გადაწყვეტილება №26189/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26189/2/2025
08 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---------“-ის 19.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26189/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23783 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 386 388,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 202 131
დღგ - 86 333
საშემოსავლო გადასახადი - 115 798
ჯარიმა - 101 402
საურავი - 82 855,98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო ელ. ტენდერებში მონაწილეობის გზით, „---------“-ის რაიონში.
აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო ტენდერების პორტალი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. განისაზღვრა სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის რაოდენობა კონკრეტული კატეგორიების მიხედვით, ხოლო ფორმა №2-ების და მიღება-ჩაბარებების შესაბამისად, დადგინდა გახარჯული მასალის რაოდენობა. აღსანიშნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ასევე შესრულებული აქვს სამუშაოები ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ასახულია დღგის ყოველთვიურ დეკლარაციებში.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 1.01.2024 წლისთვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ასევე, არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ ჩამოწერს მასალებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ ზოგიერთი დასახელების მასალები შეძენილია დოკუმენტის გარეშე, ხოლო ზოგიერთი საქონელი შეძენილია უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭირო იყო ფორმა №2-ების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად შეძენილი და გახარჯული მასალების შეპირისპირებით გამოვლენილი ნარჩენი მასალები რეალიზებულ იქნა საბაზრო ფასით და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილი ხარჯები. ასევე, ხარჯად აღიარდა უდოკუმენტოდ შეძენილი მასალების თანხის 75%, ხოლო დარჩენილი ნაწილი და გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №060-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17908 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, შემოწმების მიერ საბაზრო ფასით რეალიზებული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი, საქონლის ჯგუფებად ჩაშლა, საქონელზე თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების მითითებით, ასევე, მტკიცებულებები გადახდილი ჯარიმების შესახებ;
- მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17908 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №060-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №24561/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დაბრუნებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება კრედიტორული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით;
- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები/ცხრილები (მ.შ. კალკულაცია/ფასები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსხურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.08.20225 წლის დასკვნის საფუძველზე განახორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23783 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ დღემდე არ არის წარმოდგენილი შპს „---------“-ის ხელმძღვანელობისთვის თუ როგორ იქნა საქონლის მოძრაობა გაანგარიშებული და გამოყვანილი საბოლოო ნაშთი. ასევე, არ არის წარდგენილი საშუალო ფასის განსაზღვრისას რა მონაცემებით იხელმძღვანელა შემოწმებამ. ყველა ის თემატური დარიცხვა რისგან შედგება და როგორ არის დათვლილი უცნობია.
ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე და დამატებით მოძიებული მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი, თავდაპირველი პროექტით შპს "---------"-ს „--------“-ის მუნიციპალიტეტის მერიის „-------“-ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ი/მ ,,------“-ის, „---------“-ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წერილებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხელშეკრულების (,,სოფელ „--------“-ში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია“) მე-18 მუხლისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეთა შორის 7.07.2021 წელს გაფორმებული №77 ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილება წარმოდგენილი კორექტირებული მოცულობების და ელექტრონულ ტენდერში („---------“) დაფიქსირებულ სახარჯთაღრიცხვო ფასების შესაბამისად, რომელიც თან ახლავს შეთანხმებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გახარჯული მოწოდებული თავდაპირველი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მოცულობებით მასალები არ იქნა ხარჯვაში გათვალისწინებული. ნაშთი ჩაითვალა რეალიზაციაში და დაიბეგრა როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით. საცივარს თან ახლავს „---------“-ის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები.
სოფელ „------“-ში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი მოგებული ქონდა შპს "--------"-ს რომლის სამუშაოებსაც ასრულებდა კომპანია ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, ხოლო ი/მ ,,-------“ წარმოადგენს თავდაპირველი და შემდგომ კორექტირებული პროექტის ავტორს. მომჩივანი ითხოვს ყველა საქონელი და სახარჯი მასალა იქნას გათვალიწინებული საქონლის მოძრაობისას ხარჯვაში.
ფულის კალკულაციის ცხრილში შეცდომები აქვთ დაშვებული, როგორც მექანიკური ასევე შინაარსობრივი, კერძოდ: ფულის მთლიან შემოსავალში დამფუძნებლის და დირექტორის თანხები აქვთ ჩათვლილი 37 964 ლარის ოდენობით, რა დროსაც ხარჯში არ ჩაუთვლიათ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები. გამოდის, რომ საქვეანგარიშოდ თანხა რომ გაიტანა დირექტორმა და შემდგომ ნაწილი დააბრუნა შემოსავალში აისახა, რაც თავის მხრივ ცხრილის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი ითხოვს ერთობლივ შემოსავალში შეცდომით ჩართული 37 964 ლარი, რომელიც თავის მხრივ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ამოღებულ იქნას ფულის ცხრილის კალკულაციიდან.
ხარჯად უნდა აღიარებულიყო უდოკუმენტოდ შეძენილი მასალების თანხის 75%, შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, წარმოდგენილ ნაშთების ცხრილში კომენტარია გაკეთებული ,,ვთლვით რომ გამოიყენა“ თუმცა, რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემები არ წერია რის საფუძველზეც არასწორად აქვთ დათვლილი ხარჯის დასათვლელი ბაზა, რასაც მიყენებულია 75%.
