„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#343/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-15
ბიუროს ნომერი 150

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირება 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობების“ დამტკიცება.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ, 2025 წელს განხორციელდა აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და გამოქვეყნდა მონიტორინგის შუალედური ანგარიში. შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 32 შესაბამისი ბაზარი აგროქიმიკატების, ხოლო 35 ბაზარი პესტიციდების მიმართულებით. შესაბამისი ბაზარი წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ერთობლიობას. პესტიციდების შემთხვევაში შესაბამისი ბაზრების განსაზღვრა მოხდა მოქმედი აქტიური ნივთიერებების გათვალისწინებით. აგროქიმიკატების ნაწილში, შესაბამისი ბაზრების იდენტიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ: ორგანული, მინერალური და ორგანო-მინერალური სასუქები სხვადასხვა პროდუქციულ საზღვრად იქნა მიჩნეული, შემდგომში, მინერალური სასუქების ქვეკატეგორიზაცია მოხდა მათი გამოყენების თავისებურების გათვალისწინებით შემდეგ კატეგორიებად: 1. ნიადაგში შეტანა/ფერტიგაცია/ფესვური გამოკვება/წვეთოვანი გამოკვება; 2. ჩითილებისა და ნერგების დამუშავება; 3. ჰიდროპონიკა; 4. ფოთლოვანი გამოკვება; 5. სუბსტრატში შეტანა; 6. თესლის დამუშავება. სხვადასხვა პროდუქციულ ბაზრად იქნა მიჩნეული ასევე მარტივი და რთული სასუქები, ამასთანავე მარტივი სასუქების შემთხვევაში ქვეკატეგორიზაცია მოხდა მაკროელემენტების გათვალისწინებით. სააგენტომ ცალკე შესაბამის ბაზრად მიიჩნია ასევე ბაქტერიული სასუქები. სააგენტოს პირველადი მონაცემებით, აგროქიმიკატების შემთხვევაში, 9 კომპანიას 14 სხვადასხვა იდენტიფიცირებულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ფლობა დაუდასტურდა, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში - 7 კომპანიას 30 სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე. დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტი, რომლის საბაზრო წილიც კონკრეტულ შესაბამის ბაზარზე აღემატება 40%-ს. სააგენტომ ანგარიშის მიზნებისათვის გამოყო ის ეკონომიკური აგენტები, რომელთაც რომელიმე შესაბამის ბაზარზე გააჩნდათ არანაკლებ 40%-იანი წილი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. ამასთან, კვლევის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა. აღინიშნებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100%-ს. მიმდინარე ანალიზის თანახმად, სააგენტოს შეფასებით, ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა, ბაზარზე ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები განაპირობოს, რაც თავის მხრივ აისახება ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრებზე სამართლიანი გარემოს ფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფერმერებისა და დარგობრივი ასოციაციების მხრიდან რეგულარულად ფიქსირდება მათ მიერ წარმოებული პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია მათი პროდუქციის მაღალი თვითღირებულებით, რის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად სახელდება ადგილობრივ ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაღალი ფასი. ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა მაღალი თვითღირებულების გამო, ასევე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე მაღალი იმპორტდამოკიდებულება მნიშვნელოვან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრებზე სამართლიანი გარემოს ფორმირების და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდება პროდუქციის ფასების არასტაბილურობა და რიგ შემთხვევაში, მაღალი ფასნამატი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირება, საჭიროებს მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, შესაბამისად, აუცილებელია კანონით საქართველოს მთავრობას მიენიჭოს უფლებამოსილება განსაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დაექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. ხოლო, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან. პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება იყოს: იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენელისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა. იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ. საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი. ფასის განსაზღვრის მექანიზმი შეიძლება იყოს: მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით: პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში, ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, იაპონიაში, ისრაელში და პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყნებში. ასევე, მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება სხვადასხვა კრიტერიუმებით, მაგალითად: მოქმედი ნივთიერების, მოქმედი ნივთიერებების კომბინაციის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, პრეპარატული ფორმისა (სითხე, გრანულა, ორიგინალი, ჯენერიკი და ა.შ) და დაფასოების მიხედვით; ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვროს თითოეული ჯგუფისთვის მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი, რისთვისაც გამოყენებული იქნება: თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის საბითუმო და საცალო დონეზე რეალიზებული პესტიციდების რაოდენობასთან შეწონილი ფასის საშუალო არითმეტიკული ფასი; თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის იმპორტის საინვოისო ფასის რაოდენობასთან შეწონილი საშუალო არითმეტიკული ფასი. მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასის დადგენა უზრუნველყოფს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიწოდების ჯაჭვში დამატებითი რგოლების გაჩენისა და არამართლზომიერი ფასნამატის პრევენციას, ასევე, ბაზარზე გონივრული ფასების შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია შემუშავებული და გამოყენებული იქნეს ფასების რეგულირების სხვა მოდელიც. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს პესტიციდისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ჯაჭვში ჩართული ბიზნესოპერატორების მიერ პესტიციდისა და აგროქიმიკატის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს და სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომას. კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ვინაიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში წარმოადგენს 20-50% სხვადასხვა კულტურის მიხედვით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება 51 მუხლი, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრება, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დაექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას, ხოლო, მე-2 პუნქტით კი განისაზღვრება, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ასევე, კანონის 28-ე მუხლს, რომელიც ეხება გარდამავალ დებულებებს, ემატება მე-4 პუნქტი, რომლითაც საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების“ დამტკიცება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირებას - ამოქმედდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო კანონპროექტის დანარჩენი ნაწილი კი ძალაში შევა კანონის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას განესაზღვრება ვალდებულება - აღნიშნული საკითხი მოაწესრიგოს სათანადო სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1 სექტემბრამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მომზადება, ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორების ინფორმირება და ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია მოითხოვს ხანგრძლივ ვადას, შესაბამისად, იმისთვის, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სოფლის მეურნეობაში გამოყენების აქტიური პერიოდისთვის, მოხდეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის შესაბამისი რეგულირება, მიზანშეწონილია, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირებას, რომლის წესიც უნდა დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ. რეგულირების შედეგად მოხდება პესტიციდებზე და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილიზაცია, რაც თავის მხრივ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება პესტიციდები და აგროქიმიკატების ფასზე და რეალიზაციის რაოდენობაზე. კანონპროექტის გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების აღსრულებას განახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირებას და ამ მიზნით ავალებს საქართველოს მთავრობას განსაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები. ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებულები იქნებიან უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, რაც გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ გავლენას მათ საქმიანობაზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულირების წესზე და პირობებზე. კანონპროექტს ასევე გავლენა ექნება პესტიციდებსა და აგროქიმიკატების მომხმარებლებზე ვინაიდან მოხდება ფასების სტაბილიზაცია და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების შედეგად განსაზღვრულ ფასებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირებასთან დაკავშირდებით საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები არსებობს ინდოეთის, ეგვიპტეს, ჩინეთის პერმანენტული სახელმწიფო რიგი რეგულირების მექანიზმებში, ასევე მთელი ევროპული და ლათინოამერიკული ქვეყნების გამოწვევებზე ორიენტირებული დროებითი რეგულირების ფორმებში. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.