„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2010
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/267/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები 1998 წელი №1745) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება: 1. კანონის 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე, წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.” 2. კანონის 161 მუხლის 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს, – მხოლოდ საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.“ 3. კანონის 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი : “61. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.” 4. კანონის 161 მუხლის 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“ 5. კანონის 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებმა, რომლებმაც იცოდნენ ან უნდო სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევით გარიგების დადებას, რამაც საზოგადოებისათვის ზიანი გამოიწვია, დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად უნდა აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“ 6. კანონის 161 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდრებული საწარმოს 5%-ის ან მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს თუ ის სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების გათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და მე–81 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში გარკვეული ნორმების სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფა, საწარმოს პარტნიორების ინტერესთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე, განაცხადოს აღნიშნულის შესახებ; ასევე, გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ; ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებმა, რომლებმაც იცოდნენ ან უნდო სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს ასეთი გარიგების დადებას, რამაც საზოგადოებისათვის ზიანი გამოიწვია; გარდა ამისა, საწარმოს პარტნიორებს უფლება ექნებათ მოითხვონ საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, არასამართლიანი ან ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში. პარტნიორებს უფლება აქვთ ამასთანავე მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება მიუხედავად იმისა შეუძლიათ თუ არა მათ ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.