ბრძანება N 29503
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 29503
28 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №84673/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №052-24 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობას. თვლის, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ხელფასის და კომუნალური გადასახადის ხარჯი. ამასთან, ითხოვს დირექტორის სახელზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის გადაკვალიფიცირებას დივიდენდად. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებული ჩანაწერი, თითქოს საწარმოს არ აქვს საკმარისი ფინანსური მოგება, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, აცხადებს, რომ აუდიტორს ფულადი ნაშთის ოდენობა დაანგარიშებული აქვს 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და არა ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისთვის.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს (15%) და ითხოვს წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13039 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №052-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 2 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13039 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 18 ოქტომბრის №052- 24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლის საფუძველზე, ირკვევა, რომ ფინანსური მოგების დათვლისას საწარმოს შემოსავალში და ხარჯებში არასწორად აქვს გათვალისწინებული სესხის ძირითადი და საპროცენტო თანხები, საიდანაც დათვლილია დივიდენდი და მოგების გადასახადი. კერძოდ, პირს გაანგარიშებაში არ უნდა გაეთვალისწინებინა სესხის ძირითადი და პროცენტის თანხები. აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ამასთან, მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, განსაზღვრულ ფასნამატს (15%)
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საკმარისი ფინანსური მოგება დივიდენდის გასანაწილებლად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)