გადაწყვეტილება №24277/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24277/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 12.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24277/2/2024).
დავის საგანი:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება და მიღებული შემოსავლებით დღგის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრა;
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №125-46 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №125-4272 შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №------- ბრძანება.
დარიცხული თანხა: 266 982 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 175 848
დღგ - 93 514
საშემოსავლო გადასახადი - 82 334
ჯარიმა - 55 954
საურავი - 35 180
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №32966 ბრძანება და №125-46 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შედეგად გამოიცა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-4272 შეტყობინება.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4278 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №24277/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4278 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №------- ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 11 ოქტომბერს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 31 ოქტომბერი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი (შემოსავლების სამსახურის მეშვეობით) წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 8 ნოემბერს (შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ დავების განხილვის საბჭოში გადაიგზავნა - 12.11.2024 წლის №106027-21-04 წერილით).
მომჩივნის განმარტებით, რამდენიმე წელია იმყოფება ისრაელში ემიგრაციაში. აღნიშნული ბიზნესი წამოიწყო ოჯახთან ერთად, რათა ჰქონოდა უკან დაბრუნების საშუალება. მყავს მინდობილი პირი, რომელსაც უკავშირდება სადავო საკითხების დროს. ამას მოწმობს არაერთი გასაჩივრებული მოთხოვნა თუ შემოწმების აქტი. მაგრამ ასევე მისი ოჯახის წევრები დამოუკიდებლად შედიან RS.GE-ზე და ტვირთავენ სასაქონლო ზედნადებებს. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №------- ბრძანება გახსნა ოჯახის წევრმა შეცდომით, რომელიც არ მონაწილეობს მასსა და მინდობილ პირს შორის არსებულ შეთანხმებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იცავს მომჩივნის ინტერესებს. ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედების გამო დროულად ვერ დაუკავშირდა მინდობილ პირს, რომელიც ასევე ავადმყოფობდა აღნიშნულ პერიოდში და ვერ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და გასაჩივრების ვადა დაარღვია.
ითხოვს გათვალისწინდეს მისი მდგომარეობა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შეექმნა დაუძლეველი წინააღმდეგობა და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 მუხლზე დაყრდნობით საჩივარი მიღებული იქნას წარმოებაში, რომლითაც ითხოვს დღგ-ის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
მომჩივანს წარმოდგენილი აქვს შპს ------- ოჯახის ექიმის მიერ წარმომადგენელზე - -------, 11.11.2024 წელს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №------- (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა), რომლის მიხედვით, ამბულატორიაში მიმართვის თარიღია 11.11.2024 წელი, შესაბამის გრაფაში - პაციენტი 24.10.2024 წელს იყო ვიზიტზე ოჯახის ექიმთან.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ მისთვის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებლე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან.
მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტს (შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №------- ბრძანება) ელექტრონულ გვერდზე გაეცნო შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის არ მქონე პირი, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, ასევე, 11.11.2024 წელს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა №34328/19 ვერ ჩაითვლება იმ მტკიცებულებად, რომ საჩივრის ვადის დაცვით წარდგენა მათ შორის ელექტრონული ფორმით იყო შეუძლებელი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება და მიღებული შემოსავლებით დღგის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრა;
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, ასევე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შედეგად გამოიცა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინება.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)