებათ აუდიტის განხორციელება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ასეთ კომპანიებს, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის არმქონე კომპანიებთან შედარებით, გააჩნიათ გაცილებით მაღალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რის გამოც მნიშვნელოვანია რომ არა მხოლოდ აუდიტირებული წლიური ანგარიში გახადონ საჯაროდ ხელმისაწვდომი, არამედ მოამზადონ და გაასაჯაროონ ნახევარწლიური ანგარიში (არააუდიტირებული), რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს რეგულარულად ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და სტრატეგიული ხედვის შესახებ. აღნიშნული ანგარიშგებების წარდგენის წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშს, ორმაგი ანგარიშგების მოთხოვნის თავიდან აცილებისა და არასისტემური დამატებით ანგარიშის გაუქმების მიზნით, ემიტენტებს ეხსნებათ ვალდებულება წარადგინონ მიმდინარე ანგარიში, და ამის სანაცვლოდ, დაეკისრებათ ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სამართლებრივი აქტის შესაბამისად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ეკისრებათ ფინანსური ანგარიშგებების არა მხოლოდ ეროვნულ ბანკისათვის წარდგენის, არამედ გასაჯაროების ვალდებულებაც (როგორც წლიური, ისევე ნახევარწლიური). ამასთან, შემოთავაზებული ცვლილებებით კანონმდებლობიდან ამოღებულია ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისთვის სხვადასხვა სახის ანგარიშგებების წარდგენის ვალდებულება, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნა იწვევდა ბუნდოვანებას და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს საკითხი უნდა რეგულირდებოდეს იმ საფონდო ბირჟის წესებით, რომელზეც სავაჭროდ არის დაშვებული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებულ საწარმოთა მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობის შესახებ არსებულ მოთხოვნებს ანაცვლებს კანონის 455 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის თანახმადაც ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირები ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ატყობინებენ მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ. ასევე, ანგარიშვალდებულ საწარმოთა კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ არსებული ჩარჩოც კარგავს მნიშვნელობას, გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი და ინვესტორთათვის მისაწოდებელი წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების დადგენა ხდება ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა და ამის შედეგად ინვესტორთათვის გაუმჟღავნებლობა მნიშვნელოვნად ეწინააღმდება გამჭვირვალობის უმთავრეს პრინციპებს. რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშში გასათვალისწინებელი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევას, როგორც უკვე აღინიშნა, ორმაგი ანგარიშგების მოთხოვნის თავიდან აცილებისა და არასისტემური დამატებით ანგარიშის გაუქმების მიზნით, ემიტენტებს ეხსნებათ ვალდებულება წარადგინონ მიმდინარე ანგარიში, და ამის სანაცვლოდ, დაეკისრებათ ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება, რომლიდან გამონაკლისსაც განსაზღვრავს კანონპროექტით შემოთავაზებული, კანონის ახალი რედაქციის 455 მუხლის მე2 პუნქტი. კანონპროექტით არსებითად იცვლება საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებიც (მუხლი 14). დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მნიშვნელოვანი წილის შეძენა ხორციელდება (კანონის თანახმად, მნიშვნელოვან წილად ითვლება საწარმოში ხმების 10%-ზე მეტის ფლობა ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია გააკონტროლოს საწარმო). შემოთავაზებული ცვლილებებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს დაეკისრებათ შეტყობინებისა და გასაჯაროების ვალდებულება მნიშვნელოვანი წილის როგორც შეძენის, ისე გასხვისების შემთხვევაში, ხოლო ნიშნულები განისაზღვრება ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრული ოდენობების შესაბამისად (5 %, 10 %, 15 %, 20 %, 25 %, 30 %, 50 %, 75 %). აღნიშნული ცვლილება დროულსა და ინფორმატიულს ხდის მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ხმის უფლებათა შეძენის ან გასხვისების შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შეტყობინების/გასაჯაროების ვალდებულება დაეკისრებათ ფასიანი ქაღალდების როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მფლობელებს, მათ შორის ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფს და ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელებს, რომლებსაც აღნიშნული ინსტრუმენტი აძლევს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას. ხმის უფლების გაანგარიშების, წარსადგენი ანგარიშის/შეტყობინების ფორმასა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტი დამატებით მოთხოვნებს ადგენს საჯარო ფასიანი ქაღალდის ემიტენტთან მიმართებით (მუხლი 141), რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ინვესტორთა უფლებების მეტად დაცულობას, ხოლო მეორე მხრივ მათ გაუმარტივებს თავიანთი უფლებების განხორციელებას. შემოთავაზებული ცვლილებები საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ავალდებულებს, რომ თანაბრად მოეპყრონ ერთი და იმავე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელებს, დროულად მიაწოდონ ინვესტორებს საჭირო ინფორმაცია საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაბოლოს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ინვესტორს/ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ცვლილების შესახებ. გამჭვირვალობის კუთხით, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან მიმართებით, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოთხოვნები წარმოადგენს აქციონერთა უფლებების დაცვის მექანიზმს და ზედმეტ ვალდებულებებს აკისრებს არაწილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს. კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება კანონის VII თავში, რომელიც არეგულირებს ინსაიდერულ ვაჭრობას, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებასა და ბაზრის მანიპულაციას. ამ თავის მოქმედების სფერო გაზრდილია და ვრცელდება ყველა იმ ფასიან ქაღალდზე, რომელიც გამოშვებულია საჯარო შეთავაზების გზით, დაშვებულია საფონდო ბირჟაზე ან რომელთა საჯარო შეთავაზებაც მოთხოვნილია ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი პროსპექტის საფუძველზე. ამასთან, კანონის VII თავის მოქმედება გავრცელდება სამთავრობო ფასიანი ქაღალდებზე განხორციელებულ ნებისმიერ მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობაზეც. აღნიშნული თავი, ასევე, დაფარავს სხვა ისეთ ფასიან ქაღალდებს ან ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომელთა ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია ზემოაღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე ან რომლებიც ზეგავლენას ახდენს ამ ფასიანი ქაღალდების ფასზე/ღირებულებაზე. კანონის VII თავის მიზნებისთვის გაფართოებულია ემიტენტის ცნება. აღნიშნული თავის მოქმედება ვრცელდება ემიტენტზე, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან დაშვებულია სავაჭროდ საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, აგრეთვე ემიტენტზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი აქვს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება. კანონის VII თავის მოქმედება გავრცელდება ნებისმიერ გარიგებაზე, სავაჭრო დავალებასა და ურთიერთობაზე, იმის მიუხედავად, ხორციელდება თუ არა იგი საფონდო ბირჟაზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ჩანაწერის მიზანს წარმოადგენს ის, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო ფასიან ქაღალდზე, აგრეთვე სამთავრობო ფასიან ქაღალდზე (ან ფასიან ქაღალდზე რომელთა საჯარო ემისიაც მოთხოვნილია ეროვნული ბანკისთვის პროსპექტის წარდგენის საფუძველზე) ბაზრის მანიპულაცია და ინსაიდერული ვაჭრობა ან მათი მცდელობა ჩაითვლება დარღვევად ნებისმიერ ადგილას - როგორც საფონდო ბირჟაზე, ის მის გარეთ და როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით ბაზრის მანიპულაცია ან მისი მცდელობა და შესაბამისი აკრძალვები გავრცელდება ბენჩმარკებთან დაკავშირებულ ქმედებებზეც; რამდენადაც ზოგიერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება დამოკიდებულია შესაბამის ბენჩმარკზე და ამ უკანასკნელის მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის გზით შესაძლებელია მოხდეს ბაზრისა და ინვესტორების შეცდომაში შეყვანა. VII თავით გათვალისწინებული წესები არ გავრცელდება იმ უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი სახელით მოქმედი პირების იმ ქმედებებზე, რაც უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონეტარული ან სავალუტო პოლიტიკის გატარებას, ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას ან სახელმწიფო ვალის მართვას. შესაბამისად, VII თავით გათვალისწინებული წესები წესები ჩვეულებრივად შეეხება უფლებამოსილი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი ან მესამე პირის კერძო ინტერესებისათვის მოქმედებენ და ახორციელებენ ამ თავით აკრძალულ ქმედებებს. ცვლილებები, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს შეიმუშაოს ამ თავიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტები, განსაზღვროს და უფრო ნათლად განმარტოს ამ თავით გათვალისწინებული წესები. კანონის 45-ე მუხლში ჩნდება პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობას ან ვაჭრობის მცდელობას; მესამე პირისათვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემას ან ინსაიდერულ ვაჭრობაზე მის დაყოლიებას; აგრეთვე, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებასა და ბაზრის მანიპულაციას ან მანიპულაციის მცდელობას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კანონს მეტ სიცხადეს შესძენს, ხოლო ინსაიდერული ვაჭრობისა და მანიპულაციის მცდელობების აკრძალვით კი აფართოებს მისი მოქმედების არეალს. კანონს ემატება 451 მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ქმედებები, რომლებიც ჩაითვლება ბაზრის მანიპულაციად ან მის მცდელობად. აღნიშნული ქმედებები ძირითადად ეხება იმგვარი გარიგებების დადებას, დავალების განთავსებას ან სხვა ქმედებას, რომლის მიზანიცაა მცდარი სიგნალების წარმოქმნა ფასიანი ქაღალდის ფასთან, მოთხოვნასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე ფასიანი ქაღალდის ფასთან დაკავშირებულ სხვა სახის მანიპულაციებს. აღნიშნული დარღვევები მოიცავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას მედიასაშუალებების გზითაც. მუხლში დაკონკრეტებულია, რომ იურიდიული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში პასუხისმგებელია ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონში დამატებული 452 მუხლით განისაზღვრება თუ რას წარმოდგენს ინსაიდერული ინფორმაცია და რა არის მისი მახასიათებლები, 453 მუხლით განიმარტება ინსაიდერული ვაჭრობის არსი და ცალკეულ ქმედებათა ინსაიდერულ ვაჭრობად მიჩნევის კრიტერიუმები, ხოლო 454 მუხლი აზუსტებს ქმედებებს, რომლებიც ჩაითვლება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად. შემოთავაზებულ ცვლილებებში მკაფიოდაა განმარტებული თუ რას წარმოადგენს ინსაიდერული ინფორმაცია. მისი მთავარი მახასიათებლებია სიზუსტე და იმის შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდის ან მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე. ხაზი უნდა გაესვას ფაქტსაც, რომ ინსაიდერულ ინფორმაციად იმგვარი ინფორმაცია მიიჩნევა, რომელსაც გამოიყენებდა საღად მოაზროვნე ინვესტორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. კანონპროექტის მიხედვით, ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა ინსაიდერული ინფორმაციის მქონე პირის მიერ ამგვარი ინფორმაციის გამოყენებით, თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ეხება ინსაიდერული ინფორმაცია. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია, რომ ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პირმა, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას, არ მოიპოვოს არასამართლიანი უპირატესობა ბაზრის იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებსაც არ გააჩნიათ ამგვარი ინფორმაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინსაიდერული ინფორმაციის მქონე პირი უნდა მოიქცეს იმგვარად, როგორც მოიქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნებოდა ინსაიდერული ინფორმაცია. 453 მუხლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელმაც იცის ან უნდა იცოდეს რომ ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას. თუ პირი წარმოადგენს ემიტენტის მმართველ ორგანოს წევრს, აქციების ან წილის მფლობელს ან სხვა პირს, რომელსაც შრომითი ან სხვა სახის ვალდებულების შესრულების შედეგად აქვს წვდომა ინსაიდერულ ინფორმაციაზე, მის მიერ სხვა პირისთვის ამ ინფორმაციის გამჟღავნება ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად (გარდა იმ შემთხვევისა, თუკი გამჟღავნება მოხდა ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში). კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებით უფლებამოსილებას განმარტოს ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, დადგინოს შესაბამისი გამონაკლისი შემთხვევები და დააწესოს ვალდებულებები ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირთა მიმართ. კანონს ემატება 455 მუხლი, რომელიც ემიტენტების მიმართ აწესებს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მნიშვნელოვანია ყველა იმგვარი ინფორმაციის ცოდნა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათი ფასიანი ქაღალდის ფასსა და ღირებულებაზე, ემიტენტი ვალდებულია რომ ამგვარი ინსაიდერული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს საჯაროდ. მიუხედავად აღნიშნულისა, ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით, დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუკი სრულდება სამივე პირობა: დაუყოვნებელმა გასაჯაროებამ შეიძლება დააზიანოს ემიტენტის ლეგიტიმური ინტერესები, დაყოვნება არ იქნება საზოგადოებისათვის შეცდომაში შემყვანი და ემიტენტი უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ამასთან, თუ ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა ჩვეულებრივი შრომითი ან პროფესიული ვალდებულების ფარგლებში, აუცილებელია რომ აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ სრულად გასაჯაროვდეს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიმღებ პირს კანონმდებლობის, წესდების ან ხელშეკრულების საფუძველზე აკისრია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება). გარდა ზემოაღნიშნულისა, მუხლი ვალდებულებას ადგენს ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირებისთვის, შეატყობინონ ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ. საქართველოს ეროვნულ ბანკს ამავე მუხლით ენიჭება უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს მუხლიდან გამონაკლისი შემთხვევები, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელთა ნუსხის წარმოების წესები. 456 მუხლი აღწერს საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესს. პირი, რომელიც ამზადებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ კვლევას და ავრცელებს მას საზოგადოებისათვის მისი მიწოდების მიზნით, აგრეთვე პირი, რომელიც ამავე მიზნით ამზადებს ან ავრცელებს რეკომენდაციის შემცველ სხვა ინფორმაციას საინვესტიციო სტრატეგიის რჩევასთან დაკავშირებით, ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ობიექტური და გაამჟღავნოს ყველა ინტერესი ან ინტერესთა კონფლიქტი ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ინფორმაცია. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია, დაიცვას ბაზრის მონაწილეები, ვინაიდან გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციას თუ სხვა სახის საინვესტიციო რეკომენდაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, ბაზრის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელმა პირებმაც მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ აღმოჩნდეს ინვესტორთათვის შეცდომაში შემყვანი. აღნიშნული მოთხოვნა ასევევრცელდება, იმ უფლებამოსილ ორგანოებზე, რომლებიც ავრცელებენ სტატისტიკურ ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას. კანონპროექტში დამატებულია თავი IX1, რომელიც შეეხება ცალკეული კატეგორიის ემიტენტებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნას. ცვლილების თანახმად, ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულ იქნა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე, არ ჩაითვლება საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო მათი ემიტენტი კი ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდები არ იქნება საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული. შესაბამისად, ასეთი ტიპის საწარმოებზე ან/და მათ მიერ გამოშვებულ შესაბამის ფასიან ქაღალდებზე აღარ გავრცელდება კანონით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის ან/და საჯარო ფასიანი ქაღალდებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები (მათ შორის, მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობას, ინსაიდერულ ვაჭრობას, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებასა და ბაზრის მანიპულაციას). ამასთან, ზემოაღნიშნული ცვლილება არ შეეხება იმ პრივატიზებულ საწარმოებს, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ვადაში მოითხოვენ სტატუსის შენარჩუნებას, აკმაყოფილებენ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოსათვის დადგენილ კრიტერიუმებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ემისიის პროსპექტი. ცვლილების მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, გაათავისუფლოს ზედმეტი საზედამხედველო მოთხოვნებისგან ის სუბიექტები, რომლებისთვისაც ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შეძენა არ იყო საკუთარი არჩევანი და რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის დადგენილ სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, დანარჩენ და რეგულირების ქვეშ მყოფ კომპანიებზე განავრცოს ყველა ის საზედამხედველო მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ის დებულებები, რომლებიც შეეხება პრივატიზებული საწარმოებისთვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნას, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ის დებულებები, რომლებიც არეგულირებს ბაზრის გამჭვრივალობასთან, ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს დაჩქარებული წესით. აღნიშნული საკითხების გათვალისწინების ვალდებულება გაგვაჩნია როგორც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ (შემდგომში - ასოცირების შეთანხმება) ნაკისრი ვალდებულებებიდან, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმების XV-A დანართით გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 28 იანვრის „ინსაიდერული გარიგებებისა და ბაზარზე მანიპულაციების შესახებ (ინსაიდერული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება)“ 2003/6/EC დირექტივასთან. ასოცირების შეთანხმებით დაახლოების ვადად შესაბამისად გათვალისწინებულია შესრულების ბოლო ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წელი, არის 2019 წელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დირექტივა ძალადაკრგულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაციით „ბაზრის ბოროტად გამოყენების (ბაზრის ბოროტად გამოყენების რეგულაცია) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს“. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დინამიური დაახლოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისობა უზრუნველყოფილია სწორედ აღნიშნული რეგულაციის მიმართ. კანონპროექტი ასევე ნაწილობრივ შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების იმავე დანართით გათვალისწინებულ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/109/EC დირექტივასთან „რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნათა ჰარმონიზაციის შესახებ, რომლითაც შესწორდა 2001/34/EC დირექტივა“ (დაახლოების ვადად გათვალისწინებულია შეთანხმების ძალაში შესვლიდან 7 წელი - 2021). გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომაწესრიგებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ავალდებულებს ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) პრინციპებთან მიახლოებას ბაზრის ეფექტიანი და გამჭვირვალე რეგულირების მიზნით. შესაბამისად, 2018 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) 1 ასოცირებული წევრი გახდა. ასოცირებული წევრის სტატუსის მიღებიდან 1 წლის ვადაში, წევრ ორგანიზაციას ვალდებულება ეკისრება განაცხადი წარადგინოს IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციის მუდმივი წევრობის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, საქართველოში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის თვითშეფასების დოკუმენტის) IOSCO-სთვის. ოფიციალურად წარდგენა 2019 წლის აგვისტოში განხორციელდა. მემორანდუმზე ხელმოწერის პროცესი სხვა მრავალ საკითხთან ერთად, IOSCO-ს სპეციალური შესარჩევი კომისიის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესწავლასა და შეფასებასაც მოიცავს. შეფასების კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე კი მოხდება მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. კანონპროექტით შემოთავაზებულია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც უნდა ფარავდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობა შეფასების პროცესის წარმატებით გასავლელად. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც ბაზრისთვის, ისე საქართველოს ეროვნული რეგულატორისთვის, რათა ბანკისთვის, როგორც მოითხოვოს და მიიღოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე მემორანდუმის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სხვა ქვეყნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს რეგულირებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ IOSCO-ს შეფასების კომისია უკვე დაკომპლექტებულია, დაშვებულია, რომ შეფასების პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართოს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს შესაბამისი ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა. გარდა ამისა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე გარკვეული კატეგორიის პრივატიზებულ საწარმოებს შესაძლებლობა მიეცემათ ნებაყოფლობით განაცხადონ უარი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებაზე და შესაბამისად, გათავისუფლდნენ ზედმეტი საზედამხედველო მოთხოვნებისგან და აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის გაწეული ხარჯებისგან. ამ საწარმოებისათვის აღნიშნული სტატუსის მოხსნა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების დროული დანერგვისთვის. IOSCO საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც დღესდღეობით მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორია გაწევრიანებული და რომელიც ამ სექტორში გლობალური სტანდარტების დამამკვიდრებლადაა მიჩნეული. IOSCO-ს წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გზით უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეტ გამჭვირვალობას, სისტემური რისკების შემცირებასა და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას. IOSCO-ს მიერ 1998 წელს მიღებული და შემდგომ მრავალჯერ გადამუშავებული ფასიანი ქაღალდების რეგულირების მიზნები და პრინციპები დღესდღეობით მსოფლიოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული. 1 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ეროვნული ბანკის მიერ პირზე სანქციის (ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად გასაწევ ხარჯებს, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე ხსენებული უფლებამოსილებების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, არსებული რედაქციისგან განსხვავებით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში მოექცევა სამთავრობო ფასიანი ქაღალდებით კომერციული ბანკების მიერ მეორად ბაზარზე დადებული არასაბირჟო გარიგებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომერციული ბანკებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტით განსაზღვრული, გამჭვირვალობასთან, ინსაიდერულ ინფორმაციასა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების გავრცელება არა მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებზე („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საქართველოში დაფუძნებულ საწარმოებზე), არამედ ყველა ემიტენტზე (რეზიდენტობისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც საქართველოში განახორციელებენ საჯარო შეთავაზებას ან/და რომელთა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული, სავარაუდოდ, გაუზრდის ფინანსურ ხარჯებს შესაბამისი კატეგორიის ემიტენტებს. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე ფინანსური ზეგავლენა შეიძლება იქონიოს კანონპროექტით გათვალისწინებულმა დანაწესმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, დაუწესოს აღნიშნულ ემიტენტებს კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები. ამ მოთხოვნების შესრულებამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა. კანონპროექტით, ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული მათი ფასიანი ქაღალდები და, შესაბამისად, ითვლებიან თუ არა ისინი საზოგადოებრივი დაინტერესების პირებად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაეკისრებათ ვალდებულება მოამზადონ წლიური ფინანსური ანგარიშგება, უზრუნველყონ მისი აუდიტი და აგრეთვე მოამზადონ მმართველობის ანგარიშგება იმ წესით, რაც ზოგადად დადგენილია საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისათვის. ამჟამად, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ ემიტენტებზე, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და ითვლებიან საზოგადოებრივი დაინტერესების პირებად „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ასევე, კანონპროექტით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, მოამზადონ ცალკე შუალედური მმართველობის ანგარიშგება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა აქამდე ამ ფორმით არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც ზემოხსენებული წესების შესაბამისად არ აწარმოებდნენ ანგარიშებს, შესაძლოა დაეკისროთ დამატებითი ფინანსური ტვირთი. თუმცა, წლიურ და შუალედურ მმართველობის ანგარიშგებებთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული ინფორმაცია, რომელიც გაითვალისწინება ამ ანგარიშგებებში, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შეიტანება წლიურ და ნახევარწლიურ ანგარიშებში, რომლებსაც ამზადებენ და ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ანგარიშვალდებული საწარმოები (მაგ., ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ; ინფორმაცია საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ და სხვ.). შესაბამისად, უშუალოდ მმართველობის ანგარიშგებების მომზადების ვალდებულების შემოღებით ემიტენტებზე დაკისრებული ვალდებულების ფინანსური ეფექტი სავარაუდოდ იქნება მინიმალური. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიერ მომზადებული ანგარიშების (ფინანსური ანგარიშგებები და მმართველობის ანგარიშგებები) საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებას, აღნიშნულს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა (კერძოდ, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი) ითვალისწინებს მხოლოდ იმ ემიტენტებისათვის რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (ე.ი. რომელთა ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული). შემოთავაზებული კანონპროექტით კი ეს ვალდებულება გავრცელდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური ზეგავლენა მოახდინოს ხსენებულ ემიტენტებზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 2014 წლის 16 აპრილის No 596/2014 რეგულაციასთან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება იწვევს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის III თავით განსაზღვრული ზოგიერთი დანაწესის გაუქმებას, თუმცა მსგავსი სულისკვეთებისა და მიზანდასახულობის ნორმები შემოთავაზებულია კანონპროექტის VII თავში, რის გამოც აღნიშნული ცვლილებები პრაქტიკულად ვერ მოახდენს ფინანსურ გავლენას შესაბამის სუბიექტებზე. მაგალითად, კანონპროექტით უქმდება ემიტენტების მიერ მიმდინარე ანგარიშების წარმოდგენის ვალდებულება, რასაც ანაცვლებს ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება; აგრეთვე ანგარიშვალდებულ საწარმოთა მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობის შესახებ არსებულ მოთხოვნებს ანაცვლებს კანონის 455 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის თანახმადაც ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირები ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ატყობინებენ მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ. ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კანონპროექტით შემოთავაზებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებიც (მუხლი 14). დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის ფლობის შესახებ ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების ვალდებულება განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირი ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედი პირთა ჯგუფი შეიძენს საწარმოში ხმების 10%-ზე მეტს ან შეუძლია გააკონტროლოს საწარმო. ამისგან განსხვავებით, კანონპროექტი, ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულებას ითვალისწინებს, თუკი, პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგ., შვილობილი კომპანიის საშუალებით), პირის მფლობელობაში არსებული ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების ოდენობა მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება 5 , 10 , 15 , 20 , 25, 30 , 50 , 75 პროცენტს. აგრეთვე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს საწარმოში იმავე ოდენობის ხმის უფლებები, მათი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობის გარეშე. თავის მხრივ, შეტყობინების მიღების შემდეგ, დღეს მოქმედი რეჟიმისგან განსხვავებით, ემიტენტს დაეკისრება აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება. ყოველივე ამან საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებსა და მათ ინვესტორებს შესაძლოა დააკისროს დამატებითი ფინანსური ტვირთი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის ფინანსური შედეგები შეიძლება აგრეთვე მოჰყვეს მათთვის ვალდებულების დაკისრებას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობებისა ან/და მათთან დაკავშირებულ უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყონ ყველა იმ პირობის შექმნა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მაგ., აქციონერთა/ობლიგაციონერთა კრებებზე მონაწილეობისათვის), რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ჯეროვნად განახორციელონ თავიანთი უფლებები. შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში, მნიშვნელოვანია ინსაიდერულ ვაჭრობასთან და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების ფარგლების გაფართოება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთის დაკისრებას. კერძოდ, ევროკავშირის რეგულაციის შესაბამსად, კანონის VII თავი გავრცელდება არა მხოლოდ საჯარო ფასიან ქაღალდებზე, არამედ სხვა მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებზეც, აგრეთვე იმ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია ეროვნული ბანკისათვის/საფონდო ბირჟისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე; აგრეთვე, ბაზრის მანუპულაციასთან დაკავშირებული აკრძალვები გავრცელდება ბენჩმარკებთან დაკავშირებულ ქმედებებზეც. კანონპროექტით, ახლებურად ჩამოყალიბდა და გაფართოვდა იმ ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ბაზრის მანუპულაციად, აგრეთვე დაზუსტდა, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში აკრძალვა გავრცელდება მისი სახელით გადაწყვეტილების მიმღებ ფიზიკურ პირებზე. კანონპროექტის ფარგლებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს, აგრეთვე ემიტენტებს, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება, დაეკისრებათ დამატებითი ვალდებულება საჯაროდ გაამჟღავნონ და გამოაქვეყნონ მათთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია, რამაც აგრეთვე შეიძლება დააკისროს დამატებითი ფინანსური ტვირთი ემიტენტებს (თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინსაიდერული ინფორმაციის გამღავნება, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, წარმოებს ეროვნული ბანკისათვის მიმდინარე ანგარიშების წარდგენის გზით. ამასთან, თუკი ემიტენტი არ მოითხოვს მათ კონფიდენციალურად მიჩნევას, მიმდინარე ანგარიშები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მათი გაცნობა). კანონპროექტით, პრაქტიკულად უცვლელია ინსაიდერის (ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელის) დეფინიცია, თუმცა ინსაიდერებს დამატებით დაეკისრებათ ვალდებულება, მესამე პირისათვის ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნებისას, აღნიშნული ინფორმაცია გაამჟღავნონ საჯაროდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მესამე პირს კანონმდებლობის, წესდების ან ხელშეკრულების საფუძველზე აკისრია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად, ემიტენტებსა და მათი ინტერესებისათვის მოქმედ პირებს, რომლებსაც მიუწვდებათ ხელი ემიტენტის ინსაიდერულ ინფორმაციაზე, ეროვნული ბანკის მიერ შეიძლება დაეკისროთ ახალი ვალდებულება, აწარმოონ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირთა შესახებ ჩანაწერები, რასაც შეიძლება გარკვეული ფინანსური შედეგები მოჰყვეს ამ პირებისათვის. კანონპროექტით განისაზღვრება ახალი ვალდებულებები იმ პირებისათვის, რომლებიც საჯაროდ ავრცელებენ კვლევას ან რეკომენდაციას იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონის VII თავი. კერძოდ, ასეთი პირები ვალდებული იქნებიან მიიღონ გონივრული ზომები, რათა მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს ობიექტური და გაამჟღავნონ ყველა ინტერესი ან ინტერესთა კონფლიქტი; ასევე, ოფიციალურ ორგანოებს, რომლებიც ავრცელებენ სტატისტიკურ ან პროგნოზის შემცველ ინფორმაციას, ექნებათ ვალდებულება, ინფორმაციის გავრცელებისას იმოქმედონ ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ასევე შეიძლება მოახდინოს ფინანსური გავლენა ხსენებული ინფორმაციის გამავრცელებელ პირებზე. კანონპროექტით შემოთავაზებული მნიშვნელოვანია სიახლეა ცალკეული პრივატიზებული საწარმოებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის მოხსნა. კერძოდ, პრივატიზებული საწარმოები, რომელთა ფასიანი ქაღალდები (აქციები) არ იქნება სავაჭროდ წარმოდგენილო საფონდო ბირჟაზე, გამონაკლისების გარდა, აღარ ჩაითვლებიან ანგარიშვალდებულ საწარმოებად, ხოლო მათ მიერ გამოშვებული შესაბამისი ფასიანი ქაღალდები - საჯარო ფასიან ქაღალდებად. ეს გამოიწვევს ასეთი საწარმოების გათავისუფლებას ზედმეტი საზედამხედველო მოთხოვნებისგან და დაკავშირებული ხარჯებისგან. ასევე, საზედამხედველო მოთხოვნების გაუქმება პრივატიზებული საწარმოების ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით გავლენას მოახდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეებზეც და მათაც შეუმსუბუქებს ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს. დაბოლოს, კანონპროექტით შემოთავაზებული ჩარჩოს აღსრულების მიზნით, ეროვნული ბანკს ენიჭება შესაბამისი სამართლებრივი აქტების (წესების) გამოცემის/დადგენის, აგრეთვე მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე ხსენებული უფლებამოსილებების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს; ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას სანქციების (მათ შორის ფულადი ჯარიმის) დაკისრების ფარგლებში, თუმცა აღნიშნული სანქციების სახე ან გაანგარიშების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების IV კარის, მე-6 თავის, მე-5 ნაწილის, მე-6 ქვენაწილის 122-ე და VI კარის მე-7 თავის 323-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებიდან. 323-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. XV-A დანართის C ნაწილით (ფასიანი ქაღალდები) საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა დაუახლოვოს, მათ შორის, ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებს:  2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივა ინსაიდერული გარიგებებისა და ბაზარზე მანიპულაციების შესახებ (ინსაიდერული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება);  2003 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2003/124/EC დირექტივა, რომელიც ხელს უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და, რომელიც ეხება ინსაიდერული ინფორმაციის ტერმინის განმარტებას, ინსაიდერული ინფორმაციის განსაჯაროებას და ბაზარზე მანიპულაციის განსაზღვრებას;  2003 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2003/125/EC დირექტივა, რომელიც ხელს უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და, რომელიც ეხება საინვესტიციო რეკომენდაციების სამართლიან წარდგენას და ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებას;  2004 წლის 29 აპრილის ევროკომისიის 2004/72/EC დირექტივა, რომელიც ხელს უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და, რომელიც ეხება ბაზარზე დამკვიდრებულ პრაქტიკას, ინსაიდერული ინფორმაციის განსაზღვრებას სასაქონლო დერივატივებთან მიმართებაში, საწარმოს ინსაიდერთა ნუსხის შედგენას, მმართველი ორგანოს წევრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შეტყობინებას შესახებ შეტყობინებასა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ და  2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/109/EC დირექტივა, რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნათა ჰარმონიზაციის შესახებ, რომლითაც შესწორდა 2001/34/EC დირექტივა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:   ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია ბაზრის ბოროტად გამოყენების (ბაზრის ბოროტად გამოყენების რეგულაცია) შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს;2 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/109/EC დირექტივა, რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნათა ჰარმონიზაციის შესახებ, რომლითაც შესწორდა 2001/34/EC დირექტივა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტისთვის გამჭვირვალობასა და ბაზრის მანიპულაციის/ინსაიდერული ვაჭრობის ჩარჩოს შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის სხვადასხვა ექსპერტებმა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო ორგანოს (FSMA) წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. გარდა ამისა, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების კომუნიკაცია მოხდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი 2 ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დინამიური დაახლოების მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ევროკომისიასთან მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის განახლების მიზნით. მხარეები თანხმდებიან ახალი - 596/2014 რეგულაციის შესრულების ვადებზე. მაქსიმალურად ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციის შედეგად მათ მიერ გამოვლენილ მიზნობრივ საკითხებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.