„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/190/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო ექსკლუზიური კომპეტენციის განსაზღვრის შესახებ დადებულ შეთანხმებებზე გამოიყენება ამავე კონვენციით დადგენილი წესები.“. 2. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის შესაბამისად მიღებული სასამართლო მორიგების აქტის აღსრულება განხორციელდება ამავე კონვენციით დადგენილი წესით.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 732 მუხლი: „მუხლი 732. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ამავე კონვენციის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ამავე კონვენციის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება კონვენციით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი შემუშავებულია „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით. კონვენცია ძალაშია 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. ამ ეტაპზე, მის ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ: ევროკავშირი, მექსიკა, მონტენეგრო, სინგაპური, გაერთიანებული სამეფო და დანია. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებაა. კონვენციის მოქმედების სფერო საერთაშორისო დავებში კომერციულ ან სამოქალაქო საქმეებზე დადებულ სასამართლოთა არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებებზე ვრცელდება. დოკუმენტი მიზნად ისახავს ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული ტრანზაქციების მხარეთა შორის კონკრეტული სასამართლოსთვის ექსკლუზიური კომპეტენციის მინიჭებას და სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების ეფექტიანი მოქმედების უზრუნველყოფას, ერთი მხრივ, განსჯადობის დადგენის, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თვალსაზრისით. კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების განხილვაზეც კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი სფეროები დარეგულირდება არსებული საერთო საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში. კონვენციის თანახმად, მხარეთა მიერ არჩეულ სასამართლოს მიენიჭება ექსკლუზიური კომპეტენცია, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ამ უკანასკნელს ექნება უფლება, განიხილოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა; შესაბამისად, სხვა სასამართლომ უარი უნდა თქვას მის განხილვაზე ან/და შეწყვიტოს წარმოება. კონვენციით განსაზღვრულია უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და დამტკიცებული მორიგების აქტის ცნობა-აღსრულების საკითხები. ამასთან, ცნობასა და აღსრულებაზე უარი დასაშვებია მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია თავად კონვენციით. კონვენციის მე-19-22-ე მუხლები ითვალისწინებს დათქმების გაკეთების შესაძლებლობას, კონკრეტულად, განსჯადობის შეზღუდვის, ცნობისა და აღსრულების შეზღუდვის, განსაკუთრებულ საკითხებთან მიმართებით კონვენციის მოქმედების გამორიცხვისა და არაექსკლუზიური სასამართლოს არჩევის შეთანხმებების შესახებ. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისა და დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესში, იწვევს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონში. საქართველოს მიერ წინამდებარე კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით (2021-2027 წლებისათვის) გათვალისწინებულ ვალდებულებას. კანონპროექტის მიზანია „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფა. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია მიზნად ისახავს ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული ტრანზაქციების მხარეთა შორის სასამართლოს არჩევის ექსკლუზიური შეთანხმებების ეფექტიანობას - ერთი მხრივ, განსჯადობის დადგენის (განსჯადი იქნება ის სასამართლო, რომელიც მხარეთა მიერ სასამართლოს არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებაშია მითითებული), ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობააღსრულების თვალსაზრისით (აღსრულებადი იქნება ექსკლუზიური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კონვენციის ცალკეული დებულებები დღეისათვის არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამდენად, კონვენციის მოთხოვნათა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია საჭიროებს აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას, ძირითადად, შესაბამის ნაწილში კონვენციისა და მისი ნორმების/წესების მოქმედებაზე მითითების ფორმით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება კონვენციის იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საერთაშორისო კომპეტენციების თაობაზე შეთანხმებასა და ცნობა/აღსრულების საკითხებს შეეხება, რაც კომერციული გარიგების მხარეებისთვის მეტად პროგნოზირებადს გახდის ტრანსსასაზღვრო ურთიერთობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის მე-18 მუხლში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე შეთანხმებებს შეეხება. აღნიშნულ მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო ექსკლუზიურ კომპეტენციაზე დადებულ შეთანხმებებზე გავრცელდება ამავე კონვენციით დადგენილი წესები. კანონის 72-ე მუხლს (სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგება და საჯარო ხასიათის დოკუმენტები) ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის შესაბამისად მიღებულ სასამართლო მორიგების აქტის აღსრულება განხორციელდება ამავე კონვენციით დადგენილი წესით. აღნიშნული საჭიროება განპირობებულია, კონვენციის მე-12 მუხლით, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, სასამართლო მორიგებაც კონვენციით დადგენილი წესით უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, მასზე გავრცელდება კონვენციით დადგენილი შუამდგომლობის წარდგენისა და მასთან დაკავშირებული სხვა წესები. პროექტით კანონს ემატება 732 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს მიერ ამავე კონვენციის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება კონვენციით დადგენილი წესით. გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს ეხება კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლები. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცნობასა და აღსრულებაზე უარი დასაშვებია მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებსა და მე-9 მუხლში. მითითებული საფუძვლების არსებობისას ცნობა-აღსრულება არა სასამართლოს ვალდებულებად, არამედ უფლებად განიხილება. ამასთან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართცველოს კანონში არ გვხვდება კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების გადადების ან უარის თქმის საფუძვლები, ხოლო კონვენციის მე-13 მუხლი ითვალისწინებს შუამდგომლობის წარდგენის წესს, რომელიც განსხვავდება კანონის მოწესრიგებისაგან, რის გამოც საჭიროა ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორცილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი სავალდებულოდ აღიარების და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართალწარმოების, ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის სავალდებულოდ აღიარება და ამ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განსაზღვრულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. კონვენციის 31-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოახდენს კონვენციის სავალდებულოდ აღიარებას, ეს უკანასკნელი ძალაში შედის სავალდებულოდ აღიარების შესახებ დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ - მომდევნო თვის პირველ დღეს. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი მიიღება „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის მოთხოვნათა იმპლემენტაციის მიზნით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რომლის პოზიციაც გაზიარებული და ასახულია წინამდებარე კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.