გადაწყვეტილება №27609/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 27609/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27609/2/2026

07 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „-------“ (პ/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“-ის 16.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27609/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №011-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 392.23 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 36 629

საურავი - 5 763.23

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 19 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წელს - 100 000 ლარს. აღნიშნულ პერიოდებში მომჩივანს საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, რომლის ღირებულება განისაზღვრა მის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაშია დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასებთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №6202 ბრძანება და №011-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12879 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივრის დანართად წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ავტომობილების დაბეგვრის ნაწილში ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 2024 წლის 18 და 24 ივნისს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით და ითხოვა საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტი უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და შემოსავლების სამსახურს დაევალა საჩივრის ხელახლა განხილვა. შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები სულ შემცირდა 30 056 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნის ყოველმხრივ შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 დეკემბრის №26005/2/2025 (13.01.2026წ. 03/1551) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირებულა.

აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარდგენილი ექსპერტიზის ახალი შეფასების დასკვნები - ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც არ იძლევა საფუძველს მოხდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის კორექტირება.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის ბრძანება და ამავე თარიღის №011-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მითითებით საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო დარიცხვის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მან როგორც პენსიონერმა, არ იცოდა, რომ თუ მიეს მიერ გაქირავებული ქონების იჯარის საფასურში წლიურად მიღებული თანხა გადააჭარბებდა 40 ათას ლარს, მომავალ წელს უნდა განეხორციელებინა ქონების გადასახადის დეკლარირება. გარდა ამისა, ქონების გადასახადი დაერიცხა იმ 6 ერთეულ ავტომანქანაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იძულებით წესით შეაძენინეს და უსასყიდლოდ გადააცემინეს სახელმწიფოსთვის.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12879 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მხოლოდ სახელმწიფოზე იძულებითი წესით უსასყიდლოდ გადაცემული ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხის შესწავლა და გადაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12789 ბრძანების მიღების შემდეგ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო თავიდან მიმართა შემოსავლების სამსახურს 2024 წლის 18 და 24 ივნისს და მოითხოვა ერთი კონკრეტული უძრავი ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის შემცირება და გადაანგარიშება, ასევე ჯარიმა-საურავების პატიება, მაგრამ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შედგენილია აუდიტის დეპარატმენტის 2024 წლის 17 ივლისის დასკვნა და გამოცემული იქნა ამავე დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №011-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შემცირდა ავტომანქანების ნაწილში გადასახადი 600 ლარი, ხოლო ჯარიმის ნაწილში 300 ლარი, ხოლო საურავის თანხა კი 4 302,27 ლარიდან გაიზარდა 6 909,39 ლარამდე და ჯამურად საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულმა თანხამ ჯარიმასაურავების ჩათვლით 73 595,39 ლარი შეადგინა. არ დაეთანხმა 2024 წლის 19 ივლისის №011-19 საგადასახადო მოთხოვნას, ასევე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანებას და შესაბამისი საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2025 წლის 16 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხისგან, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების, მ/შორის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესწავლა და მოეხდინა დარიცხული ძირითადი გადასახადის კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2025 წლის 8 მაისის დასკვნა და გამოცემული იქნა ამავე დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №11-2 საგადასახადო მოთხოვნა (გახსნილია ელექტრონულად 2025 წლის 16 მაისს), რომლის საფუძველზეც მე მოეხსნა ჯარიმის თანხა და საურავი, გადასახადი კი შემცირებული იქნა მხოლოდ 7 828 ლარით და გადასახადის სახით განმესაზღვრა 36 629 ლარი, რასაც ასევე საურავის სახით დაერიცხა 255,53 ლარი. კვლავ არ დაეთანხმე გადასახადში დარიცხულ თანხას, რის გამოც შესაბამისი საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების საფუძველზე საჩივარი ისევ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების, მ/შორის ქონების შეფასების ახალი დასკვნების შესწავლა და დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 6 თვის დაგვიანებით გამოცემული იქნა 2026 წლის 12 მარტის დასკვნა და წარდგენილია 2026 წლის 19 მარტის №11-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხები არ იქნა გადაანგარიშებული, ხოლო ჯარიმა-საურავის მოხსნის მიუხედავად კვლავ დამატებით დარიცხული იქნა საურავი 5 763,23 ლარის ოდენობით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და რის გამოც კვლავ მიმართა შესაბამისი საჩივრით შემოსავლების სამსახურს, რომლის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც წარმოადგენს საჩივარს.

მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების შედგენისას არასწორად იქნა მოყვანილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.

მართალია გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დარიცხული თანხის გადაანგარიშება, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშებისას წინა დასკვნის ანალოგიურად მოახდინა მხოლოდ ერთი ქონების ფართის კვადრატულობის კორექტირება, ამასთან კვლავ იხელმძღვანელა ქონების წინა შეფასების დასკვნით და არა ახლად წარდგენილი ალტერნატიული შეფასების დასკვნებიდან, უპირატესად ჩათვალა გაბერილი ფასებით განსაზღვრული ქონების შეფასების დასკვნები, რის გამოც ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა კვლავ გაანგარიშებული იქნა გაბერილი და არარეალური ფასებით შედგენილი შეფასების დასკვნით და უგულვებელყოფილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავის მსვლელობისას მტკიცებულებების სახით წარადგინა 2 სხვადასხვა შემფასებლის მიერ შედგენილი ალტერნატიული შეფასების დასკვნები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა შეფასების დასკვნაში მითითებული მონაცემებისაგან, ვინაიდან ეს დასკვნები ემყარება რეალურ ფასებს და არა გაბერილ ფასებს. შემოსავლების სამსახურმა თავისი 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების მე-2 პუნქტით და 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ალტერნატიული შეფასების დასკვნებს, ასევე მ/შორის საჯარო რეესტრის ამონაწერს, ასევე შეფასებული ქონების სურათებს, შეფასებული ქონების ადგილმდებარეობას (მათ შორის იმ ფაქტს, რომ საცხოვრებელი სახლი მოქცეულია მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს შორის, რაც მის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს). სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მტკიცებულებები, კონკრეტულად ალტერნატიული შეფასების დასკვნები თავისი ფოტოსურათებიანად სრულად უგულვებელყოფილი იქნა, თუმცა მისი უგულვებელყოფის საფუძველი დასკვნაში მითითებული არაა, ასევე მითითებული არაა, თუ რატომ და რა კრიტერიუმით ჩათვალა უპირატესად შემმოწმებელმა წინა შეფასების დასკვნა.

აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, ქონების შეფასებასთან შედგენილ და მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სამშენებლო ნებართვის საფუძველზე მართალია მშენებლობის ნებართვა ქ. „--------“-ში, „--------“-ზე №80-ში 450 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გაცემულია 670,2 კვ.მ. ფართზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც მშენებარედ რეგისტრირებულია იგივე 670,2 კვ.მ ფართი, მაგრამ რეალურად მთლიანად აშენებული და ასევე მთლიანად გაქირავებული ფართის რეალური ოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე არაა მიღებული ექსპლუატაციაში რეალურად აზომვითი ნახაზის მიხედვით არის, არა 670,2 კვ.მ ფართის, არამედ 485,48 კვ.მ ფართის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ნათლად ჩანს ლიცენზირებული ამზომველის მიერ გაკეთებულ აზომვით ნახაზში, ხოლო შესაბამისად, ქონების შეფასების დასკვნა გაკეთებულია და ქონების გადასახადი დარიცხულია შეფასებულ 670,2 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულებიდან, ხოლო ქონების შეფასება უნდა განხორციელებულიყო არა 670,2 კვ.მ ფართზე, არამედ 485,48 კვ.მ ფართზე, შესაბამისად, ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ფაქტიურად აშენებული და გაქირავებული 485,48 კვ.მ ფართის ღირებულებიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წინა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონება არის კომერციული ფართი, სინამდვილეში კი ეს არის 2 სართულიანი კერძო საცხოვრებელი სახლი და არა კომერციული ფართი და რომ ეს ფართი ადრე გაქირავებული იყო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის კომერციული ფართი, მითუმეტეს რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში პირდაპირ არის მითითებული რომ ეს არის საცხოვრებელი ფართი. ასევე ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას შემფასებელს და დასკვნის შემდგენ აუდიტორსაც არარეალური გაბერილი ფასებიდან აქვს დაბეგრილი მთელი ქონება. კერძოდ, მარტო ამ კონკრეტული სახლის მაგალითზე ერთი და იგივე ფასით და კოეფიციენტით არის შეფასებული საცხოვრებელი ფართის კვადრატულობაც და აივნების კვადრატულობაც, ასევე დამხმარე ფართის კვადრატულობაც, ასევე საზაფხულო ფართის კვადრატულობაც, რაც რეალობაში წარმოადგენს სახლის ეზოს, მაშინ როდესაც მათი შეფასების კრიტერიუმები და გაფასებები უნდა ყოფილიყო სხვადასხვა, როგორც ეს ალტერნატიულ დასკვნებშია ასახული გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახლის შეფასებისას არაა გათვალისწინებული ამ საცხოვრებელი სახლის ფაქტიური ადგილმდებარეობა. ეს სახლი მდებარეობს მის უშუალო სიახლოვეს აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებს შორის, რაც მის ფასს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისად, აღნიშნული კრიტერიუმის გაუთვალისწინებლობის გამო წინა შემფასებლის მიერ ქ. „--------“-ში,„--------“-ის №80-ში არსებული საცხოვრებელი სახლის 450 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეფასებული იქნა 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 546 021 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 606 690 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი 674 100 ლარად და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა №1-ის ღირებულება კი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 2 608 452 ლარის ოდენობით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 2 898 280 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა (საკადასტრო კოდი „--------“) – 3 220 311 ლარის ოდენობით ანუ ამ სახლის ღირებულება თავისი მიწიანად ყოფილა 2021 წლის ბოლოს 546021+2608452=3 154 473 ლარი, რაც შეადგენს 1 388,1 ათას აშშ დოლარზე მეტს, 2022 წლის ბოლოს ფასებით მისი ფასი ყოფილა 606690+2898280=3 504 970 ლარი, რაც აშშ დოლარში შეადგენს 1 297,2 ათას აშშ დოლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მისი ფასი ყოფილა 674100+3220311=3 894 411 ლარი, რაც აშშ დოლარში გამოდის 1 448,1 ათას აშშ დოლარი, რაც არის აბსურდული ციფრები, იმიტომ რომ ვერასოდეს და