ბრძანება N 16954
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16954
13.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ --------)
(მის.: -----------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ ------) 2023 წლის 20 იანვრის №78239/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №249-19 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის სესხად განხილვას. განმარტავს, რომ სალაროს თანხის ოდენობა მუდმივად იცვლება, ხშირ შემთხვევაში ნულდება. ამასთან აცხადებს, რომ თანხა, რომელიც პერიოდულად ნაშთად ფიქსირდება არ არის ნავაჭრიდან დაგროვილი თანხა, ეს არის სესხი, რომელიც კომპანიამ აიღო საქონლის შესაძენად და ვინაიდან პანდემიის პერიოდში რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა ვეღარ შეძლო საქონლის შემოტანა, რის გამოც აშშ დოლარის შესაძენად გამოტანილი თანხა დარჩა სალაროში, ხოლო როდესაც გამოსწროდა მდგომარეობა საწარმომ შეძლო საქონლის შემოტანა და თანხის ათვისება. ასევე აცხადებს, რომ ფიზიკური პირის მიერ თანხის პირადი სარგებლობისთვის გამოყენება არ მომხდარა. თანხა ინახებოდა იმ დრომდე, სანამ მოხდებოდა მისი ათვისება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივნისის №15022 ბრძანების საფუძველზე შპს „------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32564 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №249-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 71 202 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 25 173 ლარი, ჯარიმა 25 173 ლარი და საურავი 20 856 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას ელექტრონულად პროგრამა „ორისში“, კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა, დასრულებაზე განხორციელებულია კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. აღნიშნული აღრიცხვის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება სალაროს (ანგ. 1110) მუდმივად მზარდი ნაშთი 450 000 ლარამდე. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული ფულის უძრავი ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის ჩათვლას. სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით, პირის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადშიც, როგორც გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა/სარგებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 101-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს სალაროს თანხის ოდენობა მუდმივად იცვლება, ხშირ შემთხვევაში ნულდება. თანხა, რომელიც პერიოდულად ნაშთად ფიქსირდება არის სესხი, რომელიც კომპანიამ აიღო საქონლის შესაძენად და ვინაიდან პანდემიის პერიოდში რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა ვეღარ შეძლო საქონლის შემოტანა, რის გამოც აშშ დოლარის შესაძენად გამოტანილი თანხა დარჩა სალაროში, ხოლო როდესაც გამოსწროდა მდგომარეობა საწარმომ შეძლო საქონლის შემოტანა და თანხის ათვისება. ასევე აცხადებს, რომ ფიზიკური პირის მიერ თანხის პირადი სარგებლობისთვის გამოყენება არ მომხდარა. თანხა ინახებოდა იმ დრომდე, სანამ მოხდებოდა მისი ათვისება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას ელექტრონულად პროგრამა „ორისში“. აღნიშნული აღრიცხვის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება სალაროს (ანგ. 1110) მუდმივად მზარდი ნაშთი 450 000 ლარამდე. იმ საანგარიშო პერიოდებში, სადაც ხდებოდა სალაროში არსებული ფულის უძრავი ნაშთების ზრდა, აღნიშნული ნაზარდი თანხები, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სალაროს უძრავი ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის ჩათვლას. სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით, პირის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადშიც, როგორც გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა/სარგებელი. შედეგად პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა"), 982(3"ზ")(8).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.