საჩივარს ახლავს შემმოწმებლის მიერ წარდგენილი დანართი. არასწორად დათვლილი ხარჯის აღიარების ფაქტიდან გამომდინარე, შემმოწმებელმა ფულის კალკულაციაში ხარჯში ჩართო მხოლოდ 79 729 ლარიც ხარჯი, რაც არ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, იმ დროს როდესაც შემოსავალი განმისაზღვრა 183 6676 ლარით, ხოლო შეძენილი საქონელის ხარჯის დამადასტურებელი საქონელი გამაჩნია 979 361 ლარის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ნაშთების ცხრილი საიდან შედგება რითაც ხელმძღვანელობს შემმოწმებელი უცნობია.
წარდგენილი იქნა გაანგარიშება როდესაც დავებმა დაავალა მომჩივანს, მაგრამ გაანგარიშებები არ გაითვალისწინეს. არ არსებობს არც ჩვენს მეილზე არც დირექტორის პირად მეილზე გამოგზავნილი ცხრილები, საიდანაც მომჩივანი გაშიფრავდა თუ როგორ იხელმძღვანელეს რაოდენობრივი ნაშთის მიღებაზე, რა საქონელი გაითვალისწინეს ხარჯში, რომელი ჩათვალა გახარჯულად, რომელს რამდენი დააკლდა.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს წარადგინონ ზემოთხსენებული მტკიცებულებები, ცხრილები, გაანგარიშებები, რათა შეძლოს გადასახადის გადამხდელმა შემდგომი შეფასება და გასაჩივრებისას არასწორი ან/და შეცდომების გამოვლენა.
მომჩივანი ასევე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება კრედიტორული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით;
- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები/ცხრილები (მ.შ. კალკულაცია/ფასები) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსხურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა 1.08.20225 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარადგინა დოკუმენტაცია/ცხრილები, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავება, შესაბამისად საკითხები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა განმარტებული და დასაბუთებული გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშებაში. კონკრეტულად მომჩივანს შპს „------“ მიმართ უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 45 260 ლარის ოდენობით, შესაბამისად გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ შპს „------“ მიმართ, რაზეც გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა, რომლის მიხედვითაც მომჩივანს შპს „------“ მიმართ უფიქსირდება დავალიანება, შესაბამისად, გადაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა აღნიშნული საკითხი და 42 595 ლარი გამოკლებული იქნა დასაბეგრი თანხიდან. ასევე, გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის პროცესში მის მიერ შესრულებულ ტენდერებში ხდებოდა ბეტონის ადგილზე დამზადება, რადგან ზოგიერთ შესრულებულ ტენდერში რთული ლოკაციიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა ბეტონის გადამზიდი სატვირთოს მიყვანა, აქედან გამომდინარე ბეტონი იწარმოებოდა ადგილზე კონკრეტული ღორღის (მ3) და ცემენტის (კგ) პროპორციებით, რომლის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა ტენდერებისთვის შესყიდული და ადგილზე დამზადებული ბეტონის კალკულაციები, ტენდერების მიხედვით, რომელიც შედარებული იქნა ტენდერების (ფორმა 2) მიხედვით გაწეულ ხარჯებთან და გათვალისწინებული იქნა ადგილზე დამზადებული ბეტონისთვის გახარჯული საჭირო ღორღის (მ3 ) და ცემენტის (კგ) რაოდენობების გამოქვითვა არსებულ ნაშთიდან. გარდა ამისა, გადამხდელმა წარმოადგინა პოლიეთილენის მილის (მეტრი) შეძენის და გახარჯული ოდენობის კალკულაცია, რომელიც გარკვეული ნაწილი 1 მეტრი რეალიზებული იყო 0.8 ლარის ოდენობით. ხოლო ნარჩენ ნაშთზე, რომელიც ნაშთად რჩებოდა საწარმოს, რეალიზებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სატენდერო პროექტში მოხდა გარკვეული სახის ცვლილება. შესაბამისად, ექსკავატორით მოხდა წყლის მილების დემონტაჟი, რამაც გამოიწვია დამატებით ხარჯები. აღნიშნული კი არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ. ამასთან, დაშვებულია შეცდომები მათემატიკურ გაანგარიშებებში.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში ბუღალტერთან გადაგზავნილია გაანგარიშების ცხრილები და გავლილია დარიცხვის საფუძვლებიც. რაც შეეხება მათემატიკურ უზუსტობებს, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. შემოწმების შედეგების ცხრილში გამოყენებულია ყველა წონის ერთეული, რაც გადამხდელის სასაქონლო ზედნადებში ფიქსირდებოდა. შესაბამისად, განსაზღვრულია შეძენებიც, გახარჯვებიც და ნაშთებიც, რომელიც შემდგომ რეალიზებულ იქნა. ამასთან, პოლიეთილენის მილების სარეალიზაციო ღირებულებასთან დაკავშირებით შემცირებულია დარიცხული თანხები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს წარადგინონ მტკიცებულებები, ცხრილები, გაანგარიშებები, რათა შეძლოს გადამხდელმა შემდგომი შეფასება და გასაჩივრებისას არასწორი ან/და შეცდომების გამოვლენა. მომჩივანი ასევე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებიდან.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის განმარტებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 1.01.2024 წლისთვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ ზოგიერთი დასახელების მასალები შეძენილია დოკუმენტის გარეშე, ხოლო ზოგიერთი საქონელი შეძენილია უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭირო იყო ფორმა №2-ების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების შედეგად შეძენილი და გახარჯული მასალების შეპირისპირებით გამოვლენილი ნარჩენი მასალები რეალიზებულ იქნა საბაზრო ფასით და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ხარჯად აღიარდა უდოკუმენტოდ შეძენილი მასალების თანხის 75%, ხოლო დარჩენილი ნაწილი და გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 3.04.2025 წლის №6392 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275.