ვერანაირად ვერ გაიყიდება ეს სახლი ამ ფასად. რეალურად ყველაზე უკეთეს ვარიანტში, თავის მიწის ნაკვეთიანად აღნიშნული სახლი შეიძლება გაიყიდოს მაქსიმუმ 550,0-600,0 ათას აშშ დოლარად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება ბანკის იპოთეკითაც, სადაც სესხის აღებისას სახლი შეფასებულია 500,0 ათას აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული ქონების დასაბეგრი ბაზა უნდა განსაზღვრულიყო ამ ქონების ახალი შეფასების დასკვნებიდან (ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი მტკიცებულებები) და არა ამ ქონების წინა შეფასებით დადგენილი არარეალურად გაბერილი ფასიდან, რომელშიც მარტო 1 საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირებულება თავის წილ მიწასთან ერთად პრაქტიკულად გაზრდილია თითქმის 2,5- ჯერ მეტად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინა შემფასებელმა სახლის თითოეული კვ.მ შეაფასა საცხოვრებელ კორპუსების ბინებზე საცხოვრებელ ფართებზე არსებული ფასებით ანუ ისე, რომ საცხოვრებელი ფართიც და მოპირკეთებული საზაფხულო ფართიც ანუ ეზო და სახლის დამხმარე სათავსოც შეფასებული იქნა ერთი და იგივე 1 კვ.მ გარემონტებული საცხოვრებელ ფართზე არსებული ფასით. ყოვლად შეუძლებელია, რომ სახლის ეზო ე.წ. საზაფხულო ფართი შეფასდეს იგივე ფასით, რითაც ფასდება საცხოვრებელი ფართი, ასევე დამხმარე ფართის და საცხოვრებელი ფართების ფასებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა წინა შეფასების დასკვნაში ასეთი გამიჯვნა საერთოდ გაკეთებული არაა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინა შემფასებელს სახლის თითოეული კვადრატული მეტრი შეფასებული აქვს 2 200 აშშ დოლარის კოეფიციენტის გამოყენებით. ასეთი ფასები მართლაც ფიქსირდება „--------“-ის რაიონში აშენებულ და გარემონტებულ საცხოვრებელ ფართზე და არა ეზოებზე ან მანსარდაზე, ასევე ამ საცხოვრებელ ბინებს არ აქვთ ამ ოდენობის საზაფხულო ფართი, ხოლო კიბის უჯრედები და სადარბაზოები საერთო საკუთრებაა და არ შედის საცხოვრებელი ბინის ფართში, ხოლო კერძო სახლში კიბის უჯრედის, დამხმარე ფართის და მოპირკეთებული საზაფხულო ფართიც შედის სახლის საერთო ფართში.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიური გარემოება, რომ როცა საცხოვრებელი კორპუსის მშენებელი მშენებლობისთვის ყიდულობს მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასით, ხოლო შემდეგ ამ მიწის ფართზე აშენებს შესაბამისი ხარჯების გაწევით საცხოვრებელ კორპუსს, არემონტებს მას და გარემონტებულ მდგომარეობაში ყიდის საცხოვრებელ ბინის 1 კვ. მეტრს 2 200 აშშ დოლარის ღირებულებით, ეს სარეალიზაციო ფასი მოიცავს, როგორც მის მიერ შეძენილი მიწის ფასს, ასევე მშენებლობის საერთო დანახარჯებს, მ/შორის ამ კორპუსის კიბის უჯრედების და სადარბაზოების მშენებლობაზე გაწეულს დანახარჯებს, რის შედეგადაც მას უკვე ამ ყველა ხარჯის გაწევით გამოჰყავს 1 კვ.მ ფართის თვითღირებულება და შემდეგ უკვე ამის საფუძველზე ადგენს გასაყიდ ფასს, კონკრეტულად 1 კვ. მეტრზე 2 200 აშშ დოლარს, ხოლო ამ შემთხვევაში წინა შემფასებელმა ქონების შეფასებისას მიწის ღირებულება შეაფასა საბაზრო ფასით, ხოლო ამავე ბინის კვადრატულობის ღირებულება შეაფასა და განსაზღვრა ისე, რომ 2 200 აშშ დოლარის ფასს საერთოდ არ გამოაკლო მიწის ღირებულების კომპონენტი, რის გამოც სახლის საერთო კვადრატულობა ეზოიანად და დამხმარე ფართიანად თუ არის 485,48 კვ.მ და მასში კიბის უჯრედების კვადრატულობაც შედის, გამოვიდა, რომ 2021 წლის ბოლოს მდგომარეობით სახლის ფასი ყოფილა 1 388,1 ათას აშშ დოლარზე მეტი ანუ 1 კვ. მეტრი, მ/შორის 1 კვ.მ საზაფხულო ფართიც და 1 კვ.მ კიბის უჯრედიც საბაზრო ფასი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოდის 2 860 აშშ დოლარი და არა 2 200 აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის ბოლოს კი 1 კვ. მ ფასი გამოდის 3 065 აშშ დოლარი და არა 2 200 აშშ დოლარი, რაც სრული აბსურდია და ასეთ პირობებში, აქტის და დასკვნის შემდგენი ამბობს, რომ უპირატესი ყოფილა წინა დასკვნა, სადაც სახლი ისეა შეფასებული, რომ მიწის კომპონენტის ღირებულება არ აქვს დაკლებული სახლის ღირებულებას და ესეთი მიდგომა თურმე მისი მხრიდან სამართლიანი ყოფილა.

აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს ალტერნატიული შეფასების დასკვნას, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლოს სახლის ღირებულება განსაზღვრულია 1 665 735 ლარის ოდენობით (537 750 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1 453 001 ლარის ოდენობით (537 750 აშშ დოლარის ექვივალენტი), რაც ოდნავ აღემატება საქართველოს ბანკის მიერ იპოთეკაში ჩადებული ქონების განსაზღვრულ ღირებულებას (500,0 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი). შესაბამისად, მიწის ღირებულების გარეშე ამ შეფასების დასკვნის მიხედვით ქონების დასაბეგრი ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 958 899 ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 836 437 ლარს, რის გამოც კონკრეტულად ამ ქონებაზე 2022 წლის შედეგებით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 3 299 ლარს, ხოლო 2023 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 16 495 ლარს.

ანალოგიურად, ამავე შეფასების დასკვნით გაბერილი ფასებით არის შეფასებული სოფელ „--------“-ში არსებული სახლიც, რომლის ღირებულებაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავის მიწის ნაკვეთთან ერთად განსაზღვრეს 481 976 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავის მიწის ნაკვეთთან ერთად განსაზღვრეს 595 032 ლარის ოდენობით ანუ 222,0 ათას აშშ დოლარად და ეს იმ პირობებში, როცა ეს სახლი აშენებულია მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, ექსპლუატაციაში შესულია 1982 წელს, ის ექსპლუატაციაში იმყოფება 44 წელია და ის არანაირად არ ღირს ასეთი ფასი და ამ სოფელში შეუძლებელია 222,0 ათას აშშ დოლარად ამ საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია, ხოლო მისი რეალური ღირებულებაც აუდიტის ახალი დასკვნით სრულიად განსხვავებულია. კერძოდ, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ამ ქონების ღირებულება მიწის ნაკვეთთან ერთად შეადგენს 409 577 ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ამ ქონების ღირებულება მიწის ნაკვეთთან ერთად შეადგენს 357 269 ლარს. შესაბამისად, მიწის ღირებულების გარეშე სახლი შეფასდა 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 166 390 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 145 140 ლარის ოდენობით (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით). აღნიშნულის გათვალისწინებით ამ ნაწილში 2022 წელს ქონების გადასახადი ზედმეტად მაქვს დარიცხული 314 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს 1 715 ლარის ოდენობით.

ასევე არარეალური და გაბერილი ფასებით არის შეფასებული ქ. „--------“-ში „--------“ №51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც, რომელიც წინა შეფასების დასკვნით 2022 წელს შეფასებულია 952 557 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი შეფასების დასკვნით მისი ღირებულება განსაზღვრულია 854,0

ათასი ლარის ოდენობით, რის გამოც 2023 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 788 ლარი. ანალოგიური ცდომილებებია სხვა უძრავ ქონებებთან მიმართებაშიც. კონკრეტულად, ამ მისამართზე მდებარე 2 ავტოფარეხი, რომელთაგან ერთი შეძენილია 2017 წლის ბოლოს 5 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტად, ხოლო მეორე 2018 წლის ბოლოს 6 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით, რაც ჩანს საჯარო რეესტრის მონაცემებშიც, ხოლო ამ ავტოფარეხებიდან პირველი შემფასებლის მიერ შეფასებულია 16 ათასი დოლარის ექვივალენტის ოდენობით, ხოლო მეორე კი 18 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (ანუ გამოდის რომ 3 წელში ავტოფარეხი 3-ჯერ გაძვირებულა, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია). თუ მოინდომებს ამ ავტოფარეხების რეალიზაციას შეუძლებელია პირველი გაიყიდოს 6 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, ხოლო მეორე 7 ათას აშშ დოლარის ოდენობით, მითუმეტეს როცა თავად ამ ავტოფარეხში არის დიდი ხე, რომლის მოჭრაც აკრძალულია და რომელიც ნათლად ჩანს ალტერნატიული შეფასების დასკვნის სურათებშიც. ეს ფაქტიც ნათელი ილუსტრაციაა იმის, თუ რაოდენ არარეალური და გაბერილი ფასებით იქნა შეფასებული მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნული ორივე ავტოფარეხი სხვა შემფასებლის მიერ შეფასებულია 2021 წლის მდგომარეობით 39 000 ლარად, ხოლო წინა შეფასებით კი 73 193 ლარად, ხოლო 2021 წლის მდგომარეობით შეფასებულია 35 000 ლარად, ხოლო წინა შეფასებით კი 91 326 ლარად (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით). ამის გამო, 2022 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 68 ლარი, ხოლო 2023 წლის შედეგებით - 451 ლარით მეტი.

