გადაწყვეტილება №19194/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19194/2/2023
6.04.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" - ის 23.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19194/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.06.2021 წლის №CB1180473 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4958 ბრძანება
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ შედგენილია 24.06.2021 წლის №CB1180473 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
სადავო სამართალდარღვევის ოქმი 15.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.03.2023 წლის №4958 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 15.02.2023 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
დადგენილია, რომ სადავო აქტებს მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (24.06.2021 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია, ამასთან მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (დოკუმენტი გაეგზავნა 2-ჯერ მისამართზე - "-------" , სოფელი "-------" ). შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განხორციელდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გავრცელება 5.10.2022 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 25.10.2022 წელს, ამასთან, მომჩივანი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 13.02.2023 წელს.
მომჩივანმა აღნიშნულ აქტებზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 15.02.2023 წელს.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.06.2021 წლის №CB1180473 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4958 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა :
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4958 ბრძანება;
3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.