„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/345/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე მათი უფლებამოსილებების ფარგლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება, მათ შორის ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით და ვიდეომონიტორინგით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით და ვიდეომონიტორინგით.“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის სრულყოფილი კონტროლისა და ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგის მიზნით, „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესს“ ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.“. მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 2025 წლის 3 იანვრამდე უზრუნველყოს „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ შემუშავება და დამტკიცება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს განსაზღვრავს შემდეგი სამართლებრივი აქტები: 1. „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურის განსაზღვრა; 2. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N510 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - „N510 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N511 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობანაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში - „N511 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნებისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის დადგენა. ამასთან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის მონიტორინგი, მათ შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამეწარმეო კონტროლი შემოიფარგლება მხოლოდ N511-ე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობის დადგენით და რეგულირების მიღმაა დარჩენილი უშუალოდ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, რაც გათვალისწინებულია N510 ტექნიკური რეგლამენტით. ინსპექტირების პროცესის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია, ინსპექტირების პროცესზე მაკონტროლებელი ქმედებები განხორციელდეს სათანადოდ, რისთვისაც მიზანშეწონილია, ნათლად განისაზღვროს აკრედიტაციის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მოვალეობები აკრედიტაციის, მისი პირობების შესრულების და ინსპექტირების პროცესის მიმდინარე კონტროლის ფუნქციებთან დაკავშირებით. რადგან „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციაა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას და მის შესრულებაზე ზედამხედველობას, მიზანშეწონილია N510 ტექნიკური რეგლამენტის შესრულებაზე ზედამხედველობა განახორციელოს სააგენტომ. ამდენად, ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ჩართვის და მის მიერ მაკონტროლებელი ქმედებების სათანადოდ განხორციელებისათვის უპირველესად აუცილებელია, სააგენტოს საკანონმდებლო დონეზე - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების შედეგად მიენიჭოს ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის/კონტროლის უფლებამოსილება. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ხდება სააგენტოსთვის ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის უფლებამოსლების განსაზღვრა, რაც განეკუთვნება საკანონმდებლო აქტით დასარეგულირებელ საკითხთა კატეგორიას. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობას და გაჯანსაღებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე პროექტით იცვლება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც სააგენტოსთვის განისაზღვრება ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის უფლებამოსლება. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის ბოლო წინადადებაში სიტყვა „მონიტორინგი“ იცვლება „შეფასებით“, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო სტანდარტიდან სსტ ისო/იეკ 17011-დან. კერძოდ, ფორმულირება იქნება შემდეგი - „...აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის შეფასება ... “, ვინაიდან განახლებული საერთაშორისო სტანდარტით აღარ გამოიყენება ტერმინი „მონიტორინგი“, არამედ მასში გამოყენებულია მხოლოდ ტერმინი - „შეფასება“ როგორც პირველადი აკრედიტაციის, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური შეფასების და რეაკრედიტაციის ნაწილში. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ეფუძნება სწორედ საქართველოს კანონმდებლობა და მათ შორის, აკრედიტაციის წესები და პროცედურები. ასევე, მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ ემატება მე-10 პუნქტი, რომლითაც, იქმნება კანონისმიერი საფუძველი სააგენტოს დირექტორის მიერ „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ დამტკიცების მიზნით. კანონპროექტი შეიცავს გარდამავალი დებულების მუხლს (მუხლი 2), კანონის მიღებიდან ცვლილების ამოქმედებამდე გასატარებელი ღონიძიების შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, სააგენტოს 2025 წლის 3 იანვრამდე გააჩნდეს კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესის“ შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2025 წლის 3 იანვარიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭიროა სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული წესის დამტკიცება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმლების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შემოსული (ჯარიმების სახით) თანხის 100% კი, რომელიც გადახდევინებულია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, შედის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, ინსპექტირების ცენტრის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას მოახდენს ახალი დასაქმებულების ხელფასიდან 20%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა საშემოსავლო გადასახადის სახით. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში ახალი თანამშრომლების (10 ახალი თანამშრომელი საშუალო ხელფასი 2400 ლარი) ხელფასი ჯამურად იქნება 288 000 ლარი და აქედან 20% ანუ 57 600 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, კანონის ამოქმედების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში - 2026 წელს-57 600 ლარი, 2027 წელს-57 600 ლარი, 2028 წელს -57 600 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს სააგენტო ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. სააგენტოს მიერ ძირითადად გასაღები იქნება ადმინისტრაციული ხარჯი, ინსპექტირების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის როგორიცაა: ა) დამატებული ადამიანური რესურსისთვის გადასახდელი შრომის ანაზღაურება. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სააგენტოს დაემატება 10 ახალი თანამშრომელი, თითოეული მათგანის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2400 ლარს, შესაბამისად კანონის მიღების წელს და შემდგომ სამი წლის განმავლობაში ახალ თანამშრომლებზე გასაწევი საერთო ხარჯი იქნება 288 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე აისახება დასაქმებულთა ხელფასიდან 2% -ის საპენსიო დანაზოგში შეტანა, შესაბამისად ახალი თანამშრომლებისთვის გამოყოფილი ხელფასებიდან 5760 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადანაწილდება დასაქმებულთა საპენსიო დანაზოგში. ბ) საოფისე ხარჯები მოიცავს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის (ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1700 ლარი, სულ 17 000 ლარი) დასაფარ ხარჯებს. ვინაიდან რეგიონალური განყოფილება განლაგდება ქუთაისის უკვე არსებულ ოფისში, ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ადმინისტრირებას დასჭირდება სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა სააგენტოს მხრიდან, მაგრამ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. კერძოდ, სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის როგორიცაა: საჯარიმო ქვითრის დაბეჭდვა, ბაზრის მონაწილეების ინსპექტირება, წინამდებარე კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულება, მათ შორის, დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ა.შ. ამ მხრივ დამატებითი ხარჯის გამოყოფა საჭირო არ იქნება. სექტორში მონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის ხარჯები დამოკიდებული იქნება სააგენტოს მხრიდან ყოველწლიურად განხორციელებული შემოწმებების რაოდენობასა და სიხშირეზე, ასევე იმ მიდგომებზე, რომლებიც იქნება გამოყენებული სექტორის ზედამხედველობის პროცესში. სააგენტო, ამ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს ინსპექტირების ცენტრებზე, მათ მიერ გადახდილი საჯარიმო თანხების ოდენობით, რაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით; გ) უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.