ბრძანება N 22609
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22609
09 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 24 აგვისტოს, 12 სექტემბრის და 18 სექტემბრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის და 23 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №84 და №86) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ --- ) 2026 წლის 24 აგვისტოს №147439/21, 12 სექტემბრის №104545/1/2026 და 18 სექტემბრის №104667/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივლისის №086-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8691 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8691 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8691 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 ივლისის №086-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 1 284 939 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 729 477 ლარი
დღგ - 186 246
საშემოსავლო გადასახადი - 543 231
ჯარიმა - 363 276
საურავი - 192 184
საკითხი N1. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საბანკო ამონაწერი (აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ ჰქონდა საბანკო ამონაწერი წარდგენილი). შემოწმების მიერ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გადარიცხვები სრულად იყო გათვალისწინებული, ვინაიდან არსებობდა შესაბამისი საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელს დამატებით სხვა დოკუმენტაცია/არგუმენტაცია არ წამოუდგენია. შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა შემოწმებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარდგენა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ფაქტიური შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგენს 1 719 197 ლარს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ შემოსავალში გათვალისწინებულია კომპანიის ანგარიშზე გემის მფლობელის მიერ ჩარიცხული თანხები, რომლებიც წარმოადგენს გემის გამქირავებლის ხარჯს, კერძოდ, გადამხდელსა და ყაზახურ კომპანიას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება გემის/ბუქსირის იჯარით აღების შესახებ, რომლის შესაბამისად, საზღვაო პორტში გემის დგომის, გემის რემონტის, ასევე, გემზე სხვა კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ევალება ყაზახურ კომპანიას (მეიჯარეს). ყაზახური კომპანიის მიერ გადამხდელის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, კოპანიის ანგარიშიდან ერიცხება ბათუმის საზღვაო პორტს. ასევე, კომპანიის დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდებოდა გემის მომსახურების გამწევ კომპანიებზე თანხები. აცხადებს, რომ აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები (ინვოისები). მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხების შემოწმების მიერ კომპანიის შემოსავალში გათვალისწინება არასწორია, რადგან გადამხდელს სარგებელი არ მიუღია. განმარტავს, რომ ყაზახური კომპანიიდან ჯამში ჩარიცხული აქვს 1 847 466 ლარი, აღნიშნული თანხიდან, შესამოწმებელ პერიოდში, 1 522 008 ლარი გადახდილი აქვს ბათუმის საზღვრაო პორტსა და გემზე მომსახურების გამწევ კომპანიებზე, ხოლო დარჩენილი თანხა 325 458 ლარის ოდენობით წარმოადგენს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ თანხას, რომელსაც ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს თანხები გადახდილი მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის, შესაბამისად, აღნიშნული გადარიცხვები არ არის ასახული საბანკო გადარიცხვებში. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადამხდელი საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების შესახებ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ასევე, აცხადებს, რომ გადამხდელმა ჩაატარა ალტერნატიული შემოწმება კვალიფიციური პირის დახმარებით, რომლის შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაბეგრილია 579 380 ლარი, რომელზეც დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 115 876 ლარს, ხოლო ალტერნატიული შემოწმების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში უნდა დაბეგრილიყო 644 803 ლარი, რომლის საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა 128 961 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მომჩივანი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული დროებითი შენატანების უკან დაბრუნებისას ზედმეტად გატანილია 50 000 ლარი, რასაც უნდა მიენიჭოს დივიდენდის კვალიფიკაცია და დაიბეგროს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნულის შემდეგ კი საშემოსავლო გადასახადი იქნება 15 716 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 9 288 ლარი. გადამხდელს საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების გაანგარიშების ცხრილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საბანკო ამონაწერი, სადაც დაფიქსირებული გადარიცხვები შემოწმების მიერ სრულად იყო გათვალისწინებული, ვინაიდან არსებობდა შესაბამისი საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელს დამატებით სხვა დოკუმენტაცია არგუმენტაცია არ წამოუდგენია. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან შემოწმების პროცესში არ იყო საბანკო ამონაწერი წარმოდგენილი, შემოსავალი განისაზღვრა თევზის რეალიზაციისგან მიღებული შემოსავლის, სხვა დასაბეგრი შემოსავლისა და გემის ხარჯების (რომელიც ანაზღაურებულია ყაზახური მხარის მიერ) გათვალისწინებით. ვინაიდან გემის პორტში დგომის ხარჯმა შეადგინა 1 511 737 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაიზარდა როგორც შემოსავალი, ისე ხარჯი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ ხარჯის დოკუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტები შემოწმების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, ეს თანხები არც ხარჯებში და არც შემოსავალშია გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნული თანხების გათვალისწინების შემთხვევაში, თანხა დაემატებოდა როგორც ხარჯის, ისე შემოსავლის ნაწილს (რადგან აღნიშნული ხარჯი ანაზღაურებულია ყაზახური მხრის მიერ). შესაბამისად, შემოსავლებისა და ხარჯების პარალელური ზრდა საბოლოო ფულის ნაშთზე გავლენას არ იქონიებს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე წარმოდგენილ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ცხრილთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს დეტალურ განმარტებებსა და გაანგარიშებებს, კერძოდ, არ ჩანს, თუ როგორ დადგინდა ცხრილში აღნიშნული ბრუნვები.
ამასთან, დამფუძნებლის მიერ განხორციელებული დროებითი შენატანების დივიდენდად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საკითხი N2. გადასახადის გადამხდელის პოზიცია: მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე თევზის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით გათავისუფლებულია დღგისგან. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის დღგ-ის გაანგარიშების შესაბამის დანართში არ არის ასახული გადამხდელის მიერ შესაბამისი თვეების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ, შემოწმებას საკალმახე მეურნეობაში წარმოებული ცოცხალი თევზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აქვს გათვალისწინებული. მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 310 186 ლარს, რომელზეც დარიცხული დღგ შეადგენს 55 834 ლარს, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები შეადგენს 1 384 085 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 389 708 ლარს. ჩატარებული ალტერნატიული შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 365 540 ლარს და მასზე დარიცხული დღგ 65 797 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში ჩასათვლელი დღგ 403 263 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალტერნატიული შემოწმების შესაბამისად, დღგ-ის ზედმეტობა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 337 466 ლარს, რომლის გათვალისწინებითაც ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ-ის სხვაობამ კომპანიის სასარგებლოდ შეადგინა 3 591 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8691 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საბანკო ამონაწერი (აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ ჰქონდა საბანკო ამონაწერი წარდგენილი). შემოწმების მიერ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გადარიცხვები სრულად იყო გათვალისწინებული, ვინაიდან არსებობდა შესაბამისი საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელს დამატებით სხვა დოკუმენტაცია/არგუმენტაცია არ წამოუდგენია. შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21 .