საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2012
ავტორი
შპს „საქართველოს რკინიგზა”, ხოლო წარმდგენი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/439/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-10
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 107 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. რეგიონული მატარებლის ვაგონებში (მათ შორის, ტამბურებში), მაგისტრალური და საერთაშორისო მომოსვლის სამგზავრო მატარებლებში, ნებადაურთველ ადგილებში მოწევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.”. 2. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;“. ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით;“. 3. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე, 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე, 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის). რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწერონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე პირების მიერ გამოიწერება როგორც საჯარიმო ქვითარი, ისე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.”. 4. 242-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: ”4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია რკინიგზით მგზავრთა მომსახურების სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მგზავრების მიერ გაბილეთიანების ვალდებულების შესრულებისთვის მოქნილი ბერკეტის შექმნით. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია მგზავრთა მომსახურების სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცება. გამომდინარე იქედან, რომ კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია სანქციების ფორმის სახით ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების შესაბამის ოდენობებს, აღნიშნული არ წარმოადგენს დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ითვალისწინებს ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ კანონპროექტი სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის. კერძოდ, რეგიონულ მიმოსვლაში ბილეთის გადახდის ავტომატური საშუალების დაზიანებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღებას, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოპტიმიზაციას და დაჯარიმების პროცედურის სამართლებრივი საფუძვლების რეგლამენტირებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას რკინიგზის ტრანსპორტზე. ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების დაზიანებისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 40 ლარს, უბილეთო მგზავრობისთვის მაგისტრალურ მიმოსვლაში ჯარიმის ოდენობა ასევე 40 ლარს, ხოლო რეგიონულ მიმოსვლაში - მსვლელობის მანძილის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 20 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების გაზრდას შესაბამისი ბილეთის ფასისა და მსვლელობის მანძილის გათვალისწინებით. მაქსიმალური განაკვეთი შეადგენს 40 ლარს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაწესებულებას, ექსპერტებს კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია-დაწესებულების ან/და ექსპერტების შეფასება: პროექტი არ ყოფილა წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია შპს ”საქართველოს რკინიგზა”, ხოლო წარმდგენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.