ბრძანება N 44502-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 44502
18/12/2019
შპს ---------------------
(მის: ------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- N46798/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N006-835 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 1 ნოემბრის (ოქმი N78) და 13 დეკემბრის (ოქმი N90) სხდომებზე.
წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადამხდელი ითხოვს N006-835 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განაცემთა ოდენობის გაზრდას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 თებერვლის N3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება N33208 და N006-835 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 318 690,25 ლარი, მათ შორის, გადასახადი 762 029 ლარი, ჯარიმა 398 644 ლარი, საურავი 158 017,25 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები განსხვავდება (ნაკლებია) შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
შემოწმებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით განაზღვრული იქნა გადასახადის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით: „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.“
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
გადამხდელს არც საკითხის წინასწარი განხილვისას და არც დავის ეტაპზე რაიმე დამატებითი არგუმენტი, დოკუმენტი ან/და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები ნაკლებია შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. შესაბამისად, განსაზღვრული იქნა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები და გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
საკითხის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია დაუსაბუთებელია, არ არსებობს დარიცხული თანხის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- 2019 წლის 22 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განაცემთა ოდენობის გაზრდას და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები განსხვავდება (ნაკლებია) შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
შემოწმებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით განაზღვრული იქნა გადასახადის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია დაუსაბუთებელია, არ არსებობს დარიცხული თანხის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1,,ა“); 275