„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი, დავით ხაჯიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, დავით კირკიტაძე, პაატა მანჯგალაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, ანა წითლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/414/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახედ განესაზღვრებათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ასევე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ამნისტიის მიღების მომენტამდე ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს და თავისუფლდებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღუსრულებელი ჯარიმისგან და საურავისგან. მუხლი 1 1. მსჯავრდებულ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. მუხლი 2 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე და 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მუხლი 3 1. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული. 2. გაუნახევდეს დანიშნული სასჯელი ქალს და პირობით მსჯავრდებულს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 3. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე-3422-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. 4. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და 261-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. 5. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე, 263-ე და 264-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები; 6. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 267-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. 7. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე273-ე და 274-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; მუხლი 4. 1. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გარდა დანაშაულისა, რომელიც მიმართული იყო არასწრულწოვნის წინააღმდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი, არ მოქმედებს არასრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩაადენილ დანაშაულზე. 3. გაუნახევრდეს სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუ დაზარალებული ან/და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამ პუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). მუხლი 5. 1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, მათ შორის ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე. მუხლი 6. 1. პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე-2 და მე-3, მე-4 და მე-5 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან/შემცირებასთან ერთად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მუხლი 7. 1. პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება განთავისუფლდეს აღუსრულებელი ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან. მუხლი 8 1. ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი. 2. ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. 3. მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 4. ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. მუხლი 9 1. ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 10 1. ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მუხლი 6 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული საზოგადოებრივ პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, პერიოდულად, უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით), რომლებიც მიმართული უნდა იყოს მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან მათი გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნისაკენ. დღეს ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ამავდროულად ნამდვილი, დამნაშავეებიც კი ციხეში სხედან ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით. დღეს, საქართველო ევროპაში „მოწინავეა“ პატიმრების რაოდენობით, ხოლო ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი უფრო რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა. წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა. ამ პირობებში გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი მოიცავს რისკს, რომ თავისუფლების აღკვეთა არასამართლიანად და ან გადამეტებული დოზით იქნა გამოყენებული. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების მიერ განხორციელებული საყოველთაო ამნისტია, სწორედ იმ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს შეეხო, რომელთა უდიდესი ნაწილი დღესაც მოსამართლეა და ამ პერიოდში რომ არ გამოსწორებულან, სხვა ყველაფერთან ერთად ამას მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციებიც ადასტურებს. ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში აუცილებელია, რომ ქართველ პატიმართა რიცხვი, 100 ათას მოსახლეზე ორჯერ მაინც არ აღემატებოდეს საშუალო ევროპულს. რასაც ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა უვადო თავისუფლების აღკვეთა, სიმკაცრით დიდად არ ჩამოუვარდება სიკვდილით დასჯას. სწორედ ამიტომ ერვროპის განვითარებული ქვეყნების ნაწილმა უარი თქვა ამ სასჯელის გამოყენებაზე, ხოლო სხვებმა შექმნეს ისეთი ეფექტური სისტემა, რომლის მეშვეობითაც 12-15 წელიწადში ხდება მსჯავრდებულის საქმის გადასინჯვა და ხშირ შემთხვევაში გათავისუფლება. საქართველოში, უვადო თავისუფლების აღკვეთა უმეტეს შემთხვევაში დანიშნულია ისეთ დროს, როდესაც სამართალდამცავი სისტემა ნორმაულრად არ ფუნქციონირებდა და შესაბამისად დიდია ალბათობა იმისა, რომ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა არასწორად იყოს გამოყენებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის ერთ პირს დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს უვადო, მხოლოდ იმის გამო, რომ ის წინათ ნასამართლევი იყო, რაც აჩენს კანონის წინაშე უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას. სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შესაძლებლობა