ბრძანება N 3890
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3890
01.03.2023
შპს „-----------“ (ს/ნ -----------)
(მის.: ქ. ------------------------)
2022 წლის 12 და 13 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 12 აგვისტოს №128210 (რეგ. №147359/21-14) და 13 აგვისტოს №17477/2/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №007-190 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და გადახდის წყაროსთან დასაკავებელ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. აცხადებს, რომ შემმოწმებელთა მიერ სრულად არ იქნა შესწავლილი დოკუმენტაცია. ასევე, მიუთითებს, რომ წარმოდგენილ არგუმენტში სრულად იყო ჩაშლილი კომპანიის მიერ შესრულებული ოპერაციები 3 წლის განმავლობაში, სადაც რიგ საკითხებში ეთანხმება შემმოწმებელს, თუმცა მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხვა არასწორია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია წლების მიხედვით ბრუნვასთან დაკავშირებული მონაცემები, კერძოდ, ერთობლივი შემოსავალი, შეძენა და საბოლოო ნაშთები. ასევე, მითითებულია იმ თანხების ოდენობა, რაც არ იყო დეკლარირებული და რომელსაც ეთანხმება გადამხდელი. წარმოდგენილია დაანგარიშება, რომელიც გადამხდელის განმარტებით, სრულად იქნა ამოღებული შემოსავლების სამსახურის გვერდიდან და საბანკო ამონაწერებიდან. საჩივარში მითითებულია წლების მიხედვით ინფორმაცია ხელფასის სახით დარიცხულ და დეკლარირებულ თანხებზე, ასევე იჯარაზე დარიცხულ და დეკლარირებულ თანხებზე. მიუთითებს, რომ წარმოდგენილია ფორმები, სადაც სრულად არის მოცემული 2018 წლის, 2019 წლის და 2020 წლის ოპერაციები როგორც დღგ-ში, ასევე გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14200 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 14 ივლისის №007-190 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა შემოწმებულ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშების ცხრილი, რომელიც მოიცავს სალაროს და ბანკით მიღებულ შემოსავლებს, რაც შემოწმების ეტაპზეც იყო ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ვერ გახდება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების კორექტირების საფუძველი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. საწარმოს ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ დღგ-ს ბრუნვასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა იმგვარი ინფორმაცია, რაც შემოწმების ეტაპზევე იყო ცნობილი, შესაბამისად, არ იწვევდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის საფუძველს. ხოლო, გაცემულ ხელფასად განხილული თანხების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე კომუნიკაცია ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირთან, რომლის მიერ არ ხდებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება. ხოლო, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, საჩივარს თან ერთვის სესხის დაფარვის გრაფიკი სს „----- ბანკში“ აღებულ სესხზე, რომელიც საწარმოს დირექტორის სახელზეა 2020 წლის 10 დეკემბერს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სესხი გავლენას არ ახდენს შემოწმების შედეგებზე, ვინაიდან შემოწმების პროცესში დირექტორის მიერ კაპიტალში თანხების მოძრაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ცნობილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.