„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი; საქართველოს მოქალაქეები: თორნიკე ართქმელაძე, მარიამ გოგოლაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/305/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41 (48), 199 წელი, მუხლი 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 244. ფეთქებადი, ადვილად აალებადი ან მწვავე ნივთიერების აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა ფეთქებადი, ადვილად აალებადი ან მწვავე ნივთიერების აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. კანონს 244-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 2441 მუხლი: პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ სახდელდადებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 მუხლის შესაბამისად, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც პიროტექნიკური ნაკეთობა შემოიტანა, ფლობს, რეალიზაციას ახდენს ან/და იყენებს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. არ ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს დაბალი საფრთხის პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისათვის. დაბალი საფრთხის შემცველია პიროტექნიკური ნაკეთობა, რომლის უსაფრთხოების მანძილი არ აღემატება 1 მეტრს. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდავს პიროტექნიკურ ნაკეთობას, სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით. მუხლი 2: ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის საზიანო პიროტექნიკის აკრძალვას. საქართველოში, 2023 წლის მხოლოდ 1 თვეში, იანვარში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა,1 მათ შორის 19 არასრულწლოვანი. ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში; აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც პიროტექნიკის არასწორი გამოყენების მიზეზით. მიუხედავად იმისა რომ, ტექნიკურ რეგლამენტში „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ასახულია მთელი რიგი რეგულაციები, პრაქტიკა ცხადყოფს მათი აღსრულების ნაწილში არსებული გამოწვევებს. უპირველეს ყოვლისა, პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზება-გამოყენების ჭრილში მეტად საგანგაშოა არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომა საშუალო და მაღალი რისკის შემცველ ნაკეთობებზე. პრაქტიკულად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება არასრულწლოვნებისათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა, მათი არასწორი გამოყენების შედეგები კი, სავალალოდ აისახება მოწყვლადი ჯგუფის ჯანმრთელობაზე- ხშირია სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა, სმენისა და მხედველობის დროებითი ან მუდმივი დაზიანება. პრობლემა გამოწვეულია როგორც, ფაქტობრივად უკონტროლო ბაზრით აგრეთვე, კანონმდებლობაში პიროტექნუკური ნაკეთობების კატეგორიების განსაზღვრის არ არსებობით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პარლამენტის წევრის კითხვა გაეგზავნა 13 მუნიციპალიტეტს, რათა შეფასებულიყო თუ რამდენი პირი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1561 მუხლის (პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა) საფუძველზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ პრაქტიკაში არსებული რეგულაციების აღსრულების პრობლემაა. რაც შეეხება დედაქალაქს, სამწუხაროდ ინფორმაცია არ მოგვეწოდა. 1 სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2023 წლის 01 თებერვლის პასუხი EMSC 5 23 00106573 აგრეთვე, მოსახლეობისათვის შემაწუხებელია წელიწადის ნებისმიერ დღესა და საათზე პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებით გამოწვეული ხმაური. ღამის საათებში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში გამოყენებული პიროტექნიკური ნაკეთობები, არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ გაცილებით სახიფათო- სახანძრო საფრთხეს წარმოადგენს ირგვლივ მდებარე ობიექტებისათვის. აქვე, გასათვალისწინებელია სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართავობა/არ არსებობა დასახლებულ პუნქტებში. დიდი ოდენობით დასაწყობებული პიროტენრიკური ნაკეთობების აფეთქებასთან დაკავშირებული არა ერთი სამწუხარო ინციდენტი დაფიქსირდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში ავტოავარიის შედეგად პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქებას ოთხი პირი ემსხვერპლა, აგრეთვე მსხვერპლით დასრულდა პიროტექნიკის აფეთქება მეზობელ სომხეთში „სურმალას“ სავაჭრო ცენტრში. რიგ სახელმწიფოებში მაგალითად, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში განსაზღვრულია თუ რა ოდენობის (რამდენი ტონის) პიროტექნიკური ნაწარმის დასაწყობებაა დასაშვები ერთ სივრცეში. აქვე, საწყობი, სავაჭრო ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ტექნიკით - საგანგაშო სისტემით, ცეცხლმაქრით და ა. შ., სახანძრო სამაშველო სამსახურს კი გააჩნდეს ინფორმაცია მსგავსი ობიექტების არსებობის და მათ მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. საქართველოში აღნიშნული რეგულაციის არ არსებობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. წლების განმავლობაში გარემოს დამცველნი მოითხოვენ პიროტექნიკური ნაკეთობების სრულად აკრძალვას, ვინაიდან აფეთქების შედეგად გამოყოფილი ქიმიური მინარევები აბინძურებს ჰაერს, დიდხანს რჩება წყალსა და ნიადაგში, რაც უმძიმეს შედეგს იწვევს გარემოს დაბინძურების კუთხით. გასათვალისწინებელია ხმაური, რომელიც აფრთხობს ცხოველებსა და ფრინველებს. ყოველწლიურად ათასობით ფრინველი იღუპება პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენების გამო. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის პროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება პიროტექნიკური ნაკეთობების უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენებისათვის, შესაბამისად აუცილებელია ცვლილებები შევიდეს საქართველოს სისხლის სამართის კოდექსში. აღნიშნულისათვის საჭიროა კანონპროექტის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით მოხდება პიროტექნიკური ნაკეთობების შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენების შეზღუდვა, რაც მკვეთრად შეამცირებს პიროტექნიკური ნაკეთობების არასწორი გამოყენებით დაზიანებულ პირთა რიცხვს, დადებით გავლენას იქონიებს გარემოზე, ცხოველებსა და ფრინველებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გამომდინარე ზემოხსენებული გამოწვევებიდან, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პიროტექნიკური ნაკეთობების შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენების სრულად აკრძალვას, გარდა მთავრობის განკარგულებით ნებადართული შემთხვევებისა. