„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2022
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, გივი ჭიჭინაძე
ნომერი
#07-3/214/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება წლიური რგოლების რაოდენობა, აღდგენითი ღირებულება განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ცხრილის შესაბამისად.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 6, 4,5 და 3, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მწვანე ნარგავების უნებართვო მოჭრების ფაქტებმა გამოკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც აუცილებელია რომ დარეგულირდეს, კერძოდ: 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების, აგრეთვე, მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეების აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით. თუმცა, პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ დაზიანების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ხეების წლიური რგოლების რაოდენობა. შესაბამისად, საჭიროა რომ დარეგულირდეს აღნიშნული შემთხვევებისათვის ადმინისტრირების პროცესი. წინამდებარე ცვლილების პროექტში დარეგულირდა ზემოაღნიშნული შემთხვევები და როდესაც შეუძლებელი იქნება წლიური რგოლების რაოდენობის დადგენა, აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა განხორციელდება მწვანე ნარგავების დიამეტრების მიხედვით (კანონის შესაბამის ცხრილების მიხედვით). 2. გამომდინარე იქიდან, რომ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებისა და განადგურების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, აღნიშნულის პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით, 3ჯერ გაიზარდა ყველა ის შემასწორებელი კოეფიციენტი, რომელზეც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 3. აქვე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საერთოდ ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა. ასეთ დროს, სახელმწიფოს ერთადერთი ბერკეტი არის ადმინისტრაციული ჯარიმა. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და შემცირდეს მწვანე ნარგავების დაზიანებისა და განადგურების ფაქტები, განსახილველი ცვლილების პროექტში დარეგულირდა მსგავსი შემთხვევები და თუ ვერ დადგინდა უკანონოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგებისათვის, აუცილებელი საკანონმდებლო რეგულაცია. სწორედ ამიტომ ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება დედაქალაქისათვის, დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით. განსახილველი პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას. ფაქტია, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების უნებართვოდ განადგურების შემთხვევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს კონტროლის გამკაცრების საჭიროება. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური სამართალდამრღვევებისათვის სიგნალი რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო გაცილებით მკაცრი სანქციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის: 1. მე-5 მუხლში და მუხლს ემატება 11 პუნქტი. აღნიშნული პუნქტი არეგულირებს საკითხს, როცა ვერ დგინდება წლიური რგოლების რაოდენობა უნებართვოდ განადგურების შემთხვევაში. ასეთ დროს აღდგენითი ღირებულების ოდენობა განისაზღვრება მწვანე ნარგავის დიამეტრების მიხედვით. შესაბამისად, ეს პუნქტი ყალიბდება შემდეგნაირად: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება წლიური რგოლების რაოდენობა, აღდგენითი ღირებულება განისაზღვრება ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ცხრილის შესაბამისად.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტში იცვლება შემასწორებელი კოეფიციენტები და განისაზღვრება შემდეგნაირად: ,,1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 6, 4,5 და 3, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.“. 3. მე-7 მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომელიც არეგულირებს შემთხვევას, როცა ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი. ასეთ შემთხვევაში, ზინის ოდენობა იქნება პირდაპირ განსაზღვრული, 5000 ლარი. პუნქტი კი ყალიბდება შემდეგნაირად: ,,6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში, რადგან იგი არ არის ინიიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, მიზაშეწონილი რომ იგი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ხდება მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში (თუ ვერ დგინდება წლიური რგოლების რაოდენობა), აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის პრინციპის შეცვლა, ასევე განისაზღვრება რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. თუმცა შემოსავლების ოდენობა დამოკიდებულია ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. აქვე საგულისხმოა მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევების რაოდენობა, სახელმწიფო/მუნიციპალურ/კერძო ტერიტორიაზე, კერძოდ: 2019 წელს - დაახლოებით 480; 2020 წელს - დაახლოებით 620; 2021-2022 წელს - დაახლოებით 910. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრირების პროცესი წარმართული იქნება არსებული რესურსებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება რაიმე ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს სამართალდამრღვევებზე, რადგან იზრდება მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში (თუ ვერ დგინდება წლიური რგოლების რაოდენობა), აღდგენითი ღირებულება, ასევე განისაზღვრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: გასათვალისწინებელია, რომ იზრდება აღდგენითი ღირებულების კოეფიციენტი და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება უნებართვოდ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, თითოეულ მწვანე ნარგავზე ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. ეს ოდენობები გამომდინარეობს ქმედების სიმძიმიდან, მისი ხასიათიდან და შინაარსიდან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, გივი ჭიჭინაძე