„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#323/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-25
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 1951 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით (მათ შორის, ბაზრის კვლევისას და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისას), პირთა მიერ წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომ - „კანონპროექტი“) მომზადება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი და პრაქტიკული მოწესრიგების შემდგომ სრულყოფასა და მიმდინარე გამოწვევების აღმოფხვრას. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 195¹ მუხლის მოწესრიგება არ მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ყველა ეტაპსა და მასზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობის მქონე ყველა სუბიექტს. იგი ვრცელდება მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობის პროცესსა და უშუალოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებზე. სახელმწიფო შესყიდვების თვისობრიობის გათვალისწინებით, შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არამხოლოდ შესყიდვების პროცედურების სხვადასხვა ეტაპზე, არამედ - მის დაწყებამდეც შესაძლებელია, რომ განხორციელდეს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მოწესრიგების გავრცელება შეზღუდული არ იყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურებით. ამასთან, რადგან შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესებისთვის არსებითი ხასიათის ზიანის მიმყენებელი შესაძლოა იყოს არამხოლოდ შესყიდვებში მონაწილე პირი, არამედ მასთან დაკავშირებული ან სხვა მესამე პირი, აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მოწესრიგების გავრცელება შეზღუდული არ იყოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობისა და შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დაცვა და მაქსიმალურად იქნას გამორიცხული ამ ინტერესის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩადენის ალბათობა, აუცილებელია რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლში შევიდეს ცვლილება და ამ მუხლით გათვალისწინებულ იქნას არა მხოლოდ უშუალოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები, არამედ - სახელმწიფო შესყიდვების წარმართვის ყველა ეტაპი და არამხოლოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტები, არამედ - ყველა ის პირი, რომელსაც შესყიდვების განხორციელებასა და მის შედეგებზე უშუალო და არსებითი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, მათ შორის ისეთი მესამე პირებიც, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე სუბიექტებს, თუმცა, ფაქტობრივად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგების გაფართოება და გავრცელება სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ამასთან, ფართოვდება აღნიშნული ქმედების შემადგენლობის ჩამდენ პირთა წრე, იგი შემოფარგლული აღარ იქნება მხოლოდ შესყიდვის პროცედურებში მონაწილით და მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ან სხვა ისეთ პირს, რომლის მიერ, თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, ჩადენილი ქმედებაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას გამოიწვევს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის კოდექსის 1951 მუხლის პირველ ნაწილში, და მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების ნაცვლად, მოწესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ყველა ეტაპი, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებამდე პერიოდი. ამასთან, აღნიშნული მუხლის მოქმედება გავრცელდება არამხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირზე, არამედ - ყველა იმ პირზე (გარდა მოხელისა ან მასთან გათანაბრებული პირისა), რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას გამოიწვევს. ასევე, ცვლილება შედის 1951 მუხლის შენიშვნაში, სადაც მიეთითება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა, მისი სპეციალიზებული ხასიათის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით (სამოხელეო დანაშაული) გათვალისწინებული სპეციალური წესით წესრიგდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან ცვლილებით ფართოვდება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირთა წრე, შესაბამისად, ხდება დასჯადობის განვრცობა. მიზანშეწონილია, შესაბამის პირებს ჰქონდეთ ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე გარკვეული პერიოდით ადრე, ვიდრე კანონი ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესების არსებითი დაცულობის რეალურად უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურები წარიმართოს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის სახით, მათ შორის, გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე, შემოსავლების ზრდის მხრივ. შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჯარიმის შეფარდების სიხშირესა და შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე. ჯარიმის ოდენობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განისაზღვრება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რადგან, კანონპროექტის შესაბამისად, ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის 1 195 მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ჩამდენ პირთა წრე და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის სახით, მათ შორის, გათვალისწინებულია შინაპატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების ან/და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის შენახვისთვის განსაზღვრული წლიური ხარჯის შესაბამისად. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენას იქონიებს ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული ხარჯი, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული ქმედების გამოვლენასთან, გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნასთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ჯარიმის შეფარდების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კანონპროექტით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის და ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.