ბრძანება N 3118

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 20.02.2023
№ დოკუმენტი 3118
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3118

20.02.2023

შპს „--------’’- ის (ს/ნ „--------’’)

(მის.: „--------’’)

2022 წლის 16 და 31 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „--------’’- ის (ს/ნ --------) №73857/1/2022 და №74331/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №070-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფქსირებული თანხის (29 900 ლარი) ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

2. არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ბუღალტრული ნაშთის (16 581 ლარი) დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ქ. "-------" , სადაც კომპანიის დირექტორს საკუთარი სახლის ტერიტორიაზე მოწყობილი აქვს საოფისე ფართი. მიუთითებს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის დროს ვერ მოხდა საწარმოს ოფისში შესვლა და სალაროს რეალური შემოწმება, რადგან დირექტორი იმყოფებოდა თბილისში და ვერ მოხდებოდა სალაროს დათვლა/შემოწმება. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი იყო, რომ კომპანიის დირექტორი თბილისში იმყოფებოდა, თუმცა ისინი სალაროს შესამოწმებლად მაინც ჩამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს მიერ არ მომხდარა სალაროს შემოწმება, ინვენტარიზაციის აქტში დაფიქსირდა ნული ლარი. მიუთითებს, რომ რადგან დირექტორი თავად კურირებს სალაროს და იმ მომენტში იმყოფებოდა თბილისში, სალაროს ინვენტარიზაციის აქტზე ხელი მოაწერინეს არაუფლებამოსილ პირს. აცხადებს, რომ შემოწმებას განუმარტა ზემოაღნიშნული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ მოხერხდა სალაროში დარჩენილი თანხის გათვალისწინება. გადამხდელი თვლის, რომ აქტი არ არის სწორად შედგენილი და ითხოვს, რომ შემოწმება არ დაეყრდნოს სალაროს ინვენტარიზაციის აქტს.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10127 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------’’- ის (ს/ნ „--------’’) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 ივლისის №19071 ბრძანება და ამავე თარიღის №070-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 32 439 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 897 ლარი, ჯარიმა 9331 ლარი, საურავი 3210 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით უფიქსირდება საწედებო კაპიტალის საწყისი ნაშთი 29 900 ლარის ოდენობით, რომელიც შემცირებული/გატანილი აქვს სალაროდან 2021 წლის იანვრის თვეში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა. შემოწმებით, სალაროდან ნაღდი ფულის გატანა (29 900 ლარი) ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 16 581 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის N10022 ბრძანებით განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა. 2022 წლის 20 აპრილის ოქმით, გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ დაფიქსირდა. ვინაიდან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმით გადამხდელის სალაროში არ ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ბუღალტრული ნაშთი 16 581 ლარის ოდენობით, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, სადაც მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხის კაპიტალში შეტანის კრების ოქმი წარდგენილია აუდიტორთან, თუმცა შემოწმებამ მოითხოვა საწარმოსგან დოკუმენტურად დაედასტურებინა რატომ გახდა კაპიტალის შევსება აუცილებელი. განმარტავს, რომ რადგან საქმე ეხებოდა ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაციის წარდგენას, შესაბამის დროში ვერ მოხერხდა აღნიშნული დოკუმენტების სრულად მოძიება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი არასწორად არის განსაზღვრული. ითხოვს საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის წარმოქმნის დამადასტურებელ დოკუმენტად გათვალისწინებულ იქნეს კრების ოქმი. სხვა დამატებითი დოკუმტების წარმოდგენა ნიშნავს ხანდაზმული პერიოდის შესწავლას, თუმცა გადამხდელი შეეცდება შეაგროვოს და წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტაცია, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სალაროდან გატანილი საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფქსირებული თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს დამფუძნებლების მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის მიხედვით საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 16 581 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის N10022 ბრძანებით განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა. 2022 წლის 20 აპრილის ოქმით, გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ დაფიქსირდა. ვინაიდან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმით გადამხდელის სალაროში არ ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ბუღალტრული ნაშთი 16 581 ლარის ოდენობით, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) გაცემულ სესხად და პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახდო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „ „--------’’’’- ის (ს/ნ „--------’’) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს დამფუძნებლების მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის თაობაზე; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.