საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2010
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/267/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი N31 1997 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კოდექსის 254–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ცალკეულ „41. ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ასევე მთელ მოძრავ ქონებაზე.“ 2. კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ ნაყოფის მიღება ხდება 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ, ან თუ ეს გათვალისწინებული კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.” 3. კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს მთელი მოძრავი ქონება, გირავნობის საგნის აღწერა არ მოითხოვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები თანხმდებიან საწინააღმდეგოზე.“ 4. კოდექსის 264–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 264. სუროგაცია 1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ 4. კოდექსის 265–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავებისა და მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები 1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ისე, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გადამუშავებამდე ან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარკვეული ნორმების სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის სრულყოფა და გარკვეული საკითხების მოსაწესრიგებლად უკეთესი რეგულაციების შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ცალკეულ ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ასევე მთელ მოძრავ ქონებაზე; ასევე, გირავნობის უფლება გავრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზეც, თუ მისი მიღება ხდება 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ ან თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. პროექტის თანახმად, თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს მთელი მოძრავი ქონება, გირავნობის საგნის აღწერა არ მოითხოვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები თანხმდებიან საწინააღმდეგოზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.