გადაწყვეტილება №18571/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18571/2/2022
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 29.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18571/2/2022).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
3. ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) გაცემული სესხის მოგების გადასახადით, გაანგარიშებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
4. ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2022 წლის №006-399 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31419 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 580 363 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 274 465
დღგ - 122 728
მოგების გადასახადი - 112 856
საშემოსავლო გადასახადი - 17 730
ქონების გადასახადი - 21 151
ჯარიმა - 187 165
საურავი - 118 733
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წყლის და გაზის მომარაგების მაგისტრალების მშენებლობა, ძირითადად ტენდერის ფარგლებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა 13.09.2022 წლის №23630 ბრძანება და №006-399 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №006-399 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31419 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო დღგის გადამხდელად 2016 წლის 12 იანვარს.
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში არ არის განაშთული დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის განაშთვის წესის მიხედვით (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ზემოაღნიშნული პროპორცია გატარებულია). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 481 მუხლის მიხედვით, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გადახდილ თანხაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი, დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 1 914 607 ლარს (მათ შორის: ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ 1 878 180 ლარი, ხოლო საბაჟოზე გადახდილი დღგ 36 427 ლარი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაციის სრული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხები გაზრდილია, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსის და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის (საანგარიშო პერიოდის) წესი და გამორჩენილია ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირებული თანხები. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე - 174-ე მუხლების და 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე და 178-ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ამასთან, გაორმაგებული განაშთული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველ, მე2 და მე-4 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ აღნიშნული ჩასათვლელი თანხა არის 1 914 607 ლარი, რომელიც თითქოსდა არის გაზრდილი ავანსის და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის ჩათვლის (საანგარიშო პერიოდის) წესი და გამორჩენილია ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირებული თანხები, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან დღგ-ის ჩათვლები განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით, მაგრამ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა მათი პოზიცია და ისე მოახდინა ჯარიმისა და სანქციის დარიცხვა.
ასევე, მათ მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასახვა დეკლარაციებში არის საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და შესაბამისი დღგის თანხები გადახდილი აქვს ბიუჯეტში დროულად, ხოლო შემდგომი ჩათვლები განხორციელებულია კანონის სრული დაცვით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის განხორციელება მოხდა მართლზომიერად და ამდენად, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (გაუქმებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:
ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დად გომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში არ არის განაშთული დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის განაშთვის წესის მიხედვით (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ზემოაღნიშნული პროპორცია გატარებულია). ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხები გაზრდილია, კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში გაორმაგებულია ავანსის და ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დარღვეულია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის (საანგარიშო პერიოდის) წესი და გამორჩენილია ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირებული თანხები.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ დღგ-ის ჩათვლები განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით, მათ მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასახვა დეკლარაციებში არის საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და რომ შესაბამისი დღგ-ის თანხები გადახდილია ბიუჯეტში დროულად, ხოლო შემდგომი ჩათვლები განხორციელებულია კანონის სრული დაცვით.
მომჩივანი კვლავაც არ წარმოადგენს ინფორმაციას, მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტებს გაამყარებდა, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო, ამდენად მომჩივნის არგუმენტები ზოგადი და დაუსაბუთებელია.
აუდიტის დეპარტამენტი 10.02.2023 წლის №11269-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ამასთან, გაორმაგებული განაშთული ავანსის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის პარტნიორის/დირექტორის, „----------“-ის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, სალაროდან გატანილია თანხები, რომელიც ბრუნდება გარკვეული პერიოდულობით. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კრედიტორული დავალიანება შეადგენს 124 772 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული მოთხოვნა 176 751 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრული იქნა (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10%) სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი, ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდების მიხედვით განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა.
