„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#304/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ ქვეპუნქტი: „ჰ10) ტყის ფიზიკური დაცვა - უშუალოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ, მის მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა უკანონო ტყითსარგებლობისაგან და ტყის რესურსების დატაცებისაგან.“. 2. მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, სამინისტრო ამ მუხლის შესაბამისად ამზადებს და ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას წარუდგენს შუამდგომლობას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა, სამინისტროს შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ეს ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.“. 3. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) აუქციონის წესით გასცემს ხეტყის დამზადების უფლებას სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ტყეკაფზე; პ) უზრუნველყოფს ტყის ფიზიკურ დაცვას.“. 4. 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ეხება ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო ჭრების განხორციელებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“. 6. 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მერქნის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო. ამასთან, ხეტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს ხეტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, ტყის მართვის ორგანოს ზედამხედველობით. 7. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: ,,3. ხეტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირი სამეურნეო ჭრით ხე-ტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი ზედამხედველობით. აღნიშნული უფლების მოპოვებით პირი ხდება ტყითმოსარგებლე. ეს პირი იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია, ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ხელშეკრულება.“. 8. 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის საქართველოს ტყეში) ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია და რომლის წარმოების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოები, აგრეთვე სხვა შესაბამისი პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 9. 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ კოდექსის საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით.“. 10. 53-ე მუხლის : ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“. 11. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. იმ შემთხვევაში, როცა ხეტყის დამზადება ხდება ხეტყის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, ტყის მართვის ორგანო ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული პროცესის კონტროლი, რაც მოიცავს და არ შემოიფარგლება: ადამიანური რესურსების, ტექნიკური საშუალებების და კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენებას. აღნიშნული კონტროლის წესი და პირობები წესრიგდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“ 12. 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა, ასეთ შემთხვევაში მიჩენის ჯამური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს.“. 13. 93-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების ხეტყით (მრგვალი ხეტყე (მორი) და საშეშე მერქანი) უზრუნველსაყოფად დაშვებულია დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით, სანიტარული ჭრით, მოვლითი ჭრით და სარეკონსტრუქციო ჭრით ხეტყის დამზადება, აგრეთვე ამ კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნის გაცემა, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 14. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 31 ივლისამდე დაამტკიცოს „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ბუნებრივი ტყეების სპეციფიკიდან და განლაგებიდან გამომდინარე (ტყის დაახლოებით 66% მდებარეობს მაღალი დაქანების ფერდობებზე), ყველა ეპოქაში შეზღუდული იყო ტყის ექსპლუატაცია ხეტყის მრეწველობის მიმართულებით. დაახლოებით 3 მლნ ჰა ტყის ფართობიდან საექსპლუატაციო ტყე მხოლოდ 20–25%-ს შეადგენდა, ხოლო დღეისათვის არსებული მონაცემებით ეს მაჩვენებელიც მკვეთრად შემცირებულია. უახლოეს მომავალში სატყეო სექტორის, განსაკუთრებით კი ქვეყნის ძირითადი ტყის მართვის ორგანოს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა, ამასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება, ბიზნეს პროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია. დღეისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება უკანონო ჭრები. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკანონო ჭრის პრევენციას უშუალოდ ტყეში, რაც მოითხოვს ეფექტური ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას კონკრეტულ ტერიტორიებზე და გეგმიურ თუ არაგეგმიურ მონიტორინგს. ამჟამად, სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ გააჩნია ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია. ფორმალურად არ არსებობს „ტყის მცველის“ პოზიცია, სპეციალისტებს არ აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონტროლის ეფექტიანობას. საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ახალ ცვლილებას ფიზიკური დაცვის საკითხთან მიმართებით. როცა 2021 წელს საქართველოს ტყის კოდექსი შევიდა ძალაში, მასში სპეციალურად გაჩნდა ჩანაწერი, 21-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომ ტყის მართვის ორგანოებს არ ჰქონოდათ ვალდებულება ტყე დაეცვათ ფიზიკურად, მათ შორის, ტყის უკანონო ჭრის პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით, ვინაიდან, არ იყო შესაბამისი რესურსი. ახლა როცა აღნიშნული სქემა იცვლება და ტყის მართვის ორგანოს ემატება ადამიანური რესურსიც, ეს ჩანაწერი აღარ არის აქტუალური და ამავდროულად კოლიზიაში მოდის ცვლილებასთან, ტყის ფიზიკური დაცვის ნაწილში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრაქტიკა ხეტყის დამზადებისა და რეალიზაციის კუთხით ბიუროკრატიულად რთული და არაეფექტიანია. კერძოდ, ტყის მართვის ორგანო აცხადებს დამზადების ტენდერს, გამარჯვებულს უფორმებს ხელშეკრულებას, რის შემდეგაც დამამზადებელი ჭრის და რესურსი გადააქვს საქმიან ეზოში. იქ ხეტყე ხარისხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ და შემდეგ აუქციონის წესით იყიდება. აღნიშნული პროცესი დროში გაწელილია და საჭიროებს რეალიზაციის მექანიზმის გადახედვას. საქართველოს ტერიტორიაზე ხეტყით სარგებლობის, მისი მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების აღრიცხვის მიზნით, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მართვას. აღნიშნული სისტემის წარმოება ხორციელდება წესის საფუძველზე, რომელიც აუცილებელია ნორმატიული აქტით დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ. ვინაიდან, სისტემას აწარმოებენ საქართველოს ტყის კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოები, შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა მათთვის. საქართველოს ტყის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ყველა ტყითსარგებლობის უფლება გაიცემა აუქციონით, გარდა კონკრეტული ჩამონათვალისა, რომელიც იქვეა მითითებული. ესენია: ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიეროკვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ხაზობრივი ნაგებობები არ არის გამონაკლისებში, შესაბამისად ექვემდებარება აუქციონს. რაც შეეხება თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობას, ამავე ნაწილში განმარტებულია, რომ მისი მოპოვება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, რა დროსაც უნდა თავიდან აცილებულ იქნეს შინაარსობრივად მადუბლირებელი პროცედურების წარმოება (აუქციონის ჩატარება). შესაბამისად, კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილში წარმოდგენილი ცვლილება რეალურად ასწორებს ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც ისედაც მოწესრიგებულია 44-ე მუხლში. კოდექსის მოქმედი რედაქციით, ტყის არამერქნული რესურსებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლება ენიჭება მხოლოდ იურიდიულ პირებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური მეწარმეებიც, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა იურიდიულ პირებად არ ითვლებიან. აღნიშნული რეგულაცია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რის გამოც მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს ტყის კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებში და ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება მიენიჭოთ მეწარმე ფიზიკურ პირებსაც. კოდექსის არსებული უზრუნველსაყოფად, რედაქციით, კოდექსის 93-ე ადგილობრივი მუხლის მე-11 მოსახლეობის პუნქტის სათბობი შეშით თანახმად, დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ „სამეურნეო (გამონაკლისის სახით) და სანიტარული ჭრის“ შედეგად მიღებული მერქნული რესურსით მომარაგება დაიშვება, ხოლო მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხდება აუქციონის ფორმით. სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ტყით დაფარული ფართობი შეადგენს დაახლოებით 367 933 ჰექტარს. საქართველოს ტყის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტყეში ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა), აგრეთვე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება ხდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის გეგმა მომზადებული და დამტკიცებულია 210 219 ჰექტარი ტყის ფართობზე. ტყის მართვის გეგმებით, ტრადიციული გამოყენების ზონებში ტყის ხარისხობრივი, რაოდენობრივი და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია მხოლოდ მოვლითი და სანიტარული ჭრის ღონისძიებები, ვინაიდან დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო ჭრა არ ინიშნება. ამასთან, საქართველოს ტყის კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი ჭრებიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაშვებია სარგებლობა მხოლოდ სანიტარული ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსით. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია სათბობი მერქნის მოპოვების ალტერნატიული წყარო, გარდა დაცული ტერიტორიებისა, მათ შორის: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ალგეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და სხვა დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყეების. დაცულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი მერქნული რესურსის რეალიზაცია ამჟამად ხორციელდება ელექტრონული აუქციონის გზით. დღეის მდგომარეობით სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიან ეზოებში დაგროვილია დაახლოებით 4000 კბ.მ საშეშე მერქანი, რომლის რეალიზაცია აუქციონებზე პრაქტიკულად ვერ ხერხდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხებს. შესაბამისად, მომზადებულ იქნა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ტყეში გაჩნდება სუბიექტი (ტყის მცველი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე. აღნიშნული თავის მხრივ მოიცავს, ტყის ფიზიკურ დაცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. ასევე ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვას, ტყეკაფების სწორად გამოყოფას და წარმოშობის დოკუმენტების სწორად შედგენას შესაბამისი თანამშრომლების მიერ. შესაბამისად, ტყე იქნება უფრო უკეთ დაცული და მართული. ასევე, გამარტივდება მერქნული რესურსის რეალიზაცია, კერძოდ შესაძლებელი გახდება ბაზრის დივერსიფიკაცია და ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ უფრო მოქნილი მექანიზმებით მოახდინონ რესურსის რეალიზაცია. ასევე, შესაძლებელი იქნება დაცულ ტერიტორიებზე ტყეში სამეურნეო, სანიტარული მოვლითი ჭრით და სარეკონსტრუქციო მოსახლეობისთვის. ჭრის შედეგად მიღებული მერქნის გადაცემა ადგილობრივი ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი ეხება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის აღდგენას, ასევე მერქნული რესურსის რეალიზაციის დამატებითი მექანიზმის შემოღებას, რაც თავისთავად გულისხმობს ტყის დეგრადაციის პროცესის შეჩერების ხელშეწყობას და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფას და მოიცავს ტყის დაცვას, მოვლა-აღდგენას, მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებას, ასევე ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციას. კანონპროექტის თანახმად კოდექსში ჩნდება ტერმინი - ტყის ფიზიკური დაცვა. გარკვეულ მუხლებში შედის ცვლილება და ისინი შესაბამისობაში მოდის არსებულ რეალობასთან. ამასთან, კანონპროექტი უზრუნველყოფს: ითვალისწინებს ტყის კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც • ტყის არამერქნული რესურსებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებას მეწარმე ფიზიკური პირებისთვის; • დაცულ ტერიტორიებზე ტყის სამეურნეო, სანიტარული მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქნის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად; • განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი საშეშე მერქნის მიზნობრივ გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობისა და სასაზღვრო პოლიციის სათბობი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; • კერძო საკუთრებაში არსებული ტყით დაფარული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებული რეგულირების მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ტყეთმოწყობისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესების დასრულების შემდეგ; • ვინაიდან, თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გაიცემა ლიცენზია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და სალიცენზიო პირობები ითვალისწინებს ტყის ტერიტორიის სპეციალური სარგებლობით გადაცემას. შესაბამისად 38-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოდის „გ“ ქვეპუნქტი, გაორება რომ არ მოხდეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტი (როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, ისე საკუთარი შემოსავლები). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემდეგ, მისი აღსრულებისთვის, საჭირო გახდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დამატებით 499 თანამშრომლის დამატება: პოზიცია რაოდენობა თანამდებობრივი სარგო თვეში უბნის უფროსი 4 3200 მეტყევე 94 2880 ტყის მცველი 401 2080 სულ: 499 შესაბამისად, 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით შევა საშემოსავლო გადასახადი ახალი თანამშრომლების 6 თვის ხელფასიდან დაახლოებით 1 341 120 ლარი (6 თვის ხელფასი შეადგენს 6 705 600 ლარს, ამ თანხის 20 % ). ხოლო, 2027-2029 წლებში კი (12 თვის ხელფასიდან - 13 411 200 ლარი) - 2 682 240 ლარი ყოველწლიურად. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე გავლენას მოახდენს ის გარემოებაც, რომ პროექტი ითვალისწინებს ხეტყის დამზადების უფლების აუქციონის წესით გაცემას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე. აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრა მოხდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე გავლენას მოახდენს ის გარემოებაც, რომ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შედეგად მოჭრილი საშეშე მერქანი შესაძლებელი იქნება გაიყიდოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სოციალური დანიშნულებით მოსახლეობაზე და სასაზღვრო სექტორებზე, ისევე როგორც სამეურნეო ჭრის და სანიტარიული ჭრის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილების შედეგად გაიზრდება რეალიზებული საშეშე მერქნის ოდენობა და შესაბამისად, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალიც და გაიზრდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიც. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაყიდული საშეშე მერქნის რაოდენობაზე. კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ -ეროვნული სატყეო სააგენტოს შემოსავლებზე იმ ნაწილში, რომ უნდა გაიცეს ნებართვა არამერქნული რესურსის მოპოვებაზე, რომლის ღირებულებაც 200 ლარი იქნება. შემოსავალი დამოკიდებული იქნება მოპოვებული არამერქნული რესურსის სახეობაზე და რაოდენობაზე. შესაბამისად, გაიზრდება სატყეო სააგენტოს მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაც. კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემოსავლებზე, ვინაიდან მათ უნდა უზრუნველყონ აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრა. შესაბამისად, გაიზრდება მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაც, რაც დამოკიდებული იქნება ჩასატარებელი აუქციონების რაოდენობაზე და მომსახურების ფასსზე. დაცულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი მერქნული რესურსის გაცემა პირდაპირი მიყიდვით სოციალური დანიშნულებით მოსახლეობაზე და სასაზღვრო სექტორებზე დამატებით შემოსავალს მისცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, ვინაიდან საშეშე მერქნის მყიდველი გადაიხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ IV კატეგორიის ხე-ტყის მოსაკრებელს სახეობების მიხედვით თითოეული კუბური მეტრი შეშისათვის, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 26-ე მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაყიდული მერქნული რესურსის რაოდენობაზე. კანონპროექტს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2027-2029 წლებში გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 2026 წლისთვის საჭირო თანხების გამოყოფა მოხდება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტიდან (კანონმდებლობით ნებადართული საკუთარი შემოსავლები და დეპოზიტებზე არსებული თავისუფალი სახსრები), რადგან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია და იზრდება თანამშრომელთა დაახლოებით რაოდენობა 499 ერთეულით. ჯამში, 2026 წელს საჭირო იქნება 28 800 000 ლარი, მათ შორის: 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი - 6 705 000 ლარი, ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) - 16,490,000 ლარი, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - 4,795,000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა - 110 000 ლარი, უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი, ავტომანქანების საწვავი - 200 000 ლარი და დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე. 2027-2029 წლებში სატყეო სააგენტოს ამ ცვლილებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით დასჭირდება დაახლოებით 19 741 200 ლარი: 499 თანამშრომლის 12 თვის ხელფასი - 13 411 200 ლარი, სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაცია - 5,000,000 ლარი, დაზღვევა - 330,000 ლარი, უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი, ავტომანქანების საწვავი - 500 000 ლარი და დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე. საპენსიო შენატანები - 6 თვეში დაახლოებით - 130 000 ლარამდე. ხოლო 2027-2029 წლებში წლიურად დაახლოებით- 270 000 ლარამდე. ამ თანხების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო სისტემაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობაზე. ასევე, სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების შესყიდვა აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისთვის. ხარჯის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩასატარებელი აუქციონების რაოდენობაზე და ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების ფასსზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ხეტყის დამზადების უფლების აუქციონის წესით გაცემა, გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სხვა აუქციონების ჩატარებიდან გამომდინარე ისედაც იხდის ელექტრონული პორტალის მომსახურების საფასურს, რაც წლიურად შეადგენს 3000 ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე არ ექნება გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე ხეტყით გადამუშავებასთან რესურსების სარგებლობასთან, დაკავშირებული მართვის ხეტყის ღონისძიებების ელექტრონული სისტემის“ მოძრაობასთან და პირველად აღრიცხვის მიზნით „მერქნული შექმნას, ვინაიდან აღნიშნული ელექტრონული სისტემა შექმნილია და ფუნქციონირებს ძველი ტყის კოდექსის საფუძველზე. ვინაიდან ძველი ტყის კოდექსი ძალადაკარგულია, ამ ცვლილებით ხდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გაჩენა. კანონპროექტით გათვალისწინებული ხეტყის დამზადების უფლების აუქციონის წესით გაცემა, გავლენას მოახდენს ტყის მართვის ორგანოს ბიუჯეტზე, ვინაიდან შეუმცირდებათ საოპერაციო ხარჯები. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩატარებული აუქციონების რაოდენობაზე. კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე, ვინაიდან სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს უკვე ჰყავთ შესაბამისი რაოდენობის ტყის მცველები და დამატებით თანამშრომლების დამატებას არ მოითხოვს და ახორციელებენ ტყის ფიზიკურ დაცვას. ასევე გავლენა არ ექნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება შეუმცირებს საოპერაციო ხარჯებს როგორც ხეტყის დამამზადებლებს ასევე ტყის მართვის ორგანოებს. ვინაიდან შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და გამარტივდება მერქნული რესურსის რეალიზაცია. შესაბამისად, კერძო კომპანიებს მიღებული მერქნული რესურსის რეალიზაციის შედეგად გაუჩნდებათ შემოსავალი, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია მერქნული რესურსის ოდენობაზე და სარეალიზაციო ფასზე, რომელსაც დაადგენს სამომხმარებლო ბაზარი. ასევე, რეგიონებში გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ამ ცვლილების ფარგლებში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ შემოსავალს. კანონპროექტი გავლენას მოახდენს ის პირებზე რომლებიც დაინტერესებულები არიან ხეტყის დამზადებით და აუქციონში გაიმარჯვებენ. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აუქციონის ფასზე, რომელიც განისაზღვრება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ და დასამზადებელი ხეტყის მოცულობაზე. ასევე ამ პირებმა უნდა განახორციელონ სააუქციონო ტერიტორიაზე ტყის მოვლის ღონისძიებებიც, რაც დაფინანსდება მათ მიერ დამზადებული ხეტყის რესურსიდან. კანონპროექტს გავლენა ექნება ასევე იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი თანამშრომლებისთვის უნიფორმების დამზადებას და ასევე იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ კომპანიების მომსახურების შესყიდვა მოხდება ტენდერების საფუძველზე და გავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ამ ტენდერების შედეგებზე. ასევე გავლენა ექნება იმ ინდ. მეწარმეებზე, რომლებიც დაინტერესებულები არიან არამერქნული რესურსის მოპოვებით. ამ შემთხვევაში მათ ნებართვის გაცემის სანაცვლოდ მოუწევთ 200 ლარის გადახდა, ხოლო შემოსავალი დამოკიდებული იქნება მოპოვებული არამერქნული რესურსის სახეობაზე და რაოდენობაზე, ასევე ამ რესურსის საბაზრო ღირებულებაზე. კანონპროექტს გავლენა არ ექნება არამერქნული რესურსების მოპოვებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებზე (მოსახლეობაზე), მათთვის არაფერი იცვლება. პირადი მოხმარებისთვის მოპოვება მოსახლეობისთვის ახლაც უფასოა და იგივე დარჩება მომავალშიც. ასევე, მოსახლეობაზე გავლენა არ ექნება იმ გარემოებასაც რომ დაცულ ტერიტორიებზე მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსის რეალიზება მოხდება არა აუქციონის საშუალებით, არამედ პირდაპირი გადაცემის გზით. ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური მიზნით საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება ამჟამადაც საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად. ის, რომ ხეტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს ხეტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, ტყის მართვის ორგანოს ზედამხედველობით ეს ფინანსურ გავლენას არ მოახდენს აუქციონში გამარჯვებულ პირზე, ვინაიდან ზედამხედველობას განახორციელებს ტყის მართვის ორგანო საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსით. ზედამხედველობა რაში იქნება გამოხატული ეს მოცემული იქნება აუქციონის პირობებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება, ან არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთა დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.