„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი 23 წლამდე. აღნიშნული ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.“. 2. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. 3. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში, ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.“. 4. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პირს, რომელიც არის: დ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე; დ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა სრულად დისტანციური სწავლების ფორმით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული არ აქვს სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;“. 5. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი.“. 6. 67-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. 7. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო .“. 8. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოეშვა სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეუძლია გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ასეთ შემთხვევაში პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, შესაძლებელია დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.“. 9. 90-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთან, მას უნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.“. 10. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მისი დამფუძნებელი/წევრი არის ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“. 11. 178-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.”. 12. 178-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 ნაწილი: „18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება პირებზე, რომლებიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ სარგებლობენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება თუ მათ სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის: ა) პირველი, მე-4, მე-5, მე-7 და მე-12 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. ბ) მე-10 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის კოდექსით დეკლარირებული ტოტალური თავდაცვის, ეროვნული მედეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობის მიდგომების რეალიზების ხელშეწყობას. კერძოდ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით და ამ პირს, სწავლის გამო, არ აქვს უცხო ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება. რაც შეეხება კოდექსის 65-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, კანონი მისთვის დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმით გავლის შესაძლებლობას. თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვა, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ მექანიზმს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თითოეული სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითად განაპირობებს მასთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების დროული აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილებების დროული აღსრულების არსებითად შემაფერხებელ გარემოებად შესაძლებელია გახდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების მექანიზმი, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას და მისი პერსონალით დროულად დაკომპლექტება/შევსება არსებითად განაპირობებს ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებას როგორც მშვიდობიანობის, ისე საომარი მდგომარეობის დროს. კერძოდ, სამხედრო სამსახურის დაკომპლექტების წინაპირობაა სამხედრო აღრიცხვა. რაც შეეხება წვევამდელთა გაწვევის პროცედურების დაგეგმარებას, ეს პროცესი იწყება გაწვევამდე ბევრად ადრე, რათა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად დაიგეგმოს და განხორციელდეს როგორც ქვედანაყოფების შევსების, ასევე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარება და წინა გაწვევაზე გაწვეული წვევამდელების ჩანაცვლების პროცესი. ამდენად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება, რათა, უზრუნველყოფილი იქნეს როგორც სამხედრო აღრიცხვის ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გამართული ფუნქციონირება. კერძოდ, ცვლილება უნდა განხორციელდეს თავდაცვის კოდექსის 57-ე მუხლში და 67-ე მუხლის მე-12 ნაწილში და სამხედრო აღრიცხვასთან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ უნდა აჩერებდეს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, გარკვეული გამონაკლისების გარდა, შესაძლებელია წარმოეშვას სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი. თუმცა კანონი არ ითვალისწინებს პირადი სურვილის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საშუალებას. წარმოდგენილი ცვლილება საშუალებას იძლევა, არ მოხდეს პირის ავტომატური დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის დამატებითი სოციალური გარანტის შემოღების შესაძლებლობას. საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის მოქნილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, პირს, რომელიც სამსახურს გადიოდა აქტიურ რეზერვში, მიუხედავად იმისა, რომ მან ვადამდე შეწყვიტა თუ არა კონტრაქტი აუცილებელია შეუნარჩუნდეს სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ცვლილების განხორციელება თავდაცვის კოდექსის 90-ე მუხლის მე-15 ნაწილში. ასევე, აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, რათა ხელი შეეწყოს თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ საქმიანობას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებენ. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, შეიცვალა (გაიზარდა ან შემცირდა) ზოგიერთი სამხედრო წოდების მინიჭების ვადა. შესაბამისად, ცვლილება ეხება თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-10 ნაწილში განსაზღვრულ წოდებებსა და ვადებს. წოდებრივი დაწინაურების პროცესის განსაზღვრისას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ იმ წოდებებთან მიმართებაში, რომელთა ვადა თავდაცვის კოდექსის შესაბამისად შემცირდა, (I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე 1 წლით და უფროსი სერჟანტიდან მასტერსერჟანტამდე ასევე - 1 წლით) არსებულ საფეხურზე წოდებრივი დაწინაურების მიზნებისათვის არ გავრცელდეს კოდექსის ამოქმედებამდე არსებული უფრო მეტი ვადა, ხოლო სხვა წოდებებთან მიმართებით, რომელთა ვადაც თავდაცვის კოდექსის შესაბამისად გაიზარდა, დარჩეს ერთგვაროვანი მიდგომა და არსებულ საფეხურზე წოდებრივი დაწინაურების მიზნებისათვის, შენარჩუნდეს კოდექსის ამოქმედებამდე არსებული მცირე ვადები. ამასთან, ნორმა არ საჭიროებს დათქმას უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე ვადასთან დაკავშირებით ვინაიდან, იგი არ შეცვლილა. პროექტით ზუსტდება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, მათ შორის გადავადების, სამხედრო სამსახურის გავლის, თავდაცვის სფეროში მოხალისეობის საკითხები დარეგულირებულია თავდაცვის კოდექსით, ამ მიზნით ახალი რეგულაციების შემოტანა საჭიროებს თავდაცვის კოდექსში ცვლილების განხორციელებას. კერძოდ: თავდაცვის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილში დაზუსტდება და „სპეციალური სამხედრო აღრიცხვის“ ნაცვლად მიეთითება „შესაბამისი სამხედრო აღრიცხვა“. თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის:  „დ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, − სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;  „ი“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, − ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;  „კ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;  „ლ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელმაც აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას, − აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდეგ − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციის ანალიზით ირკვევა, რომ გადავადების უფლებით სარგებლობს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებას იღებს დისტანციური ფორმით და ამ პირს, სწავლის გამო, არ აქვს უცხო ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება. თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე, რომელსაც წვევამდელი ირჩევს სურვილისამებრ. ამავე მუხლის შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დასვენების დღეები (კვირაში არანაკლებ 2 დღისა) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. თავდაცვის კოდექსის 32-ე მუხლით გარანტირებულია სამხედრო მოსამსახურის მიერ განათლების უფლების რეალიზება, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში, სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. თავდაცვის კოდექსის 32-ე მუხლით გარანტირებული განათლების უფლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისთვის), უზრუნველყოფილია დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი, რაც სამხედრო მოსამსახურეებს (მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს) აძლევს შესაძლებლობას დისტანციური ფორმით ისწავლონ უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული სამხედრო ვალდებულებისა და განათლების უფლების ჰარმონიულად რეალიზება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით ისარგებლოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც სწავლობს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით და მას არ ეკისრება საზღვარგარეთ ყოფნის ვალდებულება სწავლის გამო. პროექტი, ასევე ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვასთან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გამართული ფუნქციონირების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას და აღნიშნულ სამსახურში მყოფი პირისათვის დამატებითი სოციალური გარანტის შემოღების შესაძლებლობას, სარეზერვო სამხედრო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობას, სამხედრო სამსახურში წოდებრივი დაწინაურების საკითხის სრულყოფას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: დაზუსტდება სპეციალურ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი. დაიხვეწება თავდაცვის კოდექსით დეკლარირებული ტოტალური თავდაცვის, ეროვნული მედეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობის მიდგომების ფარგლებში პირთა მონაწილეობის მექანიზმი. კერძოდ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. რაც შეეხება კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, მისთვის კანონი დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმის შერჩევის შესაძლებლობას. კერძოდ, როგორიცაა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე) ან კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა. ასევე, პროექტის მიღების შემთხვევაში ეფექტიანად განხორციელდება სამხედრო აღრიცხვასთან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. პირს, რომელსაც წარმოეშვება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს ეს სამსახური. ამასთან, ასეთ შემთხვევაში პირს შესაძლებელია დაუწესდეს დამატებითი სოციალური გარანტიები. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას, გარდამავალ პერიოდში წოდებრივი დაწინაურების საკითხის სრულფასოვნად განხორციელებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილება შედის: 57-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილში და ხდება სპეციალურ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტება. კერძოდ, პირი რომელიც იმყოფება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და გათავისუფლდება სამსახურიდან აყვანილი უნდა იქნეს შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე (წვევამდელის ან/და რეზერვისტის). პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, „დ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქცია იყოფა ორ ნაწილად, რომლის მიხედვითაც:  „დ.ა“ ქვეპუნქტი დაარეგულირებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადებას. გადავადების უფლებით ისარგებლებს პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე;  „დ.ბ“ ქვეპუნქტი მოაწესრიგებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადებას. ამ შემთხვევაში, გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება. ამასთან, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილში, 65-ე მუხლს ემატება მე-6 ნაწილი, ცვლილება შედის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვით თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, კანონი მისცემს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმით გავლის შესაძლებლობას. ცვლილება შეეხება თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლის მე-12 ნაწილს, რომლის მიხედვითაც, პირს უფლება აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას. თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის საფუძვლებს. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი სოციალური გარანტიების დაწესების შესაძლებლობის გათვალისწინებით, პირმა, რომელსაც წარმოეშვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, მიზანშეწონილია საკუთარი სურვილით გააგრძელოს ეს სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლში და ემატება მე-8 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც პირს შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ცვლილება შედის 90-ე მუხლის მე-15 ნაწილში, რომლის თანახმადაც, პირს აქტიურ რეზერვში სამსახურის შემდგომ, მიუხედავად იმისა დაარღვია თუ არა კონტრაქტი შეუნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. რაც შეეხება 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში განხორციელებულ ცვლილებას აღნიშნულით დაზუსტდება თავდაცვის სფეროში მოხალისეობის განმახორციელებელი, როგორც დასაფუძნებელ ასევე დაფუძნებულ იურიდიულ პირთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხი. ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-10 ნაწილში და გარდამავალი პერიოდისათვის, არსებულ საფეხურზე წოდებრივი დაწინაურების მიზნებისათვის, განისაზღვრება იმ სამხედრო წოდების მინიჭების ვადები, რომელთა მინიჭებისათვის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად ვადა გაიზარდა. თავდაცვის კოდექსის მიხედვით სამხედრო წოდების მინიჭების ვადების შემცირების შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდისათვის აღარ იქნება გამოყენებული კოდექსის ამოქმედებამდე არსებული მეტი ვადები და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება განხორციელდება ავტომატურად, შემცირებული ვადების მიხედვით. შესაბამისად, 178-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ამასთან, აღნიშნული ნორმის მოქმედება უნდა გავრცელდეს თავდაცვის კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რათა არ გაუარესდეს გარკვეულ პირთა წრის მდგომარეობა და არ დაირღვეს წოდებრივი დაწინაურების მიმდინარეობის პროცესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 ნაწილებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-7 და მე-12 ნაწილები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-10 ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მათი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების (წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რეფორმა) ამოქმედების ვადებთან. ამასთან, კანონის პროექტით გათვალისწინებულია უკუძალის მინიჭების საკითხი. კერძოდ, კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-11 ნაწილის მოქმედება უნდა გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან, პირებს, რომლებსაც თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდგომ წარმოეშვათ მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების უფლება, რაც თავის მხრივ უკავშირდება გარკვეული სოციალური გარანტიების წარმოშობის უფლებას, არ გაუუარესდეთ უფლებრივი მდგომარეობა და მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭოთ ამ პროექტით გათვალისწინებული წესით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, პროექტით წარმოდგენილი საკითხები უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას, როგორიცაა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზება, ამ სამსახურის დროული და სრულყოფილი დაკომპლექტება და მისი პოპულარიზაცია, თავდაცვის სფეროში მოხალისეობა, რომლებმაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მდგრადობა. ამ საკითხების ოპერატიულმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც არსებითად განაპირობებს მასთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ამასთან, კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-11 ნაწილის მოქმედება შეეხება პირთა წრეს, რომლებსაც თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდგომ წარმოეშვათ მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების უფლება, რაც თავის მხრივ უკავშირდება გარკვეული სოციალური გარანტიების წარმოშობას. შესაბამისად, მათი ინტერესების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის გზით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის პერიოდში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წოდებრივი სარგოს ზრდის შემთხვევაში შესაბამისი კანონით დადგენილი პროპორციულობით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, გაწვევის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯი არ გაიზრდება. კერძოდ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობების ფარგლებში, შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით. მაგალითისათვის 2023 წლის საშემოდგომო გაწვევაზე, გასაწვევი პირების რაოდენობა განსაზღვრულია 3 100 (თავდაცვის სამინისტროში 1400). შესაბამისად, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირების გაწვევაც განხორციელდება უკვე წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში. ამასთან, პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ფორმები (ვადები) ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან და აღნიშნული კატეგორიის პირებს ექნებათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ფორმისა და ვადის არჩევის უფლება. შესაბამისად, სტუდენტის მიერ შესაბამისი ფორმისა და ვადების არჩევის მიხედვით განისაზღვრება სამინისტროს ხარჯები, რომლებიც უკვე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, I კლასის რიგითიდან კაპრალამდე მისანიჭებელი ვადა, ორი წლიდან შემცირდა ერთ წლამდე. I კლასის რიგითის წოდებრივი სარგო შეადგენს 1560 ლარს, ხოლო, კაპრალის წოდებრივი სარგო, ამ თანხაზე 40 ლარით მეტს - 1600 ლარს. I კლასის რიგითის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ნამსახურები ექნებათ 1 წელი ან მეტი, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მიენიჭებათ კაპრალის სამხედრო წოდება და შესაბამისად, მათი წოდებრივი ანაზღაურება გაიზრდება 40 ლარით. ამ ეტაპისათვის არის ასეთი კატეგორიის 560 სამხედრო მოსამსახურე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამხედრო მოსამსახურე მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად გარდა ვადის გასვლისა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, უნდა ეკავოს ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა, ასევე გარკვეულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს შერჩევის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კაპრალის სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ სამინისტროს მხრიდან გაიზრდება გასაწევი ხარჯის ოდენობა, ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იქნება სამინისტროსათვის დამატებითი ხარჯი, ვინაიდან, I კლასის რიგითის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს კაპრალის წოდება, მიუხედავად ცვლილებისა, უნდა მინიჭებოდათ 2 წლის გასვლის შემდგომ, იმის გათვალისწინებით, 2 წლის ვადის შესრულებამდე რა პერიოდის სამსახურის ვადა ჰქონდათ მათ დარჩენილი. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, წოდების მინიჭების გაზრდილ ვადებთან დაკავშირებით, პროექტით, ერთჯერადად მორიგი წოდების მისანიჭებლად, შენარჩუნდება კოდექსის ამოქმედებამდე არსებული მცირე ვადები. ამ ეტაპისათვის, წოდების მინიჭებისათვის ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთი წოდებებია და მათთან დაკავშირებული წლიური ხარჯები დაახლოებით შეადგენს: - კაპიტნიდან მაიორამდე - 34 200 ლარი; - მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე - 24 000 ლარი. 75-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, კონკრეტული მატერიალური ან სოციალური გარანტიის უზრუნველყოფის საკითხები განსაზღვრული იქნება მინისტრის ნორმატიული აქტით. აღნიშნული ცვლილება ემსახურება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას და სხვადასხვა კატეგორიის პირებისთვის შეიძლება შეთავაზებული იყოს სხვადასხვა სოციალური გარანტიები. ხარჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პირი გამოთქვამს სურვილს სამხედრო სამსახურში დარჩენაზე და რა სოციალური გარანტია დაუწესდება მათ. ასეთი პირობის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დაწესებული მატერიალური ან სოციალური გარანტიების დაფინანსდება შესაბამისი წლის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, წოდებრივი სარგოს ზრდის შემთხვევაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განხორციელდება შესაბამისი შენატანები საპენსიო ფონდში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით განსაზღვრულმა ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმ პირთა წრეზე, რომლებიც საკუთარი სურვილით გააგრძელებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. კერძოდ, მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მათ შესაძლებელია დაუწესდეთ დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.