გადაწყვეტილება №24559/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24559/2/2024
12 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,-----'' (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 06.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 30.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24559/2/2024).
დავის საგანი:
საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 11.10.2024 წლის N 33945029 შეტყობინება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის N 25891 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
დღგ - 5 928.06 ლარი;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
10.10.2024 წელს კომპანიის სახელზე დარეგისტრდა N ----/C-----/A----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. დეკლარირებული საქონელი - regenkit – BCT-HA-3; CELLURAL MATRIX BCT-HA-3, ARVHA-40-3, R-ACR C/BA REGEN ACR PLUS წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში. ეს არის PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) ნაკრები, რომელიც კომბინირებულია ჰიალურონის მჟავასთან (HA). ეს კომბინაცია კი შექმნილია კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის, სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი 1) მე-3 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული პროდუქტები კლასიფიცირდება 3824 99 960 00 სასაქონლო პოზიციაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შპს „-----“ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი და საქონელი 12 თებერვალი ----- N --/---- კლასიფიცირდა სხვა, 3824 99 960 00 სასაქონლო პოზიციაში, რის საფუძველზეც კომპანიას დაერიცხა დღგ 5 928.06 ლარის ოდენობით.
11.10.2024 წლის N ----- შეტყობინებით დეკლარანტს წერილობით ეცნობა N -----/C-----/A----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადახდის ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მითითებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდა.
საბაჟო დეპარტამენტის 11.10.2024 წლის N ----- შეტყობინება, 10.10.2024 წლის N ------/C-----/A----- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის სისწორე და დარიცხულ დღგ 11.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.12.2024 წლის N ----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი N 1) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე.
მითითებული ნომენკლატურის 38 ჯგუფი მოიცავს ქიმიური პროდუქტებს. 3824 სასაქონლო პოზიციაში ჩართულია მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი. 90 ჯგუფში კი განისაზღვრება „ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები“.
დადგენილია, რომ დეკლარირებული საქონელი - regenkit – BCT-HA-3; CELLURAL MATRIX BCTHA3, ARV-HA-40-3, R-ACR C/BA REGEN ACR PLUS წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში. ეს არის PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) ნაკრები, რომელიც კომბინირებულია ჰიალურონის მჟავასთან (HA). ვინაიდან, კომბინაცია შექმნილია კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის, სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისთვის, აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დანართი 1-ის მე-3 მუხლის თანახმად, აღნიშნული პროდუქტების კლასიფიცირდება 3824 99 960 00 სასაქონლო პოზიციაში მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, რომ მომჩივნის მიერ მითითებულ 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები. მაგალითად სამედიცინო დანიშნულების ელექტროგრაფები, ულტრაბგერითი სკანირების აპარატები, მაგნიტურრეზონანსული გამოსახულების აპარატები, შპრიცები, ნემსები კათეტერები, კანულები და ანალოგიური ინსტრუმენტები. 9018 სასაქონლო პოზიციაში ასევე კლასიფიცირდება სისხლის აღებისთვის და შენახვისთვის განკუთვნილი პლასტმასის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური კონტეინერები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები. შესაბამისად, 2024 წლის 10 ოქტომბრის N C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება ვერ განხორციელდება.
მომჩივნის მოთხოვნაზე 11.10.2024 წლის N ----- შეტყობინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს 3 წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 10.10.2024 წლის N -----/C-----/A----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 11.10.2024 წლის N ----- შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული საქონელი არის ----- წარმოშობის, მისი სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება ----- შესაბამისი სამსახურის დეკლარაციით, ----- შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერტიფიკატით, ხოლო რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაურკვეველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და განხორციელდეს 10.11.2024 წლის N C ----- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 კოდი და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 5 784.60 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრისN 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი N 1) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
2. წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.
აღნიშნული ნომენკლატურის მიხედვით:
ჯგუფი 90 ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები:
9018 ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები:
9018 39 000 00 – – დანარჩენი.
ჯგუფი 38 დანარჩენი ქიმიური პროდუქტები:
3824 მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:
3824 99 – – დანარჩენი:
3824 99 960 00 – – – – – დანარჩენი.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018-9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.
მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც დასტურდება ----- შესაბამისი სამსახურის დეკლარაციით, ----- შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო -1 სერტიფიკატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს განხორციელდეს 10.11.2024 წლის N C----- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 კოდი და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 5 784.60 ლარის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს იგივე საქონელი შემოტანილი აქვს 2023 წელს, რომელმაც საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის შესახებ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს. აღნიშნული სამმართველოს 19.12.2023 წლის N -----/----- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წარდგენილი საქონლის - ქიმიურ ნივთიერებათა ნაკრები BCT-HA-3 გამოიყენება მუხლში სახსარში და ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად და ასევე, გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად - სეს ესნ კოდია 38249996009. ამდენად, მომჩივნისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საქონლის სეს ესნ კოდი.
საქმეში წარმოდგენილია საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 22.11.2024 წლის N ----- წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ 11.10.2024წ. N C-----/----- სასაქონლო - საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი - regenkit – BCT-HA-3 ; CELLURAL MATRIX BCT-HA-3, ARV-HA-40-3, R-ACR C/BA REGEN ACR PLUS წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში. ეს არის PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) ნაკრები, რომელიც კომბინირებულია ჰიალურონის მჟავასთან (HA). ეს კომბინაცია შექმნილია კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღებისთვის სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებისთვის. ამდენად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ შესაბამისად მითითებული პროდუქტები კლასიფიცირდება 3824 99 960 00 სასაქონლო პოზიციაში. ხოლო 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები. მაგალითად სამედიცინო დანიშნულების ელექტროგრაფები, ულტრაბგერითი სკანირების აპარატები, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების აპარატები, შპროიცები, ნემსები კათეტერები, კანულები და მსგავსი საქონელი. 9018 სასაქონლო პოზიციაში ასევე, კლასიფიცირდება სისხლის აღებისთვის და შენახვისთვის განკუთვნილი პლასტმასის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური კონტეინერები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესაბამისად, 10.10.2024 წლის N C ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება ვერ განხორციელდება.
11.10.2024 წლის N ----- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო აღნიშნული კოდის განსაზღვრის სისწორეს ადასტურებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა და შედეგად დარიცხული დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში. ეს პროდუქცია კლასიფიცირდება 3824 99 960 00 სასაქონლო პოზიციაში. საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ მითითებული სეს ესნ კოდი და საქონელი კლასიფიცირდა სხვა სასაქონლო პოზიციაში, რის საფუძველზეც კომპანიას დაერიცხა დღგ. გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და განხორციელდეს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 90183900 კოდი და მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34; 35;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304; 173;