გადაწყვეტილება №24577/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24577/2/2025
25 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 6.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24577/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19019 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №007-273 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26490 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 214 151,03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 121 338
დღგ - 89 197
საშემოსავლო გადასახადი - 32 141
ჯარიმა - 60 621
საურავი - 32 192,03
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის და პირველი აპრილის №7076 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით კომპანიას უფიქსირდება დასაბეგრი ბრუნვა 630 018 ლარის ოდენობით. მომჩივანი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტერიას, საქონლის რეალიზაციის დროს ვერ ხერხდება საქონლის გასაყიდი ფასის და მისი თვითღირებულების დაკავშირება, შესაბამისად, შემოსავალი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ:
რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებისა და 2024 წლის 21 თებერვალს ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შეადგინა სულ 1 125 694 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი სხვაობა (ჯამში 49 576 ლარი) შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, მომჩივანს ასევე შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 125 694 ლარი. ასევე დამუშავდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მოცულობა, მათზე გადახდილი თანხის ოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკიდან მიღებული სესხი და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად (დანართი №8) გადახდილად ჩაითვალა საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 75%.
ზემოაღნიშნული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხის მოცულობა (421 865 ლარი), რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3596 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელის სალაროებში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 4 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №13897 ბრძანება და ამავე თარიღის №007-127 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19019 ბრძანებით საჩივარი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №24232 ბრძანება და №007-273 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანმა აღნიშნული აქტები, გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციებისგან გათავისუფლების ნაწილში, გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26490 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების ნაწილში შემოსავლების სამსახურს აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად. ამდენად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ გამიზნული არ ჰქონია სამართალდარღვევები, ასევე არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სრულად დარიცხული თანხები. ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19019 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №691 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრული თანხა, რის შედეგადაც ფულის ნაშთი შემცირდა 293 300 ლარით. ამდენად, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა სულ 73 325 ლარით.
დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №19019 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19019 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებისა და ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც შეადგინა სულ 1 125 694 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი სხვაობა შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, მომჩივანს ასევე შეეფარდა სანქცია.
შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 125 694 ლარი. ასევე დამუშავდა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მოცულობა, მათზე გადახდილი თანხის ოდენობა, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკიდან მიღებული სესხი და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად გადახდილად ჩაითვალა საქონლის შესყიდვის ღირებულების 75%.
ზემოაღნიშნული შემოსავლის და გაწეული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა გადახდილი და მიღებული ფულის მოცულობა, რის შედეგადაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთად არსებული თანხის მოცულობა,რაც გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. ასევე,ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად გადამხდელის სალაროებში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19019 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).