გადაწყვეტილება №26323/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26323/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26323/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 15.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26323/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის (მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრების გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25359 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 626 367.18 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 376 105.7

დღგ - 113 301.7

საშემოსავლო გადასახადი - 262 804

ჯარიმა - 237 023.9

საურავი - 13 237.58

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და ჩანთებით ვაჭრობა, რომელიც იმპორტით შემოაქვს ----დან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 9.07.2024 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.08.2025 წლის №18611 ბრძანება და 19.08.2025 წლის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25359 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25359 ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 19.11.2025 წელს, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 19.11.2025 წელს.

შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25359 ბრძანებაზე საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარედგინა 15.12.2025 წელს ფოსტის (შპს „-----ი“ ს/ნ -----) მეშვეობით. საჩივარს ახლავს საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 9.12.2025 წელს შპს „------ს“ (ს/ნ ------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის წარსადგენად გადაეცა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ---ი, --- რაიონი, სოფ. ---, --- ქუჩა ---) №12/09/25 – - წერილი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარედგინა 15.12.2025 წელს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო დაწესებულებების მიერ ადრესატისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ვადა სცდებოდა გონივრულ ვადას (წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა მიღებიდან 6 დღის შემდგომ), საბჭოს აპარატმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, შპს „-----გან“ (ს/ნ ----), 2025 წლის 18 დეკემბრის №--/-- წერილით, მოითხოვა 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში შპს „---“-ის (ს/ნ ----) მხრიდან შპს „-----ის“ (ს/ნ ----) მომსახურებით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ კორესპონდენციის ფოსტისთვის ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

აღნიშნული წერილი, 18.12.2025 წელს გაიგზავნა (გზავნილის ნომერი:----- ამავე საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზევე მითითებულ მისამართზე: ქ. ---ი, --- ქ. №-, ოთახი №-. კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, 22.12.2025 წელს და 23.12.2025 წელს ადრესატთან განხორციელებული წარუმატებელი ვიზიტების შემდეგ აღნიშნული კორესპონდენცია დაბრუნდა გამგზავნთან მიზეზებით: პირველ შემთხვევაში - „დავტოვე შეტყობინება სადარბაზოს ჟანგიანი კარი“, ხოლო მე-2 შემთხვევაში „გზავნილი ბრუნდება მოუკითხაობისა და შენახვის ვადის გასვლის გამო“.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შპს „----“-ის (ს/ნ ----) მიერ შპს „----ის“ საჩივრის 9.12.2025 წელს ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 9.12.2025 წელი (რაც ფიქსირდება საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზე), არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 15.12.2025 წელი.

ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25359 ბრძანებას მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 19.11.2025 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 15.12.2025 წელს, დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 9.12.2025 წელს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის (მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრების გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 9.07.2024 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №18611 ბრძანება და №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №25359 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“);