ასევე არარეალური და გაბერილი ფასებით არის შეფასებული ქ. „--------“-ში. „--------“ №-- -ში მდებარე სარდაფიც რომელიც წინა შეფასების დასკვნით 2021 წელს შეფასებულია 222 965 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წელს შეფასებულია 247 739 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი შეფასების დასკვნით მისი ღირებულება განსაზღვრულია 2021 წელს 124 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წელს 108 000 ლარის ოდენობით (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით), რის გამოც 2022 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 198 ლარი, ხოლო 2023 წელს - 1 118 ლარი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო, ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და ქონების გადასახადის გადათვლას ახალი შეფასების დასკვნებიდან, სადაც შეფასება გაკეთებულია ზუსტი კვადრატულობიდან და რეალური ფასების გათვალისწინებით და სადაც საცხოვრებელი სახლის შეფასებისას მისგან გაკლებულია მიწის ღირებულებები.

ყველა ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ახალი შეფასების დასკვნებზე დაყრდნობით, 2022 წლის შედეგებით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 3879-1438=2 441 ლარს, ხოლო 2023 წლის შედეგებით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 20567-6390=14 177 ლარს, ჯამში 16 618 ლარს.

თუ შემმოწმებელი და შემოსავლების სამსახურის ისევ ფიქრობს და ადასტურებს, რომ ყველა ეს ქონება ასეთი ღირებულებისაა, მაშინ მისი თხოვნაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა და მათ პირადად მოახდინონ ამ წინა დასკვნით დადგენილი ფასების მიხედვით ყველა ამ ქონების სრული რეალიზაცია, თუნდაც იმ ავტოფარეხის 19 000 აშშ დოლარად რეალიზაცია, სადაც დგას დიდი ხე, ასევე 1,44 მლნ აშშ დოლარად საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია, რის პირობებშიც მზად არის რომ სრულად გადაიხადოს დარიცხული გადასახადი და ასევე მზად არის საკომისიოს სახით დაუტოვოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ფასის 15%-20%.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ზემოაღნიშნული ახალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განხორციელდეს 2022-2023 წლების ქონების გადასახადის გადათვლა, ასევე დაკისრებული საურავის გაუქმება-მოხსნა, ასევე ითხოვს არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს საჩივრის განხილვა მისი დასწრების და არგუმენტაციის მოსმენის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი ამდენად მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და დამატებით შემცირდეს ქონების გადასახადი 16 618 ლარის ოდენობით, ასევე მოხსნილი იქნეს საურავი 5 763,23 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ:

„შემოწმების აქტით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს „--------“ 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით, რომლითაც განხორციელდა ექვსი დასაბეგრი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. გადაანგარიშების პროცესში წარდგენილია შპს „------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნა, ასევე, საშემფასებლო კომპანია „------ -ს “ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნა. შპს „------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომელთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა, 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონებაზე („--------“, „--------“. №80-ში არსებული შენობა, 485.5 კვ.მ) ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვადასხვა შესწორებებით. ჩატარებული ანალიზით 2024 წლის 17 ივნისის განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას.

საშემფასებლო კოპანია „------- -ს “ 2024 წლის 1 ოქტომბრის შეფასების დასკვნით შეფასება გაკეთდა ოთხ ქონებაზე (რომელ ქონებებზე ქონების საბაზო ფასი უცვლელად დარჩა შპს „------- - ის“ პირველ და მეორე შეფასების დასკვნებში).

შემოწმების შედეგად ჩატარებული ანალიზით, „--------“-ში,„--------“. №51-ში მდებარე კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შეფასების ნაწილში გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები. ამასთან, 2024 წლის 29 თებერვალს პირველი შეფასების დასკვნაში ხარვეზი არაა დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც, წარდგენილი მეორე და მესამე შეფასების დასკვნები ვერ ჩაითვალა უპირატესად პირველი შეფასების დასკვნასთან შედარებით. შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შპს „-------- - ის“ შემფასებლის მიერ არასწორად/არარეალურად განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება, ვინაიდან, შეფასების თანხის ოდენობიდან გამომდინარე ხდებოდა დამკვეთის მიერ ანაზღაურება. მაგალითისთვის აღსანიშნია, რომ მომჩივანმა 2019 წელს მეზობლისგან შეიძინა ორი ავტოფარეხი (რკინის კონსტრუქცია), 5 500 და 6 000 აშშ დოლარად (აღსანიშნია, რომ ავტოფარეხებში დგას ხე, რომლის მოჭრა აკრძალულია). ზემოთ ხსენებული შემფასებლის მიერ 2021 და 2022 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ავტოფარეხები შეფასებულია 16 ათასი დოლარის ექვივალენტის ოდენობით, ხოლო მეორე კი 18 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (ანუ 3 წელში ავტოფარეხი 3-ჯერ გაძვირებულა, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია). რაც შეეხება წარმოდგენილ ალტერნატიულ შეფასების დასკვნას, საშემფასებლო კომპანია „------ -ს“ მიერ აღნიშნული ავტოფარეხები შეფასებულია, რეალურ ფასად 8 000 აშშ დოლარად. ანალოგიურად არარეალური ფასებია დაფიქსირებული შპს „-------- - ის“ შემფასებლის მიერ დანარჩენ შესაფასებელ ქონებაზე, მაგალითად საცხოვრებელ სახლში, არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი საცხოვრებელი, დამხმარე, საზაფხულო ფართები, კიბის უჯრედი. ამდენად, ითხოვს ქონების შეფასება არ განხორციელდეს შპს „-------- - ის“ საშემფასებლო დასკვნებით, არამედ ექვსივე ქონების მიმართ გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი ალტერნატიული დასკვნები - საშემფასებლო კომპანია „-------“ და შემფასებელი კომპანია შპს „-------“.

მომჩივნის არგუმენტებზე, მოპასუხის განმარტებით, მომჩივნის მიერ წარდგენილია სამი შეფასების დასკვნა. ორი დასკვნა წარმოდგენილია შპს „-------- - ის“ და მესამე საშემფასებლო კომპანია „------ -ს “. პირველი შემფასებლის მიერ პირველ დასკვნაში შეფასებულია 6 ქონება, მეორე დასკვნაში შეფასებულია ისევ 6 ქონება და მხოლოდ ერთ ქონებაზეა (რომლის კვადრატულობაც დაზუსტდა შემდგომში) შემცირებული შეფასების ფასი. რაც შეეხება, საშემფასებლო კომპანია „------ -ს “ დასკვნას, აღნიშული ეხებოდა ორ ავტოფარეხს და „--------“-ში, „--------“-ზე მდებარე საცხოვრებელ (კერძო) სახლს და ბინას, ხოლო სოფ. „--------“-ში მდებარე ქონებაზე შეფასება არ იყო ასახული. წარმოდგენილი დასკვნები წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილ შემფასებელს, რომლის განმარტებით განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას. მაგალითად, ავტოფარეხი შედარებული იყო პარკინგზე მდებარე სივრცეს. შესაბამისად, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ოთხი დასკვნა:

1. შპს „--------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის №286 აუდიტორული დასკვნა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში;

2. საშემფასებლო კომპანია „-------“ 2024 წლის 1 ოქტომბრის შეფასების ორი დასკვნა სხვადასხვა ქონებაზე;

3. შემფასებელი კომპანია შპს „-------“ 2024 წლის 14 ოქტომბრის შეფასების ანგარიში. ასევე, არსებობს თავდაპირველად წარდგენილი შპს „------ - ის“ 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა/გადაანგარიშება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის განსაზღვრული დავალების აღსრულების შედეგები.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და დამატებით შემცირდეს ქონების გადასახადი ,ასევე მოხსნილი იქნეს საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წელს - 100 000 ლარს. აღნიშნულ პერიოდებში მომჩივანს საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, რომლის ღირებულება განისაზღვრა მის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაშია დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასებთან. შედეგად, გადამხდელს სსკ-ის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის №11864 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

201,202.