„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2024
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/397/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.09.2021, სარეგისტრაციო კოდი: 080050000.05.001.020396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს 2024 წლის 1 სექტემბრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 30 იანვარს ვითარება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს - პანდემიად შეაფასა. 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტის („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“) მე-8 მუხლის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ განისაზღვრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 და 4211 მუხლებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის, აგრეთვე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის (თუ ის ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ), აგრეთვე 3591 მუხლით - საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის. 2021 წლის გაზაფხულიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა. იმავე წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონები, რომლებითაც ადმინისტრაციული/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები/დანაშაულები 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს. 2023 წლის 4 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „COVID - 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის №244 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება. დღეისათვის, როდესაც პანდემია უკვე დასრულებულია, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე მკაცრი რეაგირება აღარ არის აქტუალური, რაც შესაბამის პერიოდში ამ სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების/დანაშაულების პრევენციის საშუალებას წარმოადგენდა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელისაგან/სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაც, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა/დანაშაული ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გაუქმების თარიღამდე). 2021 წლის 23 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) გათვალისწინებული ქმედებისთვის გამოძიება დაიწყო 204 ფაქტზე, ხოლო 2022 წელს − 4 ფაქტზე. ამასთან, აღნიშნული მუხლით 2021 წლის 24 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 24 პირის მიმართ, ხოლო განაჩენი გამოტანილია 22 პირის მიმართ (მათგან 12 მსჯავრდებულს შეეხო 2021 წელს გამოცხადებული ამნისტია). ამასთან, 3591 მუხლით (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) გათვალისწინებულ დანაშაულზე გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. შესაბამისად, საჭიროა, რომ კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული პანდემიის − 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი ქმედებებისთვის პირები გათავისუფლდნენ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს 2021 წლის 7 სექტემბერს მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში (924-VIმს-Xმპ). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 და 3591 მუხლების საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხზე უკვე მიღებულია შესაბამისი შინაარსის სამართლებრივი აქტი, პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ პირთა წრის გაფართოებას შესაბამისი დანაშაულების ჩადენის პერიოდის მიხედვით, დაემატება „ამნისტიის შესახებ“ მოქმედ კანონს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საჭიროებით, რომლებმაც შესაბამისი დანაშაული 2021 წლის 23 ივნისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე პერიოდში ჩაიდინეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. ამასთან, ამავე კატეგორიის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის საჭირო ღონისძიებები გატარდება „ამნისტიის შესახებ“ (7 სექტემბერი 2021 წ. 924-VIმს-Xმპ) საქართველოს კანონის შესაბამისად და დასრულდება 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილია საკმაოდ მცირე პერიოდი, საჭიროა კანონპროექტის განხილვა და მიღება მოხდეს დაჩქარებულ ვადაში, ვინაიდან ამ გარემოებაზეა დამოკიდებული კანონპროექტით შემოთავაზებული საშეღავათო მიდგომის რეალურად ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის საშემოდგომო სესიის დაწყებამდე, დიდი ალბათობით, მოხდება დაკისრებული სასჯელის აღსრულება პირთა მიმართ, რის გამოც შესაძლოა, საშეღავათო ღონისძიებების შემოღებამ დაკარგოს თავისი რეალური დატვირთვა. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. წარმოდგენილი კანონის პროექტის აღსრულებისთვის აუცილებელი თანხები დაიფარება მიმდინარე წელს უწყებებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ, რომელსაც 2021 წლის ამნისტია არ შეხებია. ამასთან, იურიდიული პირის მიმართ განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს შეეფარდა პირობითი მსჯავრი, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები აღარ გადაიხდიან ჯარიმის თანხას, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირება განხორციელდება შესაბამისი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ მსჯავრდებულთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაეკისრათ ჯარიმის გადახდა, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან. არსებული ინფორმაციით ასეთია ხუთი მსჯავრდებული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუ 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში არასრულწლოვანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული ქმედება. უშუალოდ კანონპროექტის მომზადების პროცესში ცალკე გამოკვლეული არ ყოფილა, რამდენად არიან არასრულწლოვნები იმ პირებს შორის, ვისაც პოტენციურად შეეხება მისი მოქმედება. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის განხილვის პროცესში კონსულტაციების იქნა გავლილი საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.