საქართველოში მხოლოდ ფორმალურად არის გათვალისწინებული, პრაქტიკაში კი მისი გატარება არ ხდება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის, ასევე დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავის ასაკის, დანაშაულის ჩადენის დროს არსებული ვითარების, სასჯელის მოხდის ხანგრძლივობისა და პირობების, სასჯელის მიზნების, ჰუმანურობის პრინციპისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ პირებს შეეცვალოთ სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ვადიანი თავისუფლება აღკვეთილი პირებს შეუმსუბუქდეს სასჯელის ზომა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, უვადოდ და ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მისჯილ მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი ბერკეტების შემოღების საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წინამდებარე ამნისტიის აქტი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა უვადოდ. მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით. ამ ვადას გამოაკლდება უკვე მოხდილი წლები. სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 და 265-ე მუხლი გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლი კოდექსით გათვნალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაუალი, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული. ¼ შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წინამდებარე ამნისტიის აქტის პროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებისთვის, სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლას ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ასევე გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას. კერძოდ: უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებს შეეცვლებათ სასჯელის ზომა და ის განისაზღვრება 30 წლით. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა უვადოდ. გარდა ამისა , სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 და 265-ე მუხლი გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლი კოდექსით გათვნალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაუალი, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული. ¼ შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. კანონპროექტით განსაზღვრული ამნისტიის აღსრულების პროცედურული წესები: მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. ამნისტიის აქტის თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი ნორმები მოქმედებას იწყებს ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა უშუალოდ რეგულირების სფეროს მიკუთვნებული დანაშაულები აუცილებლად ჩადენილი უნდა იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთამდე, ამ შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე. რაც ყოველთვის წინ უსწრებს კანონის ამოქმედებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროკურატურისთვის და სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია, რომ პირს რომელსაც შეეხება ეს კანონი და ამ კანონის ამოქმედებისთვის აღუსრულებელი ჯარიმა და შესაბამისი საურავი აქვს, გაუუქმდეს. რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების მომენტისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის შემცირებაზე დამოკიდებულია ამნისტიას დაქვემდებარებულ მსჯავრდებულ პირთა რაოდენობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის აღუსრულებელ ნაწილზე, რაც თითოეული მსჯავრდებული პირის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს.პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს ამნისტია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა)15. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხარჯებზე გავლენა ექნება ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის 9542 პატიმარი, აქედან 326 ქალია, რომელთაც სასჯელი გაუნახევრდებათ, თუმცა განახევრებული სასჯელით რამდენი ქალი დატოვებს საპატიმროს უცნობია. იუსტიციის სამინისტრო არ აწარმოებს სტატისტიკას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, როგორც ეს ამნისტიის პროექტით არის განსაზღვრული, მონაცემების წარმოება ხდება კონკრეტული მუხლის მიხედვით, რაც ართულებს ზუსტი შედეგის განსაზღვრას. ამნისტია არის საყოვეთაო, მხოლოდ არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს არ ეხება, შესაბამისად ეს ინიციატივა დაახოებით 9500 პატიმარს ეხება. ერთი პატიმრისთვის განსაზღვურლი კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს შესაძლოა მოემატოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის ( სასამართლო, პროკურატურა) გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, რადგან კანონის მიხედვით, ზოგიერთი მათაგანი დატოვებს ციხეს რაც ფინანსურ შედეგთანაც არის დაკავშირებული, ადამიანი ციხეში არ აქვს ანაზღაურებადი სამსახურ, საპატიმროს დატოვების შემდეგ პირები დაუბრუნდებიან თავიანთ პროფესიას და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთვებიან. ასევე კანონის მიღებისთვის გადაუხდელი სისხლის სამართლის ჯარიმები გაუქმდება, რაც დაზოგას მათ ფინანსურ სახსრებს. აღნიშნული ამნისტია გავლენას იქონიებს დაახლოებით 9500 პირზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ის შესაძლოა შეეხოს 18 წლამდე მსჯავრდებულ პირებაც, რაც დადებით გავლენას იქონიებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას იქონიებს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან ყველა ქალს დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად უნახევრდება სასჯელის ვადა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, დავით ხაჯიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, დავით კირკიტაძე, პაატა მანჯგალაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდარბელიძე, ანა წითლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე.