„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/151/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. ასევე, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. მუხლი 1 1. 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულს ჩაეთვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. 2. ბრალდებულს, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნულ პერიოდში ყოფნის თოთოეული დღე ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. მუხლი 2 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მსჯავრდებულს ჩაეთვალოს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. მუხლი 3. 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მსჯავრდებულს ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. მუხლი 4 ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443, 332-ე-3421 მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. მუხლი 5 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. 3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ითვლება ნასამართლობის არმქონედ. 4. მსჯავრდებულისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება. მუხლი 6 1. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 1441-1443, 323-ე-3312, 404-ე-413-ე მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე. 2. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადების ან მცდელობის სტადიაზე, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443, 323-ე-3312, 404-ე-413-ე მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა. მუხლი 7 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელსაც ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის N682 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლისთანავე შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა მოქმედი კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით განიხილონ მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. მუხლი 8 1. ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. 2. ამ კანონის მე-5-მე-7 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე. 3. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-5-მე-7 მუხლების მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-9 მუხლის მე4 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინონარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. მუხლი 9 1. მსჯავრდებული პირის მიმართ, რომელიც ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პერიოდში იმავდროულად ცნობილი იყო ბრალდებულად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით, ამ კანონის პირველი-მე3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე. 2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონის მე-5-მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში, პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 3. ამ კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება ექვემდებარე შეწყვეტას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში. მუხლი 10 სასამართლო უფლებამოსილია, ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 11 პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 12 1. პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. 2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 13 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 14 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 9 თებერვლის N682 ბრძანებაში ცვლილების განხორციელებით უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამის გავლის სპეციალური წესის შემუშავება იმ მსჯავრდებულებისათვის, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა. მუხლი 15 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად, მოუწია რიგი პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება, რაც რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო ადამიანის ცალკეული უფლებების შეზღუდვასთან. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, პატიმრობაში მყოფ პირებს, რომლებსაც თავისი სტატუსიდან გამომდინარე ისედაც შეზღუდული აქვთ მთელი რიგი უფლებები. ამდენად, პანდემიით შექმნილი მდგომარეობა მათთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, რის გამოც სახელმწიფო, მათთვის დაწესებული შეზღუდვების (ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა) სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაუთვალით განსხვავებული წესით. სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული საზოგადოებრივპოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, პერიოდულად, იღებს გადაწყვეტილებებს (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით), რომლებიც მიმართულია მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან მათი გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნისაკენ. ზემოთმითითებული პრინციპებიდან გამომდინარე, ამჯერადაც მიზანშეწონილია, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რითაც შეიქმნება მათ მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების კიდევ ერთი საფუძველი და გაუმჯობესდება მათი სამართლებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ღიად იქნა დატოვებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემცირების საკითხი. აღნიშნული კანონის პროექტით, მათ შორის, შემოთავაზებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების ინტერესების სამართლიანი დაკმაყოფილების მექანიზმი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ამნისტიის საფუძველზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შესამცირებლად, აუცილებელია პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო აქტის მიღება, რომლის საფუძველზეც ისევ სასამართლო მოახდენს განაჩენში ცვლილების შეტანას და ამნისტიის გავრცელებას მსჯავრდებული პირების მიმართ. კანონის მიღების აუცილებლობა ასევე განპირობებულია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი ბერკეტების შემოღების საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და რომლებსაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე. წინამდებარე ამნისტიის აქტი ვრცელდება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. სწორედ ამ პრინციპს ემყარება მიდგომა, რომლის თანახმადაც ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-2552 მუხლები), წამებაზე (მუხლი 1441), წამების მუქარაზე (მუხლი 1442), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 1443), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323ე-3312 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები). კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან. აღსანიშნავია, რომ სასჯელისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ მათი პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე მის მომზადებაზე და მცდელობაზე. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე ამნისტია არ გავრცელდება მიუხედავად მათი ჩადენის სტადიისა (მომზადება, მცდელობა ან დამთავრებული დანაშაული). გამონაკლისს წარმოადგენს 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთა მომზადებაზეც და მცდელობაზეც ასევე საერთო წესით გავრცელდება ამნისტია. კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამნისტია ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. მსჯავრდებულისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული იქნება, პირს უკან არ დაუბრუნდება. კანონპროექტის მიხედვით, 2004 წლის 1 იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი ექნებათ სასჯელი, აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების გარდა). ასეთ პირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულს ჩაეთვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის სახით შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნულ პერიოდში ყოფნის თოთოეული დღე მას ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა მსჯავრდებულის სტატუსით, სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მას ჩაეთვლება საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, აგრეთვე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდის დრო მსჯავრდებულს ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: სასჯელის მოხდის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტიის ის ნაწილი, რომელიც ეხება პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში მოხდილი სასჯელის განსხვავებული წესით ჩათვლის წესს, არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443, 332ე-3421 მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. წინამდებარე ამნისტიის აქტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2004 წლის 1 იანვრამდე. უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამის ორგანოებს შეეძლებათ განიხილონ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობით ვადამდე გათავისუფლების ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. ამასთანავე, იუსტიციის მინისტრმა 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სპეციალური წესის შემუშავება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული იმ პირებისათვის, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა. კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე მის მომზადებასა და მცდელობაზე. პირი, რომლის მიმართაც გავრცელდება ამნისტია, ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. კანონპროექტით, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 1441-1443, 323-ე-3312, 404-ე-413-ე მუხლებით, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე და 253ე−2552 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამ დანაშაულებზე ამნისტია არ გავრცელდება მიუხედავად მათი ჩადენის სტადიისა (მომზადება, მცდელობა ან დამთავრებული დანაშაული). გამონაკლისს წარმოადგენს 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთა მომზადებაზეც და მცდელობაზეც გავრცელდება ამნისტია. კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების გარდა). კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. კანონპროექტით განსაზღვრულია ამნისტიის აღსრულების პროცედურები. პროექტის თანახმად, ამნისტიის აღსრულება უნდა დასრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია პატიმრობაში მყოფი პირებისთვის სასჯელის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჰუმანურობის პრინციპით განპირობებული აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა. რაც შეეხება კანონის უკუძალას, ამნისტიის აქტის თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი ნორმები მოქმედებას იწყებს ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა უშუალოდ რეგულირების სფეროს მიკუთვნებული დანაშაულები აუცილებლად ჩადენილი უნდა იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთამდე, რაც ყოველთვის წინ უსწრებს კანონის ამოქმედებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროკურატურისთვის და სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოიხატება იმ შემოსავლებზე უარის თქმაში სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ჯარიმის სახით აქვთ დაკისრებული ცალკეულ პირებს და ექვემდებარება მომავალში აღსრულებას. თუმცა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ შემოთავაზებულია დაახლოებით 18 წლის ხანდაზმულობის მქონე საქმეებზე მიღებული სასამართლოს აქტებით გათვალისწინებული ჯარიმების ამნისტირებაზე, რომელთა დიდი ნაწილის ამოღება ნაკლებად მოსალოდნელია, საკანონმდებლო ინიციატივა რეალურად არ იწვევს რაიმე არსებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება ის სახსრები, რომელთა გაღებაც თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას უკავშირდება. კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. ამნისტიის აქტის შედეგად გარკვეული კატეგორიის პირები გათავისუფლდებიან პენიტენციური დაწესებულებებიდან, ხოლო ნაწილს შეუმცირდება მოსახდელი სასჯელის ვადა და ამდენად, სახელმწიფო დაზოგავს აღნიშნული პირების სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ასევე გამოიწვევს არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების კუთხით გასაწევი დანახარჯების დაზოგვა. კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის შემცირებაზე დამოკიდებულია ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა რაოდენობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის აღუსრულებელ ნაწილზე, რაც თითოეული მსჯავრდებული პირის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. კანონპროექტს გავლენა ექნება საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს ხარჯებზე შემცირების კუთხით, რომლებსაც აღარ მოუწევთ გამოძიებისა და სასამართლოს სტადიაზე შესაბამისი საპროცესო ხარჯის გაწევა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაძლოა მოემატოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ის პირები, რომლებსაც 2004 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის სახით ჯარიმა, თავისუფლდებიან ასეთი ვალდებულებისგან. კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ამნისტიის ამოქმედების შემდეგ აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანობის უფლება, რასაც ამ კატეგორიის პირებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე გავრცელდება კანონის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე.