გადაწყვეტილება №27316/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27316/2/2026
28 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „გიკა 047“ (ს/ნ 445672102)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის შემადგენლობით, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „გიკა 047“-ის 8.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27316/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 იანვრის №1202 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2026 წლის №081-39 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.04.2026 წლის №8922 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 287,29 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 101 659,17
ჯარიმა - 53 035,90
საურავი - 17 592,22
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება. რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.11.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მონაცემებზე დაყრდნობით (წარმოდგენილია საქართველოსა და კრედო ბანკებში გადასახადის გადამხდელის სახელზე არსებული ანგარიშების ამონაწერები) საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 6 632 653,36 ლარი, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 5 620 892.68 ლარი, ამასთან, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი დეკლარაციებში ასახულია მხოლოდ 5 056 221,02 ლარის დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში ფიქსირდება ასევე საგადასახდო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდებს) ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხება დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №081-310 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის გაშიფრული ინფორმაცია. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 იანვრის №1202 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. გადაანგარიშების შედეგად (მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 5 მარტის №081-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 28.03.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 22.04.2026 წლის №8922 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარდგენილ საჩივარში არ ყოფილა სადავო გარემოება, ასევე ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს ძირითად თანხაზე დარიცხული თანხების პატიებას. გადასახადის თანხას აღიარებს და გადაიხდის 90 დღის ვადაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის გაშიფრული ინფორმაცია;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება არ შემცირებულა. დასკვნაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 იანვრის №1202 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. გადაანგარიშების შედეგად (მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი.
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, ძირითად თანხას აღიარებს და გადაიხდის 90 დღის ვადაში. ითხოვს ძირითად თანხაზე დარიცხული თანხების პატიებას.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 27.01.2026 წლის №1202 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :