მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე

მეთოდური მითითება 25.03.2022
№ დოკუმენტი 7547
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 7547

25/03/2022

მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე” მეთოდური მითითება;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 დეკემბრის N42644 ბრძანება;

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითება

 

მოცემული მეთოდური მითითება შეიცავს ინფორმაციას ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ასევე ვირტუალური ზონის პირის სტატუსით საქმიანობის წესის შესახებ, მათ შორის მისი საგადასახადო ვალდებულებებისა და უფლებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-36 ნაწილები განმარტავს ვირტუალური ზონის პირის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცნებას. კერძოდ, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

 

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესი, პირობები და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის N49 დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება). (იხ. https://newzone.mof.ge/)

 

აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, უფლებამოსილია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს.

 

განცხადება ივსება ელექტრონულად საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვებგვერდზე (www.fas.ge).

 

საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სტატუსი გაიცემა უვადოდ. ამასთან, სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

 

ვირტუალური ზონის პირი მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება - მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

- განაწილებული მოგება;

- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

 

საქართველოს კანონმდებლობა ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვას არ აწესებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათი დაწესებულია მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების (მოგების განაწილების) ნაწილში. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

 

აღსანიშნავია, რომ „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიები განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნას.

 

ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლით განიმარტება რა განეკუთვნება ვირტუალურ ზონაში საქმიანობას. კერძოდ, ასეთ საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

 

მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მოგებას იღებდეს მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების) საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით (მათ, შორის მომსახურების სახით მიწოდებით).

იმისათვის, რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს.

 

მაგალითი 1:

ვირტუალური ზონის პირი ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს და მის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, საწარმოს ჰყავს 3 დაქირავებული პირი, მათ შორის ერთი შესაბამისი პროფილური განხრით დასაქმებული (პროგრამისტი). დაქირავებულ პირებზე სახელფასო განაცემი არსებითად შეესაბამება შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს.

 

მოცემულ შემთხვევაში:

იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალური ზონის პირს ყავს შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებული დაქირავებული პირი, ამასთან მის მიერ საქართველოში დაქირავებულ პირებზე სახელფასო განაცემი არსებითად შეესაბამება შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს, ჩაითვლება რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე.

შესაბამისად, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის მის მიერ მიღებული წმინდა მოგების დამფუძნებელ პირებზე განაწილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდება მოგების გადასახადისაგან.

 

მაგალითი 2:

ვირტუალური ზონის პირი დაფუძნებულია ფიზიკური პირის მიერ. საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება უშუალოდ დამფუძნებლის მიერ. საწარმოს არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე პირი შესაბამისი პროფილური განხრით. შრომითი ვალდებულების ფარგლებში სამუშაოს ასრულებს მხოლოდ დირექტორი და ბუღალტერი. დამფუძნებელი ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მხოლოდ დივიდენდის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით და დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადააკვალიფიციროს როგორც პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ამ მიზნით, პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობა შესაძლებელია აღებულ იქნას შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე ხელფასის შესახებ არსებული მონაცემის მიხედვით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიები არსებითად ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილად, მათი საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებულ მოგებაზე (მოგების განაწილებაზე) გავრცელდება მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათი.

 

მაგალითი 3:

ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მათზე სარგებლობის უფლების გადაცემით იღებს შემოსავალს. ამასთან, საწარმოს ჰყავს დაქირავებული, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება საინფორმაციო ტექნოლოგიები.

 

მოცემულ შემთხვევაში:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების (მოგების განაწილების) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას.

 

განსახილველ შემთვევაში, რამდენადაც ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიებს ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შესაქმნელად არსებითად იყენებს საქართველოში შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული პირის შრომას, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ის გარემოება, რომ პირი შემოსავალს იღებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე სარგებლობის და არა საკუთრების უფლების გადაცემით, არ უნდა ჩაითვალოს არსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე გარემოებად და არ უნდა გახდეს მის მიერ მიღებული მოგების განაწილებაზე მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის დაკარგვის საფუძველი.

 

თუ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ფარგლებს გარეთ ახდენს იმ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას, რომელიც შექმნილი აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს გათავისუფლდება თუ არა მოგების გადასახადისგან აღნიშნული მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების (მოგების განაწილების) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას.

 

შესაბამისად, საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის არსებითია კმაყოფილდებოდეს ორივე პირობა, კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა და მიწოდება ხდებოდეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის პირობებში.

 

ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშების წესი მოგების გადასახადში, იმ პირობებში, როდესაც ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას ახორციელებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალური ზონის პირთან მიმართებაში მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათი დაწესებულია მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების (მოგების განაწილების) ნაწილში და ამასთანავე, პირი შესაძლებელია შემოსავალს იღებდეს მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებიდანაც, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის სარგებლობის მიზნით უნდა მოხდეს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების იდენტიფიცირება.

 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოანგარიშებულ იქნას მთლიან მოგებაში გათავისუფლებული მოგების ხვედრითი წილი.

 

ამ მიზნით, თუ პირის მიერ გაწეული ხარჯების კონკრეტული შემოსავლისთვის მიკუთვნება შეუძლებელია, გათავისუფლებული მოგების გაანგარიშება შესაძლებელია განხორციელდეს მთლიან მოგებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის შესაბამისად.

 

ამასთან, თუ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა უფრო ზუსტი და გონივრული მეთოდის გამოყენება, პირი უფლებამოსილია მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხა გამოიანგარიშოს ასეთი მეთოდის გამოყენებით.

 

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.

 

მაგალითი 4:

ვირტუალური ზონის პირი, რომელიც დაფუძნებულია ფიზიკური პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რისთვისაც იყენებს საქართველოში შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული ფიზიკური პირების შრომას.

 

ამასთან, ვირტუალური ზონის პირი მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას ახორციელებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლების გარეთ. დაქირავებულების შრომა, რომლებიც ემსახურებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლების გარეთ, გამიჯნული არ არის.

 

ვირტუალური ზონის პირის წლიურმა წმინდა მოგებამ შეადგინა 1 000 000 ლარი, ხოლო წლიურმა ფინანსურმა შემოსავალმა - 2 500 000 ლარი. მიღებული შემოსავალი შედგება საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ (2 000 000 ლარი) და საქართველოს ტერიტორიაზე (500 000 ლარი) მიწოდებით მიღებული შემოსავლისაგან.

 

პირმა მიღებული წმინდა მოგება სრულად გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში:

თუ სხვა უფრო ზუსტი და გონივრული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს:

მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგება შეადგენს 800 000 ლარს (1 000 000 *2 000 000/2 500 000).

 

მოგების გადასახადით დასაბეგრი მოგება - 200 000 ლარს (1 000 000 *500 000/2 500 000).

 

ამასთან, ვინაიდან ვირტუალური ზონის პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან, პირველ რიგში განაწილებულად აღნიშნული მოგება ჩაითვლება.

 

შესაბამისად, პირს მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება წარმოეშვება 200 000 ლარის ოდენობით განაწილებულ მოგებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის „შენიშვნით“ განსაზღვრულია ვინ შეიძლება ჩაითვალოს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად. კერძოდ:

 

საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი:

- რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი);

- რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა)).

 

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.

 

მაგალითი 5:

ვირტუალური ზონის პირი წარმოადგენს რეზიდენტი იურიდიული პირის (შპს “A”) ერთპიროვნულ დამფუძნებელს. თავის მხრივ, ვირტუალური ზონის პირი დაფუძნებულია 2 ფიზიკური პირის მიერ.

 

შპს “A”-მ წმინდა მოგება100 000 ლარი სრულად გაანაწილა დამფუძნებელზე.

 

მოცემულ შემთხვევაში:

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის „შენიშვნის“ შინაარსიდან გამომდინარე, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად ჩაითვლება შესაბამისი საქმიანობის ნაწილში.

 

ამრიგად, “A”-ს მიერ მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით ვირტუალური ზონის პირზე განაწილებისას, დივიდენდის სახით, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის, ნაწილში ვირტუალური ზონის პირი არ ჩაითვლება მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად.

 

შესაბამისად, “A”-ს მიერ მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით ვირტუალური ზონის პირზე განაწილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ ჩაითვლება მოგების განაწილებად.

 

ამასთან, ვირტუალური ზონის პირის მიერ მიღებული დივიდენდის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე შემდგომი განაწილება განიხილება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, რომელიც არ არის გათავისუფლებული მოგების გადასახადისაგან. პირი ზემოაღნიშნული დივიდენდის განაწილებისას ამ ტიპის შემოსავალთან მიმართებაში არ განიხილება მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად.

 

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულებასთან დაკავშირებით განსხვავებულ ნორმებს ვირტუალური ზონის პირის მიმართ არ აწესებს. შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი განაცემის განხორციელებისას ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

 

მაგალითი 6:

ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს და მის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. საწარმოს დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან. ამასთან, საწარმოს ყავს დაქირავებულები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

 

საწარმომ განახორციელა 100 000 ლარის ოდენობით მიღებული წმინდა მოგების განაწილება, ასევე გასცა ხელფასი 20 000 ლარის ოდებობით.

 

მოცემულ შემთხვევაში:

მოგების გადასახადის მიზნებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების განაწილება გათავისუფლდება მოგების გადასახადისაგან.

 

გაცემულ დივიდენდთან დაკავშირებით, ვირტუალური ზონის პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირისათვის გადახდილი დივიდენდი (100 000 ლარი) დაბეგროს გადახდის წყაროსთან გადახდილი თანხის 5%-იანი განაკვეთით და განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშგება.

 

ამასთან, ვირტუალური ზონის პირი ასევე ვალდებულია საგადასახადო აგენტის ვალდებულება შეასრულოს გაცემულ ხელფასთან (20 000 ლარი) მიმართებაშიც.

 

რაც შეეხება ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმებას, აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პირს შესაძლებელია გაუუქმდეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, თუ მის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

 

ამ შემთხვევაში, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ პირის სტატუსი შესაძლებელია გაუქმდეს შესაბამისი ორგანოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ასევე შესაძლებელია გაუუქმდეს მისი მომართვის საფუძველზე.

 

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაუქმებულად ითვლება პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.

 

ინფორმაცია პირისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე სტატუსის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სსიპ − შემოსავლების სამსახურს.

 

თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებული იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, პირს უუქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

 

ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირის მიერ მიღებულ მოგებაზე არ გამოიყენება მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი.