„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.06.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/62/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - მე-4 პუნქტები: „3. იმ შემთხვევაში, თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრში წარდგენილია ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით. 4. სტატუსის მაძიებელი დაწესებულების ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.“. 2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-5 პუნქტები: „4. იმ შემთხვევაში, თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრში წარდგენილია აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ან ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით. 5. აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.“. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ცენტრი) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადები და პროცედურები განსაზღვრულია ამავე კანონით, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებითა და „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 22-ე მუხლები განსაზღვრავს ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მისაღები გადაწვეტილების სახეებსა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის და 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ავტორიზაციის/აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ან ავტორიზაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს, დაკავშირებულია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში არსებული ვადების დაუცველობის შედეგად წარმოშობილ სირთულეებთან. მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 180 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდება სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, რა დროსაც შესაძლებელია, რომ ამოიწუროს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებას და საფრთხე უქმნის მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებს. ზემოაღნიშნული მთელი რიგი ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, პროცესის გაჭიანურების განმაპირობებელი გარემოება შეიძლება იყოს საერთაშორისო ექსპერტების მოძიებისა და მათი წარმოების პროცესში ჩართულობის სირთულეები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, გარდა რიგი გამონაკლისებისა, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა პროცესში მონაწილეობაც გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, სირთულეს წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტის მოძიება, განსაკუთრებით სპეციფიკური დარგების მიმართულებით. აგრეთვე, შესაძლოა საერთაშორისო ექსპერტმა უარი თქვას უკვე დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე, რა შემთხვევაშიც, განსხვავებით ადგილობრივი ექსპერტებისგან, საერთაშორისო ექსპერტის ჩანაცვლება დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევებში, შესაძლებელია შეფერხდეს დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე შესაბამისი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების მიღება, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს თავად საგანმანათლებლო ინსტიტუციას, იქ დასაქმებულ პირებს, მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ უწყვეტი ფუნქციონირება მაშინ, როდესაც მათი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა იწურება, ხოლო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ავტორიზაციის/აკრედიტაციის თაობაზე ჯერ არ არის მიღებული. კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება და დაცული იქნება მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტებისა და დაწესებულების ინტერესები, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების პროცესი ჭიანურდება და აკრედიტაციის/ავტორიზაციის ვადა იწურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს ცენტრში და გამოცემულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, მიეცემათ ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მანამ, სანამ საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ზემოაღნიშნული ჩანაწერი განისაზღვრება მე-16 მუხლის მე-3 და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტებით. ამასთანავე, მე-16 და 24-ე მუხლებს ემატება პუნქტები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ავტორიზაციის სტატუსის მაძიებელი დაწესებულების ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად/აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით. ამასთან ცვლილებით განსაზღვრულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით. ვადის განსაზღვრა მიზანშეწონილია, რათა ერთი მხრივ, არ მოხდეს ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გაგრძელება არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით, მეორე მხრივ, კი შესაძლებელი იყოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის საწყის ეტაპზევე განსაზღვრა, რასთანაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. თავის მხრივ, ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით განისაზღვრება ცენტრის ვალდებულება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლამდე განსაზღვრული დროით ადრე შეატყობინოს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულად/აკრედიტებულად ჩათვლისა და შესაბამისი ვადის განსაზღვრის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგებს, ხოლო 24-ე მუხლი განსაზღვრავს აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივ შედეგებს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან 24-ე მუხლისგან განსხვავებით, მე-16 მუხლის სათაურში არ არის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები და წარმოდგენილი ცვლილება ასევე შეეხება ავტორიზაციის ვადის გასვლის საკითხს, მნიშვნელოვანია, მე-16 მუხლის სათაურს დაემატოს ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს საგანმანათლებლო დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ იმ შემოსავალს ვაუჩერული დაფინანსების, სწავლის საფასურის, პროგრამული და მიზნობრივი დაფინანსების, სასწავლო გრანტების და სხვა შემოსავლების სახით, რომელსაც ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის წყვეტის პერიოდში დაკარგავდნენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონპროექტი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ახდენს დადებით გავლენას, ასევე მოახდენს დადებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან დაწესებულება ბიუჯეტში გადაიხდის შემოსავლებიდან მიღებულ გადასახადს. კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასური გათვალისწინებულია ერთჯერადად და წარმოების დასრულებამდე ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაშიც დაწესებულებებს არ მოუწევთ ხელახლა ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურის გადახდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში, მოსწავლეს, სტუდენტს, პროფესიულ სტუდენტს აქვს უფლებამოსილება ისარგებლოს მობილობით და გადავიდეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად ხსენებულ პირებზე რაიმე სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, მობილობით სარგებლობისას დაფინანსება გადაყვება მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდება პროცესის დასრულება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირის სახით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება და შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ იმ შემოსავალს ვაუჩერული დაფინანსების, სწავლის საფასურის, პროგრამული და მიზნობრივი დაფინანსების, სასწავლო გრანტების და სხვა შემოსავლების სახით, რომელსაც ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის წყვეტის პერიოდში დაკარგავდნენ. ამასთანავე, კანონის მიღების შემდგომ დაცული იქნება მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების ინტერესები, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების პროცესი ჭიანურდება და აკრედიტაციის/ავტორიზაციის ვადა იწურება, რამდენადაც არ მოუწევთ მათ სხვა დაწესებულებაში მობილობით გადასვლა. კანონის მიღება აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე, რამდენადაც მათ შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რომელსაც ისინი ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში დაკარგავდნენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.