საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა 512 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე (№1-130/21; 11.01.2021) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-1547/21
08-02-2021
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
512 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე (N1-130/21; 11.01.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 თებერვლის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა 512 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე (N1-130/21;
11.01.2021).
I. პეტიციის ძირითადი არსი
პეტიციით შემოთავაზებულია, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში
ინიციირებულ კანონპროექტში „ამნისტიის შესახებ“ (რომელიც საქართველოს პარლამენტმა
მესამე მოსმენით მიიღო 2021 წლის 11 იანვარს) შევიდეს ცვლილება და ამნისტია გავრცელდეს
შემდეგ შემთხვევებზედაც:
ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული
სასჯელი;
გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით);
გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-6 ან მე-8
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის,
ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული,
ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა;
ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ,
ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია; ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია);
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ იმ პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, რომელსაც ეს
სტატუსი შეჩერებული არ აქვს და რომელიც პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით
სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასჯელის მოუხდელი ნაწილის
ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი იმ
შემთხვევაშიც, თუ მას ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. კომიტეტის შეფასება
2020 წლის 16 დეკემბერს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 2020 წლის 30
დეკემბერს, მეორე მოსმენით 2021 წლის 5 იანვარს, ხოლო მესამე მოსმენით 2021 წლის 11
იანვარს. პეტიცია კი წარდგენილ იქნა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა 2021
წლის 11 იანვარს, კერძოდ, იმ დღეს, როდესაც პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის
პროექტი მესამე მოსმენით განიხილა. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
პეტიციაზე მისი წარდგენისთანავე (2021 წლის 11 იანვარს) რომც ემსჯელა, პეტიციით
განსაზღვრული ზემოხსენებული პრინციპული საკითხების „ამნისტიის შესახებ“ კანონის
პროექტისთვის დამატება მისი მესამე მოსმენით განხილვის რეჟიმში პროცედურულად
შეუძლებელი იქნებოდა. პროცედურულად მით უფრო შეუძლებელია პეტიციით
გათვალისწინებული საკითხების „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტისთვის ამჟამად
დამატება, რადგან კანონი უკვე მიღებულია.
საკითხის შინაარსობრივ მხარესთან მიმართებით კი აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“
კანონპროექტი პარლამენტში განხილვისას მნიშვნელოვნად გაფართოვდა მის ინიციირებულ
ვერსიასთან შედარებით და გაიზარდა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც
გავრცელდა ამნისტია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი ეფუძნებოდა ერთერთ შემდეგ პრინციპს: ამნისტია არ გავრცელდებოდა მთელი რიგი ძალადობრივი
ქმედებებისა და ისეთი დანაშაულების მიმართ, რომელთა ჩადენამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია. პეტიციით შემოთავაზებული ცვლილებები კი აშკარად ეწინააღმდეგება
ამ პრინციპს. შესაბამისად, კომიტეტი აღნიშნული პეტიციის გაზიარებას შინაარსობრივადაც
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში
ცვლილებების შეტანის თაობაზე 512 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიციის (N1-130/21;
11.01.2021) შესწავლასა და განხილვას მიიჩნევს მიზანშეუწონლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი