„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე: ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია, ბადრი ჯაფარიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია, ბადრი ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/130/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1691 მუხლის შემდეგ დაემატოს 1692 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1692. დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის წლიური ანგარიში დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ, რომელიც ეხება მიღებული საჩივრების რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებლებს, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებს, დისციპლინური გადაცდომებისა და გამოყენებული სახდელების სტატისტიკურ მონაცემებს, მათი სახეებისა და ტენდენციების მითითებით. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული დისციპლინური საქმის წარმოებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის წლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 2. 181-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1811 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1811. გათავისუფლება დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის თანამდებობიდან 1. პარლამენტი უფლებამოსილია, დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვეტილების გარეშე ცნობად მიიღოს, ან მიიღოს დადგენილება დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, თუ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1 საქართველოს ორგანული კანონის 51 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, ხოლო იმავე პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის დადგენილებას დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 3. თუ დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1 საქართველოს ორგანული კანონის 51 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3 დღის ვადაში დასვას დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით არსებობის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმხილველ კომიტეტს და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“. 3. 204-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს კანდიდატურებს დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის თანამდებობაზე; დ2) საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს დახმარებას უწევენ მართლმასაჯულების და სამართალდამცავი სისტემების რეფორმის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში, წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებული საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატებს;“; ბ) მე-3 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ და გ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორი - 5 წლით;“; „გ2) საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები - 4 წლით;“; გ) მე-4 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს დამოუკიდებელ სასამართლო ინსპექტორს;“; „დ2) სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ირჩევს საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებული საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს;“. 4. 208-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პარლამენტი ღია კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს 7 წევრს.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. პარლამენტი დადგენილებით ადგენს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხას, რომლებიც ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილნი არიან პარლამენტს წარუდგინონ საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატები. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − დაუყოვნებლივ, საქართველოს პარლამენტი მიმართავს უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინონ პარლამენტს საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატები. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგენენ ორ წევრობის კანდიდატს. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ახალ წევრს პარლამენტი ირჩევს ამ ორგანოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. პარლამენტმა საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართლის ან საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად, ან ადამიანის უფლებებათა დაცვის ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება და სარგებლობს მაღალი მორალური და საქმიანი რეპუტაციით.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, აკადემიური ხარისხისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, აგრეთვე უფლებამოსილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები.“; ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებში აღნიშნული კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ან/და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“; ზ) მე-8 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა ამ მუხლის მე2, 21, მე-3 − მე-4, 41, მე-5, 51 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნაში ასევე მითითებული უნდა იყოს ამ პუნქტში აღნიშნული კანდიდატებიდან იმ კანდიდატების შესახებ, რომელთაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე განსაწესებლად. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.“; თ) მე-11 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ან/და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს. 12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრების არჩევა საჭიროების შემთხვევაში იმართება 3 ტურად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 5. 212-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პარლამენტი თანამდებობიდან ათავისუფლებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. პარლამენტის მიერ არჩეულ საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრს პარლამენტი თანამდებობიდან ათავისუფლებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 512 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ და „ვ“-„თ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“; მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს და უარი თქვა მოპოვებული სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე. დაძაბულობის და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდგომი ესკალაცია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებამ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამ. საქართველოში ვითარების ნორმალიზების, დაძაბულობის დეესკალაციისა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია ითავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა შარლ მიშელმა, რომელიც 2021 წლის 1 მარტს თავად ჩამოვიდა საქართველოში და შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ, მედიაციის შემდგომი ეტაპების წარმართვის მიზნით, საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენელი, ბატონი კრისტიან დანიელსონი. მედიაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. 2021 წლის 18 აპრილს პრეზიდენტმა მიშელმა გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს (ქვემოთ - „2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება“) და შემდგომ დღეებში ხელი მოაწერეს საპარლამენტო მანდატის მქონე 7 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიით საქართველოს პარლამენტში გასულმა ცალკეულმა დეპუტატებმა. შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტთან და ხელმომწერ მხარეებთან ერთად, დისტანციურ რეჟიმში, ესწრებოდა პრეზიდენტი მიშელიც, რომელიც მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავად, 2021 წლის 20 აპრილს კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა ყველა მხარეს. 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მე-3 პუნქტი, სათაურით „სამართლის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა“, ითვალისწინებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ზომებს, რომელთა იმპლემენტაცია შესაძლებელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის გზით. საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ზემოაღნიშნული პროექტი შედეგად იწვევს ცვლილების შეტანას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც. ორივე პროექტი ერთ პაკეტშია გაერთიანებული. წინამდებარე პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ შეესაბამება იმ ცვლილებას, რომელიც შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში იმ ამბიციური ცვლილებების ასახვას, რომელსაც ითვალისწინებს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მე-3 პუნქტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა ზემოთ აღწერილი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს შესაბამისი ცვლილების შეტანას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები ამ პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი იმ ცვლილებებთან, რომლებიც შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი წინამდებარე პროექტის არსი ის არის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების პრეროგატივა გადაეცეს საქართველოს პარლამენტს. დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება გადაეცემათ ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. დამოუკიდებელ სასამართლო ინსპექტორს საქართველოს პარლამენტი ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით. დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. წინამდებარე პროექტი ასევე შეესაბამება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, ფართოვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები. დაბოლოს, წინამდებარე პროექტი ასევე შეესაბამება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან იქმნება საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო, რომელსაც მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის, მოსამართლეთა პერიოდული შეფასებისა და ორგანული კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება. წინამდებარე პროექტი ადგენს ზემოაღნიშნული საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის, პარლამენტის მიერ მათი არჩევის და ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობიდან გათავისუფლების წესს. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი კავშირი არ არსებობს. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ვინაიდან ქართული სასამართლოს მიმართ დიდი ყურადღებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და არსებობს მოლოდინი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სწრაფი და ეფექტური სასამართლო რეფორმის გატარების, კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. ის, ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც მაღალია პოლარიზებისა და დაპირისპირების ხარისხი, მათ შორის, სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) რეგლამენტის პროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ამ პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება რეგლამენტის პროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რეგლამენტის პროექტი მთლიანად შეესაბამება 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას და მართლმსაჯულების სფეროში მისი დებულებების იმპლემენტაციის მიზანს ემსახურება. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში პროექტი გაეცნოთ სასამართლო რეფორმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათი მოსაზრებები ასახულია პროექტში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი ალექსანდრე ბარამიძე, დავით უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და ბადრი ჯაფარიძე. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით უსუფაშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და ბადრი ჯაფარიძე