„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი
ნომერი
#07-3/56/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 31-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს;“. 2. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე 1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. 2. იმ შემთხვევაში თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება.”. 3. 221-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. თითოეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის 1 კანდიდატებს კითხვართან ერთად ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა.“. ბ) მე-5 ნაწილი ამოღებული იქნეს. გ) 51 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა მობილური ტელეფონების ნომრები.“. დ) 51 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ კვლავ ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები.“. 4. 223-ე მუხლის: ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 300 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.“. ბ) მე-11 ნაწილი ამოღებული იქნას. 5. 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე, განსაზღვრულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას, აგრეთვე, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს განკარგულებით დააკისრებს ჯარიმას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულია ჯარიმა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით წყვეტს მას საჩივრის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის წესი საქართველოში 2009 წლის 9 ოქტომბერს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ამოქმედდა. 2012 წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდა იყო. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის კითხვარისა და უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით, 2020 წლის 2 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შესაბამის რაიონული (საქალაქო) სასამართლოებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მობილური ტელეფონის ნომრების გამოთხოვის უფლებამოსილება მიენიჭათ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოწვევად რჩება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა კორპუსის დროულად ფორმირება, რაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების მიერ შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობით და ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულების თავიდან აცილებით არის გამოწვეული. ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების გაჭიანურებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით დაცულ ბრალდებულის უფლებაზე, რომელიც მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას გულისხმობს. განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფრო ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობას და ბრალდებულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით მინიჭებული სწრაფი მართლმსაჯულების უფლების შეუფერხებლად განხორციელებას ისახავს მიზნად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წესრიგდება, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შეთხვევაში დაიხვეწება ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შედეგად ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატები გამოცხადდებიან, რაც შესაძლებელს 1 გახდის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უფრო შემჭიდროებულ ვადებში ჩამოყალიბდეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება ექნება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება. კანონპროექტით ასევე იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა, კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და არაუმეტეს 100 კანდიდატის ნაცვლად, დამატებით მოიწვევს არაუმეტეს 300 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად. გარდა ამისა, კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლიდან მე11 ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც დაცვის მხარეს ასევე ბრალდების მხარეს უფლება ექნება 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს, ხოლო თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ექნება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადაინაცვლებს ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დროულად მოწესრიგების საჭიროებიდან გამომდინარე, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების შედეგად საჭირო გახდა ფინანსური ხარჯების გაღება, აღნიშნული ფინანსური ხარჯები დაიფარება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მათ შორის სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაშიც. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, რადგან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენება, შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 500დან 1000 ლარამდე იზრდება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გაზრდილი რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს შესაბამისი დანახარჯები აუნაზღაურდებათ საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 3 კანონპროექტს გავლენა ექნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელ გაზრდილი რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების ფინანსურ მდგომარეობაზე. აღნიშნული დანახარჯები გაზრდილი რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს აუნაზღაურდებათ საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რომლის თანახმად, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს, დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანონპროექტს ასევე გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გაზრდილი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინაცვლებს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა, შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის, 500-დან 1000 ლარამდე იზრდება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. 4 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 5