„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, სოზარ სუბარი, ალუდა ღუდუშაური, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/79/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 87-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე. 22. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებით. “. 2. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დასაკავშირებლად.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში განსაზღვროს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 87-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს სატელეფონო საუბრის უფლებით. ამავე ნორმების თანახმად, სატელეფონო საუბარი ხორციელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ხარჯითა და არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების კონტროლით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის N622 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში. ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. ამასთანავე, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებების დებულებების თანახმად, კოდექსით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილებით იუსტიციის მინისტრის მიერ საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ეს საკანონმდებლო დონეზე იყო გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დღეის მდგომარეობით არ შეიცავს მსგავს დებულებებს, აღნიშნული სტანდარტის საკანონმდებლო დონეზე განსამტკიცებლად მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილების განხორციელება კანონში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთი სახეა სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 1 თვის ვადით. აღნიშნული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება ნებისმიერ პირთან/ორგანიზაციასთან დაკავშირება. ასევე, კოდექსის თანახმად, ბრალდებულის სატელეფონო საუბრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა სატელეფონო საუბრის უფლებით შეიძლება ისარგებლოს როგორც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კავშირის დასამყარებლად, ისე საკუთარი უფლებების დასაცავად ცალკეული მაკონტროლებელი უწყებების დროული ინფორმირების მიზნით. არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის უფლების ამ ორი თვისობრივად განსხვავებული მიზნით გამოყენების თავისებურებას და ორივეს ერთიანი რეგულაციის ქვეშ აქცევს. მსგავსი მიდგომა მოუქნელია შეზღუდვების დაწესებისას და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ზოგჯერ შიძლება გამოიწვიოს უფლების აუცილებელზე მეტად შეზღუდვა. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს დისციპლინური სახდელის სახით პატიმრისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის სათანადო საფუძველი, თუმცა აღნიშნული, დღეს მოქმედი რეგულაციით, ასევე იწვევს ყველა სხვა მიზნით ტელეფონის გამოყენების უფლების შეზღუდვასაც, რაც გაუმართლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და შესაბამისი ადეკვატური ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროცედურული მექანიზმების შექმნას, რომლის მეშვეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექნება შესაძლებლობა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ან უფლების დარღვევისკენ მიმართული ქმედების ეფექტური გამოძიების მიზნით. საქართველოში ასეთ ფაქტებზე გამოძიების განმახორციელებელ სპეციალიზირებულ უქყებას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰქონდეს მასთან შეუზღუდავად დაკავშირების შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არ აქვს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება, მისი კონსტიტუციური მანდატის ეფექტიანად განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელს შეუწყობს სახალხო დამცველთან სწრაფად და შეუფერხებლად დაკავშირებაში მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქციებს, სხვებს შორის, მიეკუთვნება: ა)საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა და კერძო აღმასრულებელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰქონდეს გენერალური ინსპექციისთვის ინფორმაციის დროულად და შეუზღუდავად მიწოდების შესაძლებლობის შექმნა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიმდინარეობს საქმის განხილვა2. 2021 წლის 11 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ N1/1/1441 საოქმო ჩანაწერით, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მითითებული სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად, ხოლო 2021 წლის 7 2 იხ. კონსტიტუციური სარჩელი N1441 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აპრილს სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა და გავიდა სათათბიროდ გადაწყვეტილების გამოსატანად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. ამდენად, საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახით არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა. კოდექსი ასევე ითვალისწინებს ბრალდებული არასრულწლოვნისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ამდენად, მსჯავრდებულისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაუბრკოლებლად დაკავშირების უფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ცვლილების განხორციელება კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში. რაც შეეხება სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების ხარჯების დაფარვის საკითხს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აღნიშნული საკითხი უკვე დარეგულირებულია და ხარჯები იფარება დაწესებულების მიერ. ამდენად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 87-ე მუხლში შესაბამისი ცვლილების განხორციელებით, ხდება კანონმდებლობით უკვე დარეგულირებული საკითხის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება. კანონპროექტით სახალხო დამცველის ცხელი ხაზის მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირებაც განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 87-ე მუხლში. ცვლილების თანახმად საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე. ცვლილების შედეგად, არასრულწლოვან ბრალდებულს ექნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მას გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით შეზღუდული ექნება სატელეფონო საუბრის უფლება. კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე კოდექსის 92-ე მუხლში. ცვლილების შედეგად არასრულწლოვან მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას. ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს პენიტენციური დაწესებულება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონით დადგენილი უფლების პრაქტიკული განხორციელება საჭიროებს კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, კანონის გარდამავალი დებულება უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ძირითადი წესი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებაში. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გასათვალისწინებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატში უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. რაც შეეხება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს აღნიშნული დაწესებულების დებულებაში განხორციელებული ცვლილებით, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დღეის მდგომარეობით ისედაც დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულსაც და იმ ბრალდებულსაც, რომელსაც გამომძიებლის/პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, მიეცემა სახალხო დამცველის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების უფლება. აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე მიმართვიანობის ზრდა, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება დისციპლინურსახდელდაკისრებული ან სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას დაქვემდებარებული არასრულწლოვნების რაოდენობაზე, რომლებიც ისარგებლებენ ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დარეკვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დღეის მდგომარეობით ისედაც ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ იქონიებს მსჯავრდებულებზე ფინანსურ გავლენას. ანალოგიოურად, ფინანსურ გავლენას არ იქონიებს დისციპლინური სახდელის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლების მინიჭება, რადგან ასეთ შემთხვევებშიც იმოქმედებს საერთო წესი და ხარჯებს გაიღებს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება. ცვლილებით ხდება არა სატელეფონო საუბრის ხარჯების გაწევის საკითხის ახლებურად დარეგულირება, არამედ იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლის გამოც არასრულწლოვან ბრალდებულს და მსჯავრდებულს არ ჰქონდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, თუ ისინი გადაწყვეტენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირებას. ასეთ შემთხვევაში მათ აღარ მოუწევთ სატელეფონო საუბრის საფასურის გადახდა და ხარჯებს მთლიანად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება დაფარავს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი.