გადაწყვეტილება №21190/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 21190/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21190/2/2023

22 .12. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 30.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21190/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №006-419 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25274 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 059 029 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 581 761

დღგ - 243 519

საშემოსავლო გადასახადი - 338 242

ჯარიმა - 287 743

საურავი - 189 525

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ივლისის №17200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32638 ბრძანება და №006-610 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 012 681 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.05.2023 წლის №11822 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნა, 11.08.2023 წლის №19904 ბრძანება და №006-419 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 831 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 059 029 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 ოქტომბრის №25274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, შემოწმებით, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს წარდგენილი განცხადებებით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც გამოაკლდა რეალიზებულად მიჩნეულ პროდუქციას და შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შესაბამისი ცხრილის წარდგენა, სადაც ნათლად ჩანს როგორც მთლიანი რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფასნამატი. შემმოწმებელს ისევე როგორც შემოწმების პერიოდში არ გაუვლია აღნიშნული ცხრილი მომჩივანთან ერთად, არ დაინტერესებულა მისი სისწორით, მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადაანგარიშების შესახებ დასკვნიდან გახდა გადასახადის გადამხდელისთვის ნათელი, რომ სრულად არ მომხდარა აღნიშნული ცხრილის შესწავლა და შედეგების გათვალისწინება დასკვნაში.

რაც შეეხება რეალიზებული პროდუქციის ღირებულების საკითხს, მთლიანი რპთ რომ გავამრავლოდ თუნდაც შემმოწმებლის მიერ აღებულ ფასნამატზე, ვერ მივიღებთ შემმოწმებლის მიერ გამოყვანილ ბრუნვებს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემმოწმებელს არასწორად აქვს დათვლილი რპთ (შესაძლებელია შემმოწმებლის მიერ შეცდომით რეალიზებული იყოს ძირითადი საშუალებები, რომლებიც ჯერ კიდევ საწარმოს საკუთრებაშია და მასზე იხდის ქონების გადასახადს).

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომჩივნის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გაზიარება. გაუგებარია რით იხელმძღვანელეს და რით გამოიყვანეს ის ფასნამატები თითოეულ ჯგუფზე, რაც მათ შემდგომ ცხრილში მოხვდა.

წარმოადგენს თვითღირებულების გაანგარიშების ახალ ცხრილებს, სადაც მოცემულია ყველა იმპორტის დეკლარაციის მიხედვით დაანგარიშებული თვითღირებულებები, დეკლარაციის ნომრით და თარიღით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სულ იმპორტით მიღებულმა საქონელმა (გარდა ძირითადი საშუალებებისა. ყველა დანარჩენი იმპორტი წარმოადგენს ძირითადი საშუალებების იმპორტს) შეადგინა 3 743 866 ლარი, ხოლო ზედნადებით მთლიანმა შეძენამ (გარდა ძირითადი საშუალებებისა) - 3 174 905 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის საწყისმა ნაშთმა (რითაც იხელმძღვანელეს ასევე შემმოწმებლებმა) შეადგინა 162 262 ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთმა - 769 156.29 ლარი. აქედან გამომდინარე, სულ შესამოწმებელი პერიოდის რპთ შეადგენს 6 311 876,71 ლარს, ხოლო შემმოწმებლების მიერ წარდგენილ ფაილში შეადგენს 6 915 849 ლარს. ამას გარდა, რპთ-ს უნდა დავაკლოთ 112 752,79 ლარი გაფუჭებული საქონლის თვითღირებულება (წარმოადგენს განაცხადებს დანართის სახით), სხვაობას მივიღებთ 6 199 123 ლარს, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას.

მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემმოწმებლებს, წარუდგინონ მათ მიერ ნამუშევარი ცხრილები და მიეცეს დრო დაამუშავოს მათივე ცხრილებში, რითიც იხელმძღვანელა ფასნამატის დათვლის დროს, დაშვებული შეცდომები, რახან მომჩივნის წარდგენილი ცხრილები მათთვის მიუღებელია. დაევალოს შემმოწმებელს გაიაროს რპთ-ს საკითხი, მომჩივანთან ერთად გაიაროს ცხრილები და შეიტანონ შესაბამისი კორექტირება შემოწმების აქტში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11822 ბრძანებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ფასნამატის განაკვეთთან დაკავშირებული ცხრილები. აღნიშნული ცხრილებიდან ვერ დგინდება მომჩივნის მიერ რეალიზებული საცალო და საბითუმო პროდუქციის ფასნამატი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა.

- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გათვალისწინებული ყოფილიყო ვადაგასული და შემდგომში მიწოდებისთვის უვარგისად მიჩნეული, საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული. შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს წარდგენილი განცხადებებით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა. გადაანგარიშების შედეგად აღნიშნული საქონელი გამოაკლდა რეალიზებულად მიჩნეულ პროდუქციას. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები. შემცირებას დაექვემდებარა ასევე დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოხდა შესაბამისი ცხრილის წარდგენა, სადაც ნათლად ჩანს როგორც მთლიანი რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფასნამატი. შემმოწმებელს, ისევე როგორც შემოწმების პერიოდში, არ გაუვლია აღნიშნული ცხრილი გადასახადის გადამხდელთან ერთად, არ დაინტერესებულა მისი სისწორით, მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადაანგარიშების შესახებ დასკვნიდან გახდა მომჩივნისთვის ნათელი, რომ სრულად არ მომხდარა აღნიშნული ცხრილის შესწავლა და შედეგების გათვალისწინება დასკვნაში.

ამასთან, საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დათვლილი თვითღირებულება არ ემთხვევა საგადასახადო ორგანოს მიერ დაანგარიშებულს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა არ მომხდარა მომჩივნის მონაწილეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11822 ბრძანება არ არის აღსრულებული.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25274 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32638 ბრძანება და №006-610 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 012 681 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №11822 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის №11822 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №19904 ბრძანება და №006-419 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 831 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 059 029 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №25274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1 „ბ“);