N 4092-რს - 22/07/2015 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე–88-ე ნაწილები:
„86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად.
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი;
ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი.
შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,22 ივლისი 2015 წ.
N4092-რს