„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.08.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#360/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-08-31
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 241 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავრობის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“. მუხლი 2 1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებების განსაზღვრა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) მათ მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის შემთხვევაში უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამსახურის სისტემაში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში, ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას, ხოლო ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას - მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობებზე, შესაბამისი ვაკანტური პოზიციის არსებობისას. ვაკანტური პოზიციის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებული პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ასიგნებებიდან. 5. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში შეიქმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს იმ უწყებას, რომელშიც უნდა იქნეს გადაყვანილი ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული პირი (საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). კომისია ასევე წყვეტს ტოლფასი თანამდებობის ან ვაკანტური პოზიციის არარსებობის შემთხვევაში პირის მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის ან მოხელეთა რეზერვში მისი ჩარიცხვის საკითხს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. 6. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით უფლებამონაცვლე უწყებების საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია, აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არა უმეტეს ამ უწყებებისთვის გადაცემული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში არსებული შტატებით გათვალისწინებული რიცხოვნობის ოდენობით. 7. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით უფლებამონაცვლე უწყებებისთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა საქართველოს მთავრობამ: ა) განსაზღვროს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები; ბ) განსაზღვროს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; გ) განსაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე შესაბამისი უწყებები და მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. სათანადო კანონქვემდებარე 9. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს განკარგულებაში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა. 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში ასახოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი