გადაწყვეტილება №27427/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27427/2/2026
16 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 27.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27427/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №001-288 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5141 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 606.93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 220.67
დღგ - 25 459.90
მიწის გადასახადი (არასასოფლო) -284.82
ქონების გადასახადი -14 475.95
ჯარიმა - 14 517.11
საურავი - 16 869.15
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27584 ბრძანება და №001-288 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5141 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5141 ბრძანება გაიგზავნა 2026 წლის 6 მარტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, ვინაიდან, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში, ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საჯაროდ გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2026 წლის 6 აპრილს. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2026 წლის 6 მაისს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 ივნისს, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში მითითებულ ტელეფონზე პირთან („--------“ -სთან) რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენელია, აქვს მინდობილობა, რომელსაც ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე და ეთხოვა აღნიშნულზე არგუმენტების/მტკიცებულების წარმოდგენა. სატელეფონო კომუნიკაციისას ხსენებულმა პირმა განაცხადა, რომ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც მისი აზრით, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, ამასთან აღნიშნა, რომ დირექტორი იყო საზღვარგარეთ, რეგისტრაცია კომპანიას შეწყვეტილი ქონდა, გასაჩივრების ვადებზე წვდომა არ ქონდა და რომ 2026 წლის 6 მაისს მოხდა კომპანიის რეგისტრაცია.
2026 წლის 3 ივნისს, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის საჩივრების მოდულში დარეგისტრირდა საჩივარი №27496/2/2026 და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ („--------“ ) ატვირთული იქნა მინდობილობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1.04.2026 წლის №B26327524/3 გადაწყვეტილება სუბიექტის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით კომპანიის რეგისტრაციის თარიღად დაფიქსირებულია 6.05.2026 წელი.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღე და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5141 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 6.04.2026 წელს, ჩაბარებულად ითვლება 26.04.2026 წელს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 18.05.2026 წელი (რადგან მე-20 დღე 16 მაისი შაბათია), ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 27.05.2026 წელს, სადავო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №-------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, რადგან გადასახადის გადამხდელი სადავო აქტს გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2026 წლის 6 მაისს, ამავდროულად, მისთვის ცნობილი გახდა სადავო აქტის საჯაროდ გავრცელების და ჩაბარებულად ჩათვლის თარიღის თაობაზე, ამგვარად გადასახადის გადამხდელს, კომპანიის რეგისტრაციის (6.05.2026 წელი) თარიღის შემდგომ, საკმარისი დრო გააჩნდა სადავო აქტის საჯაროდ გავრცელებიდან, გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, საჩივრის წარმოდგენის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27584 ბრძანება და №001-288 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №5141 16 ივნისის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).