სესხზე დარიცხული პროცენტი გაანგარიშდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა დაქირავებულ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (პირველი და მე-2 ნაწილების) საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის შეფასებიდან ჩანს, რომ შემმოწმებლის მიერ აღებული იქნა მხოლოდ პერიოდის ის მონაკვეთები, როდესაც პარტნიორის მიმართ არსებობდა დებიტორული მოთხოვნები, ხოლო ის პერიოდები, როდესაც არსებობდა პარტნიორის მიმართ კრედიტორული დავალიანება არის უგულებელყოფილი, როგორც პარტნიორისაგან მიღებული უპროცენტო სესხი. თუ საკითხისადმი მიდგომა იქნებოდა ორმხრივი და ობიექტური, ამ შემთხვევაში პარტნიორისგან მიღებული თანხების სესხად განხილვისას კომპანიის მიერ მიღებული სარგებელი გაცილებით აღემატება ზემოთ მოყვანილ თანხებს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (გაუქმებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების მიხედვით, პარტნიორის/დირექტორის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილია თანხები, რომელიც ბრუნდება გარკვეული პერიოდულობით. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კრედიტორული დავალიანება შეადგენს 124 772 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული მოთხოვნა 176 751 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრული იქნა სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10%), ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება. ამასთან, თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდების მიხედვით განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. ასევე, სესხზე დარიცხული პროცენტი ჩაითვალა დაქირავებულ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ აღებული იქნა მხოლოდ პერიოდის ის მონაკვეთები, როდესაც პარტნიორის მიმართ არსებობდა დებიტორული მოთხოვნები, ხოლო ის პერიოდები, როდესაც არსებობდა პარტნიორის მიმართ კრედიტორული დავალიანება არის უგულებელყოფილი, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს, მისი არგუმენტის შესაბამის რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. პარტნიორ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით, გაანგარიშებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია სესხი სულ 450 000 ლარის ოდენობით (2019 წლის მაისში - 100 000 ლარი, 2021 წლის აპრილში - 350 000 ლარის ოდენობით), 100%-იანი წილის მქონე პარტნიორსა და დირექტორზე (----------) წლიური 18%- იანი (წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების მიხედვით) სარგებლით. გადასახადის გადამხდელის მიერ, ზემოაღნიშნული სესხის გაცემა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაცემული სესხი დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრას.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ---------- და შპს „----------“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების შესაბამისად, სესხის საბაზრო და დარიცხულ/გადახდილ პროცენტებს შორის სხვაობა (2%) განხილულ იქნა სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კომპანიას მიღებული აქვს სესხები საბანკო დაწესებულებებიდან წლიურ 12%-იანი საპროცენტო განაკვეთით და ეს სესხები უზრუნველყოფილია პარტნიორის პირადი უძრავ-მოძრავი ქონებით. გამომდინარე აქედან, არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების მიერ დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ, გაცემულია სესხი სულ 450 000 ლარის ოდენობით (2019 წლის მაისში - 100 000 ლარი, 2021 წლის აპრილში - 350 000 ლარის ოდენობით), ურთიერთდამოკიდებულ პირზე, 100%-იანი წილის მქონე პარტნიორსა და დირექტორზე წლიური 18%-იანი (წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების მიხედვით) სარგებლით. ზემოაღნიშნული სესხის გაცემა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. ვინაიდან, ---------- წარმოადგენს კომპანიის დირექტორს, შემოწმებით განსაზღვრულ პროცენტსა და დარიცხულ/გადახდილ პროცენტებს შორის სხვაობა (2%) განხილულ იქნა სარგებლად.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული, რომ კომპანიას მიღებული აქვს სესხები საბანკო დაწესებულებებიდან წლიურ 12%-იანი საპროცენტო განაკვეთით და ეს სესხები უზრუნველყოფილია პარტნიორის პირადი უძრავ-მოძრავი ქონებით. ამდენად, არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას ბალანსზე ერიცხება ძირითადი საშუალებები, ხოლო არ არის წარდგენილი 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები. ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება 2019 წელს შეადგენს 1 234 145 ლარს, ხოლო 2020 წელს 916 136 ლარს. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 205-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან დაკავშირებით, პერიოდის ცვლილების საფუძველზე დარიცხულ ჯარიმაზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №006-399 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც აქტშია აღნიშნული საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს. 2020 წლის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გამოცხადებული ლოქდაუნის გამო მუშაობა შეწყვიტა ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის კომპანიამ და შესაბამისად ვერ იქნა წარდგენილი 2019-2020 წლის ქონების დეკლარაცია, ვინაიდან გადასული იყო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და შესაბამისად არ ქონდა წვდომა საბუღალტრო პროგრამაზე. გარდა ამისა, 2020 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრი მრავალჯერ გამოვიდა ტელევიზიით და ლოქდაუნის გამო კომპანიებისათვის შექმნილი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქების მიზნით გამოაცხადა, რომ მოხდებოდა კომპანიების განთავისუფლება ქონების გადასახადისაგან, რომელიც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დაპირება იყო. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა დეკლარაციების დროულად წარდგენა და თვლის რომ ქონების გადასახადზე დარიცხული ჯარიმები და სანქციები არის უსამართლო და უნდა მოეხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აუდიტის დეპარტამენტი 10.02.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 12 იანვარს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წყლისა და გაზის მომარაგების მაგისტრალების მშენებლობა, ძირითადად, ტენდერის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ ბალანსზე ერიცხება ძირითადი საშუალებები, ხოლო მის მიერ არ არის წარდგენილი 2019-2020 წწ. საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ქონების საშუალო წლიური ღირებულება 2019 წელს შეადგენს 1 234 145 ლარს, ხოლო 2020 წელს 916 136 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი 21 152 ლარი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 10 576 ლარის ოდენობით.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, სამართალდარღვევა სახეზეა, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, საბჭო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან მომჩივნის გათავისუფლებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.