„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/119/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.“. 2. მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობის წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.“. 3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის საზიანოდ;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პროპაგანდის ნებისმიერი აქტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავდაცვასა და უსაფრთხოებას;“. 4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის წესი თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობა, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობა ან წყლის სხვაგვარად გამოყენება, ჰიდრონაგებობების მოწყობა და სხვა სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მიწისა და ტყის გამოყენება, სამთო საქმის წარმოება, გეოლოგიურ-საძიებო, სარეწი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“. 5. 25-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმს, ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასაზღვრო რეჟიმი არ ვრცელდება, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებზე და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.“. 6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება 1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. დადგენილი ფორმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას. 2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, გადაადგილების მარშრუტი, აგრეთვე მათი ყოფნის სხვა პირობები დგინდება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით.“. 7. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი: „3. სასაზღვრო რეჟიმის დაცვაზე კონტროლს, აგრეთვე, დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.“; 8. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 35-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავონ ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;“. 10. მე-40 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ორსულობის, მცირეწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯამრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია;“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ცალკეული უზუსტობების გასწორების აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებობს მთელი რიგი ხარვეზები, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტექნიკური უზუსტობები და პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედ რედაქციაში აღნიშნული საკითხი განსაზღვრულია არა მეორე მუხლის პირველ პუნქტში, არამედ, პირველი მუხლის მე-2 პუნქტში. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ხარვეზი სწორდება. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.“ ვინაიდან სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება არ ხდება მხოლოდ სახელმწიფო საზღვარზე, არამედ იგი ხორციელდება სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, ტერმინი სახელმწიფო საზღვარი იცვლება სასაზღვრო ზოლითა და სასაზღვრო ზონით. ტექნიკური ხასიათის ცვლილება ხორციელდება მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში და ტერმინი „უშიშროება“ იცვლება ტერმინი „უსაფრთხოებით“. ასევე, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 22-ე მუხლი და განისაზღვრება, რომ თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ნაოსნობა, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობა ან წყლის სხვაგვარად გამოყენება, ჰიდრონაგებობების მოწყობა და სხვა სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მიწისა და ტყის გამოყენება, სამთო საქმის წარმოება, გეოლოგიურ-საძიებო, სარეწი და სხვა საქმიანობა ხორციელდება ,,სახელმწიფო საზღვრის საქართველოს რეჟიმისა და კანონმდებლობით დაცვის წესით“ დადგენილი განსაზღვრული წესით და პირობების შესაბამისად.“. კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო სასაზღვრო ზოლის ტერიტორიაზე მხოლოდ ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას არ იცავს, აღნიშნულ პუნქტს ემატება სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ფუნქცია, რაც მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს. კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, „სასაზღვრო ზოლის რეჟიმი არ ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.“ პროექტის თანახმად, აღნიშნულ პუნქტში სასაზღვრო ზოლის რეჟიმის ნაცვლად, მიეთითება სასაზღვრო რეჟიმი და მისი გავრცელება არ მოხდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზეც. ცვლილების განხორცილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები გადის სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე ვრცელდება გადაადგილების სპეციალური წესები. ვინაიდან მსგავსი დანიშნულების გზების გამოყენება ძირითადად ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლისთვის, მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელდეს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დადგენილი სპეციალური წესები, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 27-ე მუხლი და განისაზღვრება, რომ სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, დროებით ყოფნა და გადაადგილება ხდება საქართველოს კანონმდებლობითა და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“-თ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. დადგენილი ფორმის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ტრანსპორტზე სათანადო დოკუმენტების წარდგენისას, ხოლო მისი მეორე პუნქტის თანახმად: სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში პირისა და ტრანსპორტის შესვლის ადგილი და დრო, გადაადგილების მარშრუტი, აგრეთვე მათი ყოფნის სხვა პირობები დგინდება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით. კანონის 28-ე მუხლს ემატება ახალი მე-3 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სასაზღვრო რეჟიმის დაცვაზე კონტროლს, აგრეთვე, დაშვებული საქმიანობის განსახორციელებლად სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით შესაბამისი საშვის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, „მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას.“ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სასაზღვრო ჯარები აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, პროექტით ხდება აღნიშნული პუნქტის ამოღება. ტექნიკური ხასიათის ცვლილება ხორციელდება კანონის 35-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, „პატიმრობის ადგილი“ იცვლება „დროებითი მოთავსების იზოლატორით“. კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება ქალებისა და არასრულწლოვანთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მხრიდან ხდება შეიარაღებული თავდასხმა ან იარაღით წინააღმდეგობის გაწევა იმ საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე, რომლებშიც მგზავრები იმყოფებიან. ცვლილების მიხედვით აღნიშნული ჩანაწერი ჩანაწერი შესაბამისობაში მოდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლთან და განისაზღვრება, რომ აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯამრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედ რედაქციის თანახმად, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების წესი განისაზღვრება „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად.“ ვინაიდან „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია სწორდება აღნიშნული ხარვეზი და მის ნაცვლად მიეთითება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც განპირობებულია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ცალკეული უზუსტობების გასწორების აუცილებლობით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მხოლოდ კანონის არსებული უზუსტობების გასწორება, შესაბამისად პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული რესურსის ფარგლებში. ამასთან, პროექტით ხდება კანონიდან 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი სამხედრო სამსახურს გადიან ადგილზე სასაზღვრო ჯარებში. მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე ამ რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები, შესაბამისად, დამოუკიდებლად სასაზღვრო ჯარებში გაწვევა არ ხორციელდება. აქედან გამომდინარე აღნიშნული ცვლილება არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტით ხორციელდება მხოლოდ კანონში არსებული უზუსტობების გასწორება, შესაბამისად,სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი.