გადაწყვეტილება №27689/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2026
№ დოკუმენტი 27689/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27689/2/2026

17 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 30.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27689/2/2026).

 

დავის საგანი:

საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე ჩადენილი განმეორებით/დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის №CB1912311 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2026 წლის №14043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 5000 ლარის ღირებულების საქონლის (თაროები), სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის №CB1912311 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.06.2026 წლის №14043 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სათამაშოებით ვაჭრობა. მიმდინარე ეტაპზე კომპანია ---სა და ---ის რეგიონებში ფლობს 20 სავაჭრო ობიექტს, რის გამოც საქმიანობის მასშტაბიდან და ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე მცირე ტექნიკურ და საორგანიზაციო სამუშაოებს. 2026 წლის 15 მაისს კომპანია პირადი მოხმარების მიზნით ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე ახორციელებდა თაროების გადატანას. აღნიშნული თაროები არ წარმოადგენდა რეალიზაციისთვის განკუთვნილ საქონელს და მათი დანიშნულება იყო კომპანიის საქმიანობაში შემდგომი გამოყენება, კერძოდ, სავაჭრო სივრცეში მონტაჟი და ექსპლუატაცია. გადატანის პროცესში კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ადგილზე კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ხდებოდა თაროების ერთი ობიექტიდან მეორეზე გადატანა და აღნიშნული ქონება არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში რეალიზაციისათვის. როგორც ცნობილია, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სათამაშოების ვაჭრობა, ხოლო თაროები წარმოადგენენ მხოლოდ სავაჭრო ობიექტის ინვენტარს, რომლის სხვა ობიექტზე გადატანა აუცილებელი იყო მისი შემდგომი გამოყენებისა და მონტაჟის მიზნით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის დაჯარიმება განხორციელდა არასწორად. კომპანიის მხრიდან არ არსებობდა არც საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდების განზრახვა და არც სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების გზით მიღებული შემოსავლის დამალვის მცდელობა. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება გამოწვეული იყო შეცდომით და არ ყოფილა მიმართული საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდებისთვის. ამასთანავე, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც სისტემატურად და სრულად ასრულებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დადგენილია, რომ მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

მომჩივანი არ უარყოფს საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს, განმარტავს, რომ საქონელი არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისთვის, ის იყო ავეჯი, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში სარეალიზაციო საქონლის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რადგან ტრანსპორტირება ხდებოდა საზოგადოების ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტისკენ და არ არსებობდა ტრანსპორტირებული საქონლის სამეწარმეო მიზნით გამოყენების განზრახვა. ამგვარად, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და არ არსებობს მის მიმართ შედგენილი №CB1912311 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე ჩადენილი განმეორებით/დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 5 000 ლარის საქონლის (თაროები) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ადგილზე გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქონელზე (თაროები) არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ოქმს თან ახლავს ვიდეო ჩანაწერი.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და არ არსებობს მის მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (2).