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაწესებას- ფიზიკურ პირზე 1000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირზე 5000 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პასუხისმგებლობის განსაზღვრას- ჯარიმა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა. დღეს მოცემული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები ვერ პასუხობს სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობას და იმ საფრთხეებს რაც შესაძლოა გამოწვეულ იქნას პიროტექნიკური ნაკეთობების არასწორი დასაწყობება, ტრანსპორტირება, გამოყენებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 მუხლში „ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების“ შესახებ მოცემული ჯარიმის ოდენობა არაადექვატურად მცირეა- განსაკუთრებით იმ იურიდიულ პირთათვის რომელთა ბიზნეს ინტერესებშიც შედის პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზება და ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ფიზიკური პირისთვის 1000 ლარის და იურიდიული პირის5000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება ბალანსირებულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლებრივი კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იგი ითვალისწინებს სადამსჯელო ღონისძიების ალტერნატიულ საშუალებებს, შესაბამისად მოსამართლეს ეძლევა დისკრეციული უფლებამოსილება ჩამოთვლილ სასჯელთაგან, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე თავად აირჩიოს ადექვატური. კანონპროექტის თანახმად, სრულიად იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება, გარდა მთავრობის განკარგულებით ნებადართული შემთხვევებისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა გასცემს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადად, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება. ასევე, დასაშვები იქნება პიროტექნიკის ტრანზიტი, სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება, ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე აუცილებელია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონს უკუძალა არ ენიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანოების არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 6.305 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა. პანდემიის პერიოდში მოცულობა შემცირდა, კერძოდ, 2020 წელს - 3.554 ათასი ლარის, ხოლო 2021 წელს 1.844 ათასი ლარის. თუ დავუშვებთ, რომ პიროტექნიკის იმპორტი დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც პანდემიამდე იყო, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი (იმპორტის გადასახადი) 961,779 ლარის ოდენობით, რადგანაც საქართველოში გამოყენებული პიროტექნიკა სრულად იმპორტულია. სასჯელის ერთ-ერთ სახედ დადგენილია ჯარიმა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ რა რაოდენობის ჯარიმა იქნება გადახდილი დამოკიდებულია თუ რამდენი პირი მიეცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში და რა მოცულობის ჯარიმას დააკისრებს მას სასამართლო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტს მიღების შემდეგ, შესაძლოა პირებს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სასჯელის ერთ-ერთი სახე კი თავისუფლების აღკვეთაა. რაც შეეხება, ამისათვის გასაწევ ხარჯებს, სახელმწიფო ბიუჯეტს 1 პატიმრის შენახვა საშუალოდ უჯდება 1354.70 ლარი. თანხობრივად, თუ რა სახის დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტს, ეს დამოკიდებული იქნება თუ რა რაოდენობის პირი იქნება პასუხისგებაში მიცემული და რამდენი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ მათ. კანონის აღსასრულებლად და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად საკმარისი იქნება შესაბამისი ორგანოებისათვის დღეს გამოყოფილი ბიუჯეტები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; სახელმწიფოს არ დასჭირდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირებს, სასჯელის ერთ-ერთი ფორმა კი არის ჯარიმა. ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შესაბამისად, ამ ნაწილში კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომელთაც ეხებათ ის. ამასთან, სასჯელი ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ამ პირებისათვის უარყოფით ფინანსურ შედეგს დააყენებს, რადგანაც მათ შეეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა და შესაბამისად შემოსავლის მიღება. გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის რეალიზაცია არის ეკონომიკური საქმიანობის სახე და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ამ პროდუქციის რეალიზატორებს მოუწევთ საქმიანობის ამ მიმართულებაზე უარის თქმა. გამომდინარე იქედან, რომ ძირითადად, პიროტექნიკის გამოყენება ხდება ახალი წლის პერიოდში, დიდი დროა, რათა ამ პირებმა შეძლონ სიახლეს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით სასჯელის ერთ-ერთ სახედ წესდება ჯარიმა, მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოზე. სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმა კი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ასეთი პირდაპირი ზეგავლენა არ არსებობს, თუმცა, დღეს არსებული რეგულაციების მიხედვით, არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა სამართალდარღვევაა. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2023 წლის მხოლო 1 თვეში 41 არასრულწლოვანი დაზიანდა პიროტექნიკის შედეგად. წარმოდგენილი კანონპროექტი ამკაცრებს მიდგომას და ზოგადად პიროტექნიკის რეალიზაციას და გამოყენებას, იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად აღნიშნული ქმედების გამო, აცხადებს დანაშაულად. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს ზეგავლენა არ ექნება გენდერულ თანასწორობის მიდგომებზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნა გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე, მარიამ გოგოლაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის წევრებია: არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი.